USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ჟურნალი "The Spectator" (დიდი ბრიტანეთი): „ერთი წლის შემდეგ: რით დასრულდება ომი უკრაინაში?“
Date:  507

 

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთი წლის შემდეგ: რით დასრულდება ომი უკრაინაში?“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები და განხილულია ომის სავარაუდო დასრულების ვარიანტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სხვა მაღალჩინოსნები ოვალურ კაბინეტში შეიკრიბნენ, რათა ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის საგანგებო ბრიფინგი მოესმინათ. როგორც გენერალმა განაცხადა, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა.  ბრიფინგის სტენოგრამით ირკვევა, რომ იმ დროს ჯო ბაიდენისთვის ფუნდამენტური პრობლემა იყო საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება ისე, რომ ამერიკას ბირთვულ ქვეყანასთან - რუსეთთან კონფლიქტი არ დაეწყო და თავი აერიდება მესამე მსოფლიო ომისათვის.

გენერალმა მარკ მილმა აშშ-ის ხელმძღვანელობას ოთხი სავარაუდო მოქმედების ვარიანტი შესთავაზა რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე: პირველი - არ მომხდარიყო აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების კონფლიქტი რუსეთთან; მეორე - საომარი მოქმედებების არეალის  შენარჩუნება უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებს შიგნით; მესამე - ნატოს წევრებს შორის ერთიანობის შენარჩუნება და განმტკიცება და მეოთხე - უკრაინისადმი დახმარების გაფართოება და მისთვის საომარი საშუალებების გადაცემა.

რუსეთ-უკრაინის ომის პირველი წლისთავის მოახლოების კვალობაზე ოთხივე ვარიანტი უკიდურეს სიტუაციამდეა მიყვანილი, „წითელი ხაზებამდე“, თუმცა მოთხოვნები მეტ-ნაკლებად დაცულია: კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის ჯერ-ჯერობით არ ხდება; ომი გეოგრაფიულად ლოკალიზებული რჩება და უკრაინის საზღვრებს შიგნით, მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს; ნატოს წევრებს შორის ერთიანობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა ბზარები აშკარად გამოვლინდა; ფართოვდება უკრაინისადმი გაწეული დახმარება, იარაღის მიწოდების ჩათვლით.

დღეისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხს უკრაინისათვის სწორედ იარაღის მიწოდება წარმოადგენს. მართალია, ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერი, მაგალითად, ხორვატეთის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი იარაღის მიწოდების კატეგორიული წინააღმდეგია და ასეთ მოქმედებას ამორალურად თვლის, მაგრამ აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების წყალობით უკრაინის არმია დღეს ევროპაში ყველზე კარგად არის აღჭურვილი, კიევი საკმაოდ წარმატებით იგერიებს მსოფლიოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი არმიის, ბირთვული სახელმწიფოს ჯარების შეტევებს.

დასავლეთმა იარაღის მიწოდებაში, შეიძლება უკვე ითქვას, რომ „რუბიკონი გადალახა“; ამჟამად უკრაინა თითქმის ყველა სახის იარაღს იღებს. ასე რომ, ახლა დროა გენერალ მარკ მილის ბრიფინგის ყველაზე არსებით ვარიანტს დავუბრუნდეთ: როგორ ავიცილოთ თავიდან უკრაინის ომის გადაზრდა მესამე მსოფლიო ომში. ასევე რეალისტურად უნდა განვიხილოთ ომის დასრულების სხვადასხვა სცენარებიც.

უკრაინის გამარჯვების სცენარი ყველასათვის ნათელია: რუსეთის არმიის გაძევება უკრაინის ტერიტორიიდან, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. ზოგიერთი კიეველი პოლიტიკოსი ასევე თვლის, რომ რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს და ომში მონაწილე ყველა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, პრეზიდენტის ჩათვლით, საერთაშორისო ტრიბუნალით უნდა გასამართლდეს. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ სიტუაციის ამგვარი სცენარი და ასეთი პოზიცია ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველთვის არ ჰქონდა. ომის პირველ ეტაპზე იგი თანახმა იყო, უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და ყირიმ-დონბასის საკითხი მოლაპარაკებით გადაწყვეტილიყო, ვთქვათ, შეთანხმებულიყვნენ პლებისციტის ჩატარებაზე, რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებით. ქვეყნის საზღვარი დროებით რჩებოდა იმ მდგომარეობით, როგორიც 24 თებერვლამდე იყო.

თუ უკან მივიხედავთ და იმდროინდელ სიტუაციას გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ამგვარ შეთანხმებაზე უნდა წასულიყო, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა რუსების ქედმაღლობისა და რეალობისადმი შეურიგებლობის გამო - ისინი ბრაზმა აიტანა, რომ უკრაინელებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. მოგვიანებით, როცა დასავლეთმა ძლიერი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, ვლადიმერ ზელენსკიმ უარი თქვა თავის ადრეულ პრაგმატიზმზე, რომელიც სისუსტით იყო განპირობებული და მაქსიმალისტურ პოზიციაზე გადავიდა, რომელიც მორალურად უფრო სწორი იყო, მაგრამ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - სარისკო.

გიდეონ როუზის თქმით, რომელიც ავტორია წიგნისა „როგორ მთავრდება ომები“, ყოველი ომი, რომელიც დედამიწაზე მომხდარა, სამი ფაზისაგან შედგება: საწყისი შეტევა, ბრძოლა უპირატესობის შენარჩუნება-მიღწევისათვის და ენდშპილი. ამასთან, ენდშპილს აუცილებლად ყოველთვის ორი სახე აქვს: ომი ან ერთი მხარის სასარგებლოდ მთავრდება, როგორც ეს 1918 და 1945 წლებში იყო, ან ომი მთავრდება რაღაც შეთანხმებული ზავით - უკეთეს შემთხვევაში, მოლაპარაკების გზით (მაგალითად, ეგვიპტესა და ისრაელს შორის 1973 წელს) უარეს შემთხვევაში კი - „ჩიხური“ მდგომარეობის დაფიქსირებით, რომელიც მხარეებს „ცივი ომის“ მდგომარეობაში ტოვებს (ვთქვათ, კორეის ომის დასრულებით 1953 წელს ან კვიპროსის სიტუაციით 1974 წელს).

უკრაინის ომი ამჟამად ჯერ კიდევ თავის შუალედურ ფაზაში მყოფება: მიმდინარეობს ბრძოლა უპირატესობის მისაღწევად. არც უკრაინა და არც რუსეთი აღარ არიან მოლაპარაკებით დაინტერესებულნი, ყოველი მხარე იმას ცდილობს, რომ ყველანაირ ფასად სრულ გამარჯვებას მიაღწიოს და დამარცხებულ მოწინააღმდეგეს თავისი „სამშვიდობო“ პირობები უკარნახოს. უკრაინას აქტიურად ეხმარებიან ნატოს წევრი ქვეყნები - დაიწყეს ჯავშანჟილეტებით, ჩაფხუტ-შლემებით და თავდაცვითი იარაღით და ახლა უკვე კიევს ტანკებს, რაკეტებს და სხვა შემტევ სამხედრო ტექნიკას აწვდიან.

მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ საკითხში, გამარჯვება უკრაინას და ნატოს წევრებს სხვადასხვანაირად აქვთ წარმოდგენილი:  ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ანუ ყირიმი და დონბასი კიევს უნდა დაუბრუნდეს. ცნობილი დასავლელი სამხედრო კომენტატორების, მაგალითად, გადამდგარი გენერლის ფრედერიკ ბენ ჰოჯესის აზრით, უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებისათვის ყირიმის დაბრუნებას „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, მაგრამ იმავდროულად ისიც ნათელია, ყირიმისაკენ უკრაინის ჯარების შეტევით ომის ესკალაცია მოხდება და კონფლიქტი სხვა, უფრო საშიშ სახედ გადაიზრდება - გამათავისუფლებელი ომის ნაცვლად ეს იქნება დამპყრობლური ომი. დიახ, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს აშკარად უკანონოდ მოახდინა, ხოლო რეფერენდუმი შორს იყო დემოკრატიისაგან და სამართლიანობისაგან... მაგრამ ისიც ნათელია, რომ ყირიმის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ეროვნებით რუსებს, უკრაინელობა ნამდვილად არ სურთ.

რაც შეეხება დონბასს, იქ სიტუაცია შედარებით უფრო რთულია: ე.წ. „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში“ 2014 წლიდან მასობრივი ეთნიკური წმენდები ჩატარდა და იქაური ომამდელი მოსახლეობის დიდი ნაწილი - დაახლოებით ორი მესამედი - ზოგი უკრაინაში წავიდა, ზოგოც რუსეთში. თუმცა, როგორც ფრანგული გაზეთის „ლე პუენის“ Le Point) კორეპონდენტმა ანა ნივამ მითხრა - იგი გასული წლის ბოლოს პირადად იმყოფებოდა დონბასში - „იქ ვერავის ვერ შევხვდი ისეთს, რომელსაც უკრაინასთან შეერთება სურს“. ეს გასაგებიცაა, რადგან მეც მომსწრე ვარ - 2014 წლიდან ადამიანები, რომლებიც უკრაინისადმი სიმპათიებს ამჟღავნებდნენ, შეურაცხყოფასა და დამცირებას განიცდიდნენ, იძულებულნი გახდნენ უკრაინის სხვა ოლქებში წასულიყვნენ. ვინც დარჩა,  ისინი ანტიუკრაინულად არიან განწყობილნი.

ასეთი სიტუაცია ბადებს ერთ საკმაოდ უხერხულ კითხვას: სასურველია თუ არა დასავლეთისათვის აიძულონ ის ადამიანები შეუერთდნენ იმ ერს, რომლის ნაწილად ყოფნა მათ არ უნდათ? უკრაინაში ეს თემა ჯერ კიდევ ომამდე იყო ტაბუდადებული. გავიხსენოთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის პირველი საგარეო საქმეტა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო (იგი ახლა უკრაინის ელჩია ჩვენთან, ლონდონში) სწორედ იმიტომ ჩამოაქვეითეს, რომ მან ვარაუდი გამოთქვა - ალბათ, უმჯობესი იქნება, დონბასის მომავალი დონბასის ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაწყვიტოსო.

რუსეთ-უკრაინის ომის ტრაგედია იმაშია, რომ არ არსებობს მისი სამართლიანი  ან უსაფრთხო გადაწყვეტის სცენარი. ერთი მხრივ, თუ დონბასი და ყირიმი ისევ ვლადიმერ პუტინს დარჩება, ეს ნიშნავს, რომ განხორციელებული აგრესიით მან ჯილდო მიიღო. უკრაინისთვის (და მისი მზობლებისთვისაც) კი რუსეთს ისევ აგრესორისა და მტრის სახე ექნება. მეორე მხრივ, თუ უკრაინას 1991 წლის საზღვრები აღუდგება, მაშინ ყირიმისა და დონბასის მოსახლეობა ამას იძულებად ჩათვლის და არ დაემორჩილებიან. უფრო მეტიც - ვლადიმერ პუტინის რეჟიმისათვის, ისტორიული გამოცდილებით, ყირიმის და დონბასის დაკარგვა ფატალურ შედეგს გამოიწვევს. რა მოჰყვა რუსეთის დამარცხებასს იაპონიასთან ომში? რევოლუცია. რა მოჰყვა პირველ მსოფლიო ომში რუსეთის დამარცხებას? რევოლუცია და სამოქალაქო ომი. რას შეუწყო ხელი ავღანეთში განცდილმა მოსკოვის მარცხმა? საბჭოთა კავშირის დაშლას. რა თქმა უნდა, ბევრი უკრაინელი და მისი დასავლელი მომხრე მიესალმებოდა, გასაგები მიზეზების გამო, სწორედ რუსეთის დამარცხებას და ყირიმ-დონბასის დაბრუნებას, მაგრამ... კუთხეში მიმწყვდეული, დასუსტებული, მაგრამ გამწარებული და ბირთვული რაკეტების მქონე რუსეთი, ალბათ, იმ არმაგედონს გამოიწვევს, რომლის თავის არიდებასაც ამერიკა ცდილობს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კომპრომისული გადაწყვეტილება, ალბათ, იმით შეიძლებოდა გამოხატულიყო, რომ ვაშინგტონმა უნდა მოითხოვოს რუსეთის არმიის რაოდენობის შემცირება, რათა თავიდან იქნას აცილებული უშუალო კონფრონტაცია კრემლსა და ნატოს შორის, იმავდროულად აუცილებელი იქნებოდა ალიანსის ბორტზე მყოფი წევრების სკეპტიციზმის აღმოფხვრა და ერთიანობის შენარჩუნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნგრეთი, ხორვტეთი და ავსტრია ძველებურად გამოდიან უკრაინისთვის მძიმე სამედრო ტექნიკის მიწოდების წინააღმდეგ. იტალიელ მემარჯვენეებში ამ საკითხის მიმართ ღრმა განხეთქილება არსებობს. გერმანიაში და ჩეხეთში ფართო ანტისაომარი დემონსტრაციები ჩატარდა, იქაური მოსახლეობის განწყობა ომისადმი ნეგატიურია. თვით ამერიკელ რესპუბლიკელებს შორისაც კიევის დახმარების მიმართ საკმაოდ განსხვავებული პოზიციები არსებობს.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უდიდესი რეზერვები როგორც ცოცხალი ძალის, ისე დაბალტექნოლოგიური იარაღის თვალსაზრისით, რომლითაც კრემლს ომის გაგრძელება შეუძლია, რაკეტების მარაგის გამოლევის შემთხვევაში. უკრაინისათვის სამხედრო პრობლემას ძირითადად მატერიალური სახე აქვს, რუსეთისათვის კი მხოლოდ პოლიტიკური. პუტინისათვის დამატებითი მობილიზაცია სარისკოა, მაგრამ არასასიკვდილო. უკრაინელ ჯარისკაცს მაღალი სულისკვეთება აქვს, ის გმირულად იბრძვის, მაგრამ დგება მომენტი, როცა საბრძოლო სული, დისციპლინა და სამხედრო მომზადების დონე უძლურია მოსკოვის საბჭოური სატკეპნი მანქანის წინააღმდეგ - იმარჯვებს რაოდენობა. აი, სწორედ ამიტომაც ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, მასშტაბურ კონტრშეტევას ამზადებს - სავარაუდოდ, რამდენიმე მიმართულებით, რათა სოლედართან მიღწეული წარმატება განავითაროს და ადგილობრივი ტაქტიკური უპირატესობა შექმნას მანამ, სანამ დასავლური ტანკები უკრაინული ეკიპაჟებით ფრონტის ხაზზე გამოჩნდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს ამ ომის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი იმისა, რომ მან ომი არ წააგოს

ვოლოდიმირ ზელენსკიც საკმაოდ მყიფე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, დასავლეთში მისი დიდი  პოპულარობის მიუხედავად. იგი უკრაინელ ხალხს სრულ გამარჯვებას დაპირდა და როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ამომრჩეველთა 90% პრეზიდენტს მხარს უჭერს. ასეთი დაპირების შეუსრულებლობა მისთვის პოლიტიკურად ფატალური იქნება. ასევე მიუღებელია უკრაინელებისათვის რაიმე ისეთ საზავო დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელშიც უკრაინის ტერიტორიის დაკარგვა იურიდიულად დაფიქსირდება. ასეთი სიტუაცია უცილობლად გამოიწვევს განხეთქილებას ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის დასავლელ მფარველებს შორის. თუ პუტინის არმია წინსვლას გააგრძელებს და შემდეგ, რაღაც მომენტში, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება და კიევს და დასავლეთს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს, ნატო უცილობლად გაიყოფა ორ ბანაკად: იმ წევრებად, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენა სურთ და იმ ქვეყნებად, რომლებსაც ომის შეწყვეტა უნდათ. რასაკვირველია, შეიძლება უკრაინა ომის გაგრძელების მომხრე იყოს, მაგრამ რას იზამს კიევი დასავლეთის გარეშე? ვერაფერს, რადგან სწორედ ნატოს აქვს ხელში დახმარების პულტი. ეს იქნება მკაცრი გამოცდის მომენტი უკრაინის ერთგული მოკავშირეებისთვისაც კი. სხვათა შორის, ოპტიმისტური სცენარის მიხედვითაც კი, უკრაინა თუნდაც რომ დაბრუნდეს ერთი წლის წინანდელ მდგომარეობაში, ანუ რუსეთის არმიამ რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, მარიუპოლი და სხვა დაკავებული ქალაქები დატოვოს, უკრაინა ისევ დანაწილებული დარჩება, ვლადიმერ პუტინი კი, სავარაუდოდ, ხელისუფლებას შეინარჩუნებს...

სამწუხაროდ, ამ ომს თითქმის არ აქვს რეალისტური და სამართლიანი დასასრული, უკრაინელებს მუდამ ექნებათ მიზეზი იმისა, რომ იყვირონ - „ეს ღალატია!“. მაგრამ თუ ამის ალტერნატივა მესამე მსოფლიო ომია, მაშინ ის, რაც ვთქვი, ყველაზე ნაკლებად ბოროტი ვარიანტი შეიძლება იყოს.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/one-year-on-how-will-the-ukraine-war-end/

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way