USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
თბილისი
ჟურნალი "Time" (აშშ): უკრაინის ომის ყველაზე სარწმუნო დასასრული
თარიღი:  795

ამერიკული ჟურნალი „თაიმი“ (Time) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინის ომის ყველაზე სარწმუნო დასასრული“ (ავტორი - ფილიპ შორტი), რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა, სავარაუდო სცენარებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ყველა თანამედროვე ომი ჰიბრიდულ ომს წარმოადგენს. არმიებმა რომ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ, მას მხარს უნდა უჭერდეს სამოქალაქო მოსახლეობა, მას უნდა მოხმარდეს ქვეყნის რესურსების მეტი ნაწილი. რადგან დასავლეთს ერთობლიობაში უკრაინის არმიის დასახმარებლად რუსეთზე მეტი რესურსები აქვს, მეტი შესაძლებლობები, ლოგიკურად, უკრაინამ უნდა გამარჯვოს“, - ნათქვამია სტატიაში.

„თუმცა, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ირკვევა, რომ საქმე მთლად ასე მარტივად არaa: რუსეთ-უკრაინის ომი ტრადიციული ომი არ არის, უზენაესი მხარეები - დასავლეთი და რუსეთი - ერთმანეთს „ხელებშეკრულები“ ებრძვიან და უკიდურეს საშუალებებს არ მიმართავენ, მათ არ სურთ ომი ყველასათვის გამანადგურებელ ომად იქცეს - რუსეთისა და ნატოს ომად, რომელშიც არც გამარჯვეული არ იქნება და არც დამარცხებული. იმას, თუ რამდენად უჩვეულოა უკრაინის ომი, ერთი ფაქტიც მოწმობს: შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვი წინასწარ იყო ოფიციალურად ინფორმირებული ჯო ბაიდენის მიერ კიევში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული რაიმე ინციდენტი. ჩვეულებრივ, მებრძოლი მხარეები ტრადიციულად ასე არ იქცევიან.

რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება მეტია, ვიდრე კონფლიქტი, მაგრამ ცოტაა, ვიდრე ტოტალური ომი, რომელიც რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს. უკრაინა ჭადრაკის სისხლიან დაფად არის გადაქცეული, რომელზეც ფაქტიურად სამი ბირთვული ქვეყანა ერთმანეთს უპირატესობის მისაღწევად ებრძვის: რუსეთს, რომელმაც პირველმა განახორციელა სისხლიანი გამბიტი, სურს აჩვენოს, რომ ამერიკა ჩვეულებრივ ომში სუსტია და საბოლოო ჯამში თავის მოკავშირეს ვერ დაიცავს. ამერიკას სურს თავისი რეპუტაცია და ავტორიტეტი შეინარჩუნოს - „დასავლური საერთაშორისო წესრიგის გარანტის“ სახით. ჩინეთი, რომელიც ახალბედაა „დიდ სამეულში“, ცოტა მოშორებით დგას და შეუმჩნევლად აქეზებს თავის რუს პარტნიორს, თან ფიქრობს, თუ რამდენად შორს სიღრმეში შეუძლია შესვლა მოსკოვს, რომელმაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, „გლობალური გეოპოლიტიკის ძრავა“ - აშშ - ბრძოლაში გამოიწვია და რომლის დომინირება კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან აღიზიანებს.

ასეთი მწვავე სამხედრო დაპირისპირების დროს, ბრძოლის ველის პარალელურად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო ომსაც. საომარი მოქმედებებიდან ერთი წლის თავზე სამივე ბირთვულმა სახელმწიფომ თავისი აქტიურობა გააორმაგა: ჯო ბაიდენმა ვარშავის ტრიბუნებიდან საჯაროდ დააიმედა კიევი, რომ ვაშინტონი კიდევ უფრო გააფართოვებს დახმარებას და რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს დასავლეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და რომ წინ კიდევ უფრო მეტი ბრძოლაა მოსალოდნელი, ომი გაჭიანურდება. ჩინეთმა პოლიტბიუროს წევრი ვან ი, რომელიც საგარე პოლიტიკას კურირებს, მოსკოვში გაგზავნა, რომ ხაზი გაუსვას - პეკინსაც თავისი ნაგაზი ჰყავს ასაშვები ამ ომისათვის.

დღემდე ჯო ბაიდენს კარგად გამოსდიოდა არამარტო დასავლეთის ერთიანობის სენარჩუნება, არამედ ალიანსის განმტკიცებაც. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი საჯარო დაპირებების პარალელურად, რომ „ამერიკა უკრაინას  მუდმივად გვერდში უდგას“, თეთრმა სახლმა კერძო საუბრებში იგი გააფრთხილა, რომ დასავლეთის დახმარება უსაზღვრო არ არის. ვლადიმერ პუტინი, თავის მხრივ, რომელიც ულმობლად გაუსწორდა ოპოზიციას, თავს მყარად გრძნობს - მართალია, რუსების უმეტესობა ომს ენთუზიაზმის გარეშე უყურებს, მხარს მაინც პრეზიდენტს უჭერს. ვარაუდები, რომ მას „სასახლის გადატრიალების“ შედეგად დაამხობენ ან მოწამლავენ, სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობაა.

