ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთი წლის შემდეგ: რით დასრულდება ომი უკრაინაში?“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები და განხილულია ომის სავარაუდო დასრულების ვარიანტები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სხვა მაღალჩინოსნები ოვალურ კაბინეტში შეიკრიბნენ, რათა ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის საგანგებო ბრიფინგი მოესმინათ. როგორც გენერალმა განაცხადა, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა. ბრიფინგის სტენოგრამით ირკვევა, რომ იმ დროს ჯო ბაიდენისთვის ფუნდამენტური პრობლემა იყო საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება ისე, რომ ამერიკას ბირთვულ ქვეყანასთან - რუსეთთან კონფლიქტი არ დაეწყო და თავი აერიდება მესამე მსოფლიო ომისათვის.
გენერალმა მარკ მილმა აშშ-ის ხელმძღვანელობას ოთხი სავარაუდო მოქმედების ვარიანტი შესთავაზა რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე: პირველი - არ მომხდარიყო აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების კონფლიქტი რუსეთთან; მეორე - საომარი მოქმედებების არეალის შენარჩუნება უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებს შიგნით; მესამე - ნატოს წევრებს შორის ერთიანობის შენარჩუნება და განმტკიცება და მეოთხე - უკრაინისადმი დახმარების გაფართოება და მისთვის საომარი საშუალებების გადაცემა.
რუსეთ-უკრაინის ომის პირველი წლისთავის მოახლოების კვალობაზე ოთხივე ვარიანტი უკიდურეს სიტუაციამდეა მიყვანილი, „წითელი ხაზებამდე“, თუმცა მოთხოვნები მეტ-ნაკლებად დაცულია: კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის ჯერ-ჯერობით არ ხდება; ომი გეოგრაფიულად ლოკალიზებული რჩება და უკრაინის საზღვრებს შიგნით, მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს; ნატოს წევრებს შორის ერთიანობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა ბზარები აშკარად გამოვლინდა; ფართოვდება უკრაინისადმი გაწეული დახმარება, იარაღის მიწოდების ჩათვლით.
დღეისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხს უკრაინისათვის სწორედ იარაღის მიწოდება წარმოადგენს. მართალია, ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერი, მაგალითად, ხორვატეთის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი იარაღის მიწოდების კატეგორიული წინააღმდეგია და ასეთ მოქმედებას ამორალურად თვლის, მაგრამ აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების წყალობით უკრაინის არმია დღეს ევროპაში ყველზე კარგად არის აღჭურვილი, კიევი საკმაოდ წარმატებით იგერიებს მსოფლიოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი არმიის, ბირთვული სახელმწიფოს ჯარების შეტევებს.
დასავლეთმა იარაღის მიწოდებაში, შეიძლება უკვე ითქვას, რომ „რუბიკონი გადალახა“; ამჟამად უკრაინა თითქმის ყველა სახის იარაღს იღებს. ასე რომ, ახლა დროა გენერალ მარკ მილის ბრიფინგის ყველაზე არსებით ვარიანტს დავუბრუნდეთ: როგორ ავიცილოთ თავიდან უკრაინის ომის გადაზრდა მესამე მსოფლიო ომში. ასევე რეალისტურად უნდა განვიხილოთ ომის დასრულების სხვადასხვა სცენარებიც.
უკრაინის გამარჯვების სცენარი ყველასათვის ნათელია: რუსეთის არმიის გაძევება უკრაინის ტერიტორიიდან, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. ზოგიერთი კიეველი პოლიტიკოსი ასევე თვლის, რომ რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს და ომში მონაწილე ყველა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, პრეზიდენტის ჩათვლით, საერთაშორისო ტრიბუნალით უნდა გასამართლდეს. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ სიტუაციის ამგვარი სცენარი და ასეთი პოზიცია ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველთვის არ ჰქონდა. ომის პირველ ეტაპზე იგი თანახმა იყო, უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და ყირიმ-დონბასის საკითხი მოლაპარაკებით გადაწყვეტილიყო, ვთქვათ, შეთანხმებულიყვნენ პლებისციტის ჩატარებაზე, რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებით. ქვეყნის საზღვარი დროებით რჩებოდა იმ მდგომარეობით, როგორიც 24 თებერვლამდე იყო.
თუ უკან მივიხედავთ და იმდროინდელ სიტუაციას გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ამგვარ შეთანხმებაზე უნდა წასულიყო, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა რუსების ქედმაღლობისა და რეალობისადმი შეურიგებლობის გამო - ისინი ბრაზმა აიტანა, რომ უკრაინელებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. მოგვიანებით, როცა დასავლეთმა ძლიერი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, ვლადიმერ ზელენსკიმ უარი თქვა თავის ადრეულ პრაგმატიზმზე, რომელიც სისუსტით იყო განპირობებული და მაქსიმალისტურ პოზიციაზე გადავიდა, რომელიც მორალურად უფრო სწორი იყო, მაგრამ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - სარისკო.
გიდეონ როუზის თქმით, რომელიც ავტორია წიგნისა „როგორ მთავრდება ომები“, ყოველი ომი, რომელიც დედამიწაზე მომხდარა, სამი ფაზისაგან შედგება: საწყისი შეტევა, ბრძოლა უპირატესობის შენარჩუნება-მიღწევისათვის და ენდშპილი. ამასთან, ენდშპილს აუცილებლად ყოველთვის ორი სახე აქვს: ომი ან ერთი მხარის სასარგებლოდ მთავრდება, როგორც ეს 1918 და 1945 წლებში იყო, ან ომი მთავრდება რაღაც შეთანხმებული ზავით - უკეთეს შემთხვევაში, მოლაპარაკების გზით (მაგალითად, ეგვიპტესა და ისრაელს შორის 1973 წელს) უარეს შემთხვევაში კი - „ჩიხური“ მდგომარეობის დაფიქსირებით, რომელიც მხარეებს „ცივი ომის“ მდგომარეობაში ტოვებს (ვთქვათ, კორეის ომის დასრულებით 1953 წელს ან კვიპროსის სიტუაციით 1974 წელს).
უკრაინის ომი ამჟამად ჯერ კიდევ თავის შუალედურ ფაზაში მყოფება: მიმდინარეობს ბრძოლა უპირატესობის მისაღწევად. არც უკრაინა და არც რუსეთი აღარ არიან მოლაპარაკებით დაინტერესებულნი, ყოველი მხარე იმას ცდილობს, რომ ყველანაირ ფასად სრულ გამარჯვებას მიაღწიოს და დამარცხებულ მოწინააღმდეგეს თავისი „სამშვიდობო“ პირობები უკარნახოს. უკრაინას აქტიურად ეხმარებიან ნატოს წევრი ქვეყნები - დაიწყეს ჯავშანჟილეტებით, ჩაფხუტ-შლემებით და თავდაცვითი იარაღით და ახლა უკვე კიევს ტანკებს, რაკეტებს და სხვა შემტევ სამხედრო ტექნიკას აწვდიან.
მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ საკითხში, გამარჯვება უკრაინას და ნატოს წევრებს სხვადასხვანაირად აქვთ წარმოდგენილი: ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ანუ ყირიმი და დონბასი კიევს უნდა დაუბრუნდეს. ცნობილი დასავლელი სამხედრო კომენტატორების, მაგალითად, გადამდგარი გენერლის ფრედერიკ ბენ ჰოჯესის აზრით, უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებისათვის ყირიმის დაბრუნებას „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, მაგრამ იმავდროულად ისიც ნათელია, ყირიმისაკენ უკრაინის ჯარების შეტევით ომის ესკალაცია მოხდება და კონფლიქტი სხვა, უფრო საშიშ სახედ გადაიზრდება - გამათავისუფლებელი ომის ნაცვლად ეს იქნება დამპყრობლური ომი. დიახ, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს აშკარად უკანონოდ მოახდინა, ხოლო რეფერენდუმი შორს იყო დემოკრატიისაგან და სამართლიანობისაგან... მაგრამ ისიც ნათელია, რომ ყირიმის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ეროვნებით რუსებს, უკრაინელობა ნამდვილად არ სურთ.
რაც შეეხება დონბასს, იქ სიტუაცია შედარებით უფრო რთულია: ე.წ. „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში“ 2014 წლიდან მასობრივი ეთნიკური წმენდები ჩატარდა და იქაური ომამდელი მოსახლეობის დიდი ნაწილი - დაახლოებით ორი მესამედი - ზოგი უკრაინაში წავიდა, ზოგოც რუსეთში. თუმცა, როგორც ფრანგული გაზეთის „ლე პუენის“ Le Point) კორეპონდენტმა ანა ნივამ მითხრა - იგი გასული წლის ბოლოს პირადად იმყოფებოდა დონბასში - „იქ ვერავის ვერ შევხვდი ისეთს, რომელსაც უკრაინასთან შეერთება სურს“. ეს გასაგებიცაა, რადგან მეც მომსწრე ვარ - 2014 წლიდან ადამიანები, რომლებიც უკრაინისადმი სიმპათიებს ამჟღავნებდნენ, შეურაცხყოფასა და დამცირებას განიცდიდნენ, იძულებულნი გახდნენ უკრაინის სხვა ოლქებში წასულიყვნენ. ვინც დარჩა, ისინი ანტიუკრაინულად არიან განწყობილნი.
ასეთი სიტუაცია ბადებს ერთ საკმაოდ უხერხულ კითხვას: სასურველია თუ არა დასავლეთისათვის აიძულონ ის ადამიანები შეუერთდნენ იმ ერს, რომლის ნაწილად ყოფნა მათ არ უნდათ? უკრაინაში ეს თემა ჯერ კიდევ ომამდე იყო ტაბუდადებული. გავიხსენოთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის პირველი საგარეო საქმეტა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო (იგი ახლა უკრაინის ელჩია ჩვენთან, ლონდონში) სწორედ იმიტომ ჩამოაქვეითეს, რომ მან ვარაუდი გამოთქვა - ალბათ, უმჯობესი იქნება, დონბასის მომავალი დონბასის ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაწყვიტოსო.
რუსეთ-უკრაინის ომის ტრაგედია იმაშია, რომ არ არსებობს მისი სამართლიანი ან უსაფრთხო გადაწყვეტის სცენარი. ერთი მხრივ, თუ დონბასი და ყირიმი ისევ ვლადიმერ პუტინს დარჩება, ეს ნიშნავს, რომ განხორციელებული აგრესიით მან ჯილდო მიიღო. უკრაინისთვის (და მისი მზობლებისთვისაც) კი რუსეთს ისევ აგრესორისა და მტრის სახე ექნება. მეორე მხრივ, თუ უკრაინას 1991 წლის საზღვრები აღუდგება, მაშინ ყირიმისა და დონბასის მოსახლეობა ამას იძულებად ჩათვლის და არ დაემორჩილებიან. უფრო მეტიც - ვლადიმერ პუტინის რეჟიმისათვის, ისტორიული გამოცდილებით, ყირიმის და დონბასის დაკარგვა ფატალურ შედეგს გამოიწვევს. რა მოჰყვა რუსეთის დამარცხებასს იაპონიასთან ომში? რევოლუცია. რა მოჰყვა პირველ მსოფლიო ომში რუსეთის დამარცხებას? რევოლუცია და სამოქალაქო ომი. რას შეუწყო ხელი ავღანეთში განცდილმა მოსკოვის მარცხმა? საბჭოთა კავშირის დაშლას. რა თქმა უნდა, ბევრი უკრაინელი და მისი დასავლელი მომხრე მიესალმებოდა, გასაგები მიზეზების გამო, სწორედ რუსეთის დამარცხებას და ყირიმ-დონბასის დაბრუნებას, მაგრამ... კუთხეში მიმწყვდეული, დასუსტებული, მაგრამ გამწარებული და ბირთვული რაკეტების მქონე რუსეთი, ალბათ, იმ არმაგედონს გამოიწვევს, რომლის თავის არიდებასაც ამერიკა ცდილობს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კომპრომისული გადაწყვეტილება, ალბათ, იმით შეიძლებოდა გამოხატულიყო, რომ ვაშინგტონმა უნდა მოითხოვოს რუსეთის არმიის რაოდენობის შემცირება, რათა თავიდან იქნას აცილებული უშუალო კონფრონტაცია კრემლსა და ნატოს შორის, იმავდროულად აუცილებელი იქნებოდა ალიანსის ბორტზე მყოფი წევრების სკეპტიციზმის აღმოფხვრა და ერთიანობის შენარჩუნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნგრეთი, ხორვტეთი და ავსტრია ძველებურად გამოდიან უკრაინისთვის მძიმე სამედრო ტექნიკის მიწოდების წინააღმდეგ. იტალიელ მემარჯვენეებში ამ საკითხის მიმართ ღრმა განხეთქილება არსებობს. გერმანიაში და ჩეხეთში ფართო ანტისაომარი დემონსტრაციები ჩატარდა, იქაური მოსახლეობის განწყობა ომისადმი ნეგატიურია. თვით ამერიკელ რესპუბლიკელებს შორისაც კიევის დახმარების მიმართ საკმაოდ განსხვავებული პოზიციები არსებობს.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უდიდესი რეზერვები როგორც ცოცხალი ძალის, ისე დაბალტექნოლოგიური იარაღის თვალსაზრისით, რომლითაც კრემლს ომის გაგრძელება შეუძლია, რაკეტების მარაგის გამოლევის შემთხვევაში. უკრაინისათვის სამხედრო პრობლემას ძირითადად მატერიალური სახე აქვს, რუსეთისათვის კი მხოლოდ პოლიტიკური. პუტინისათვის დამატებითი მობილიზაცია სარისკოა, მაგრამ არასასიკვდილო. უკრაინელ ჯარისკაცს მაღალი სულისკვეთება აქვს, ის გმირულად იბრძვის, მაგრამ დგება მომენტი, როცა საბრძოლო სული, დისციპლინა და სამხედრო მომზადების დონე უძლურია მოსკოვის საბჭოური სატკეპნი მანქანის წინააღმდეგ - იმარჯვებს რაოდენობა. აი, სწორედ ამიტომაც ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, მასშტაბურ კონტრშეტევას ამზადებს - სავარაუდოდ, რამდენიმე მიმართულებით, რათა სოლედართან მიღწეული წარმატება განავითაროს და ადგილობრივი ტაქტიკური უპირატესობა შექმნას მანამ, სანამ დასავლური ტანკები უკრაინული ეკიპაჟებით ფრონტის ხაზზე გამოჩნდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს ამ ომის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი იმისა, რომ მან ომი არ წააგოს
ვოლოდიმირ ზელენსკიც საკმაოდ მყიფე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, დასავლეთში მისი დიდი პოპულარობის მიუხედავად. იგი უკრაინელ ხალხს სრულ გამარჯვებას დაპირდა და როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ამომრჩეველთა 90% პრეზიდენტს მხარს უჭერს. ასეთი დაპირების შეუსრულებლობა მისთვის პოლიტიკურად ფატალური იქნება. ასევე მიუღებელია უკრაინელებისათვის რაიმე ისეთ საზავო დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელშიც უკრაინის ტერიტორიის დაკარგვა იურიდიულად დაფიქსირდება. ასეთი სიტუაცია უცილობლად გამოიწვევს განხეთქილებას ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის დასავლელ მფარველებს შორის. თუ პუტინის არმია წინსვლას გააგრძელებს და შემდეგ, რაღაც მომენტში, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება და კიევს და დასავლეთს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს, ნატო უცილობლად გაიყოფა ორ ბანაკად: იმ წევრებად, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენა სურთ და იმ ქვეყნებად, რომლებსაც ომის შეწყვეტა უნდათ. რასაკვირველია, შეიძლება უკრაინა ომის გაგრძელების მომხრე იყოს, მაგრამ რას იზამს კიევი დასავლეთის გარეშე? ვერაფერს, რადგან სწორედ ნატოს აქვს ხელში დახმარების პულტი. ეს იქნება მკაცრი გამოცდის მომენტი უკრაინის ერთგული მოკავშირეებისთვისაც კი. სხვათა შორის, ოპტიმისტური სცენარის მიხედვითაც კი, უკრაინა თუნდაც რომ დაბრუნდეს ერთი წლის წინანდელ მდგომარეობაში, ანუ რუსეთის არმიამ რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, მარიუპოლი და სხვა დაკავებული ქალაქები დატოვოს, უკრაინა ისევ დანაწილებული დარჩება, ვლადიმერ პუტინი კი, სავარაუდოდ, ხელისუფლებას შეინარჩუნებს...
სამწუხაროდ, ამ ომს თითქმის არ აქვს რეალისტური და სამართლიანი დასასრული, უკრაინელებს მუდამ ექნებათ მიზეზი იმისა, რომ იყვირონ - „ეს ღალატია!“. მაგრამ თუ ამის ალტერნატივა მესამე მსოფლიო ომია, მაშინ ის, რაც ვთქვი, ყველაზე ნაკლებად ბოროტი ვარიანტი შეიძლება იყოს.
წყარო: https://www.spectator.co.uk/article/one-year-on-how-will-the-ukraine-war-end/
მოამზადა სიმონ კილაძემ