წინ კიდევ უფრო მძიმე სურათი იხატება. იმდენად, რამდენადაც ვლადიმერ პუტინის იმდები სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო გამარჯვების იმედები ილუზორული გამოდგა, პრეზიდენტი უხალისოდ შეეგუა გამომფიტავი ომის პერსპექტივას, რომელიც სავარაუდოდ, 2024 წელზე უფრო მეტხანს გაგრძელდება და დამატებით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. თავის მხრივ, ვლადიმერ ზელენსკისა და ნატოს სახელმწიფოების ლიდერებსაც მოუწიათ ახალი რეალობისადმი მიჩვევა-შეგუება. ამასთან, თითქმის ყველა აცნობიერებს, რომ ამჟამად არა მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობაა შექმნილი, არამედ უფრო რთული - ჩიხური სიტუაციაა: ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან დასავლური მხარდაჭერა შესუსტდება და რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა უფრო მტკიცედ გააკონტროლოს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, აამოქმედოს ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანი

ომში დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის სამხედრო დახმარების ინტენსიურობას, რომელიც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ომის პერსპექტივისათვის.

თეორიულად, თუ დასავლეთი საკმარისად მიაწვდის კიევს თანამედროვე შეიარაღებას, უკრაინელები შეძლებდნენ რუსების შევიწროვებას აღმოსავლეთ უკრაინაში (დონბასში და არ არის გამორიცხული, ყირიმიდან გაძევებასაც, მაგრამ... პრაქტიკულად ეს განუხორციელებელ ამოცანას წარმოადგენს - ისევე როგორც ის, რომ ვერც რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის მთლიანად გაკონტროლებას.

პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი რუსეთის დამარცხების მომხრენი არიან და აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ვერ შეაჩერებს, კრემლი უკრაინის შემდეგ მათაც მისწვდება. გასაგებია, რომ მათ, რუსული და საბჭოური იმპერიის ბატონობის შემდეგ, უსაფრთხოების და მოწყვლადობის გამძაფრებული სინდრომი აქვთ, მაგრამ მათი მხრიდან ასეთი მწვავე რუსოფობია მცდარია. მათგან განსხვავებით, უკრაინა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს. რატომ? იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას თავს არ დაესხმება და შესაბამისად, ნატოსთან პირდაპირ ომს არ გააჩაღებს. ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერმა აჩვენა, რომ იგი ფრთხილად მოქმედებს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან სამხედრო ინციდენტებს თავს არიდებს.

მართალია, ჯერ არავინ არ არის მზად ამის პირდაპირ, ოფიციალურად სათქმელად, მაგრამ აქ მაინც ვიტყვით: შეიძლება ეჭვი დაგვებადოს იმაში, რომ თეთრ სახლს ნამდვილად სურს უკრაინის წარმატება, რომ კიევის არმიამ მთელი თავისი ტერიტორია გაათავისუფლოს და რუსები ყველა ოკუპირებული რეგიონიდან გააძევოს. ენტონი ბლინკენი ზალიან ფრთხილად ლაპარაკობს: იგი აცხადებს, რომ რუსეთი თავის საზღვრებამდე უნდა დაბრუნდეს, რომელიც 2022 წლის თებერვლამდე ჰქონდა დაკავებული და არა იმ მიჯნებამდე, რომელიც 2014 წელს არსებობდა (ანუ ყირიმის ანექსიამდე). რუსეთი ყირიმს, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა რუსია, თავის ისტორიულ პროვინციად თვლის და თუ აშშ (დასავლეთი) უკრაინას ყირიმის საკითხში წააქეზებს, ასეთი ნაბიჯი ომის სწორედ იმ უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს, რომლის თავიდან აცილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს. მართალია, ბოლო დროს მიწყნარდა ლაპარაკი ბირთვულ ომის შესაძლებაზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინის განცხადებები ფედერალური კრების სხდომაზე გამოსვლისას, რომ რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას სტრატეგიუული შემტევის შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში - ერთადერთ ჯერ კიდევ მოქმედ დოკუმენტში, რომელიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ბირთვულ შეიარაღებას აკონტროლებს - იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ „ბირთვული კარტი“ ჯერ კიდევ მაგიდაზე დევს და მისი გათამაშება შეიძლება.

მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავებით, რომელიც მოკავშირეების მიერ ბერლინის დაკავებით დასრულდა, ვერავინ ვერ წარმოიდგენს იმას, რომ უკრაინის დროშა კრემლის თავზე აფრიალდება. და თუ გამორიცხულია რუსეთის სრულმასშტაბიანი დამარცხება, მაშინ საბოლოო ჯამში ომის დასამთავრებლად რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ამ მხრივ ყველაზე სავარაუდო სცენარად ერთი შეხედვით, უსამართლო  „ნაძირლური“ კომპრომისი გვესახება - ზავი არაოფიციალური გამყოფი ხაზით, რომლის მიხედვით, რუსეთი საკმაოდ დიდ ოკუპირებულ ტერიტორიას შეინარჩუნებს, რომ ვლადიმერ პუტინს პრეტენზია ჰქონდეს თქვას, წარმატებას მივაღწიეო. იმავდროულად ამერიკას შეუძლია თქვას, რომ მისი გადამწყვეტი მხარდაჭერის შედეგად უკრაინამ რუსეთის შეტევას გაუძლო და კრემლს არ დაემორჩილა.

რა თქმა უნდა, ასეთი შედეგი წინასწარ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ყველაზე მეტად სავარაუდოა. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, უკრაინელები, ალბათ, მას ღალატად ჩათვლიან (და არცთუ უსაფუძვლოდ), მაგრამ საბოლოოდ კიევს, ალბათ, სხვა არჩევანი არ ექნება - გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს. დასავლეთი ამ მწარე აბს რაც შეიძლება მეტად დაატკბობს და უკრაინას დიდძალ ფულს მისცემს ეკონომიკის აღდგენისათვის.

ეს, ცხადია, მაინცდამაინც სასიხარულო პერსპექტივა არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ომების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო უარესად მთავრდება. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ომი გამონაკლისი იქნება.

წყარო: https://time.com/6257800/ukraine-war-end/

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის