USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Тбилиси
ჟურნალი "The Economist" : „ საქართველო კრემლის ორბიტაზე გადადის“
дата:  758

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „გატეხილი სათამაშო: საქართველო კრემლის ორბიტაზე გადადის, დასავლეთი კი მას ოდესღაც თავისუფლების შუქურად თვლიდა“, რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლების როგორც ადრინდელი, ასევე ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი: რუსეთთან და დასავლეთთან დამოკიდებულება, ევროტლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა და ა.შ. მასალაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს (რეფორმები და რეპრესიები) და მისი ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობას.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გზა თბილისის აეროპორტიდან ძველ ქალაქამდე - სადაც ქვაფენილიან ქუჩებში ლამაზაივნებიანი შენობები დგას და სადაც ხინკლისა და ხაჭაპურის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს -  ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს: აშშ-ის იმ პრეზიდენტის სახელს, რომელიც  პირველად ეწვია ვიზიტით კავკასიის პატარა ქვეყანას 2005 წელს. მიესალმა რა გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მადლობა გამოხატა რა ხელისუფლების მიმართ ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნისათვის, მისტერ ჯორჯ ბუშმა საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა და ქვეყნის ახალგაზრდა და დაუღალავს რეფორმისტ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მომხდარი პირველი „ფერადი რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, უთხრა, რომ „საქართველოს ამერიკაში საიმედო მეგობრები ჰყავს“.

ამ დღეებში კი საქართველოს კრემლი აქებს - ის კრემლი, რომლის ბრძანებითაც რუსეთის ჯარები 2008 წელს კავკასიურ ქვეყანაში შეიჭრნენ - იმ მიზეზით, რომ თბილისი თავის მიერ არჩეულ კურსს მიჰყვება და უარს აცხადებს შეურთდეს დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს. დღეს 55 წლის მიხეილ სააკაშვილი კი თბილისი გარეუბანში მდებარე საავადმყოფოში დაცვის ქვეშ წევს და დემენციასა და კუნთების ატროფიას ებრძვის. დედამისი გიული ალასანია, რომელიც შვილს ყოველდღიურად ნახულობს, ამბობს, რომ მას მახსოვრობა ეკარგება და სამოძრაოდ ეტლი ჭირდება. „ჩემი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა“, - წერდა ექს-პრეზიდენტი „ეკონომისტის“ კორესპონდენტს, - „იმ მრავალ არასასიამოვნო სიმპტომების გარდა, რაც მე სასოწარკვეთილებაში მაგდებს, ისაა, რომ მახსოვრობას ვკარგავ“. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ იგი მოწამლეს და ამბობს, რომ კომაში იყო ჩავარდნილი. გასული წლის დეკემბერში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა გაავრცელეს სამედიცინო დასკვნა, რომელთა მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონების გადაჭარბებული რაოდენობა იქნა აღმოჩენილი და გამოითქვა მოსაზრება, რომ იგო მოწამლულია.

მართალია, მიხეილ სააკაშვილმა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოში რეფორმები გაატარა, მაგრამ იგი სკანდალურ რეპრესიულ ქმედებებშიც იქნა გახვეული. როცა მას პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, 2013 წელს, იგი საზღვარგარეთ გაიქცა - შიშობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისფლება დაიჭერდა. ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნსმენია, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობით დააგროვა, იგი მცირე ხანს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი გადადგა. მართალია, მას ამჟამად არანაირი სახელმწიფო პოსტი არ აქვს დაკავებული, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი საქართველოს დე-ფაქტოდ მაინც მართავს. მიხეილ სააკაშვილი კი მოგვიანებით უკრაინაში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობით შეცვალა. 2021 წელს, მის მიმართ გაცემული დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, იგი საქართველოში დაბრუნდა, რათა თავის სასარგებლოდ ფართო ანტისამთავრობო გამოსვლები აეგორებინა. ამის ნაცვლად იგი დააპატიმრეს და რადგანაც უკვე დაუსწრებლად იყო გასამართლებული პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის - უფლებამოსილების გადაჭარბების - გამო და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების 6-წლიანი აღკვეთა, იგი დააპატიმრეს და ამჟამად მსჯავრს იხდის.

ევროპის პარლამენტმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს გაეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთ დროს ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობდა, დღემდე კი ისევ ითვლება უკრაინის რეფორმების საბჭოს (საკონსულტაციო ორგანოს) ხელმძღვანელად და მისთვის საზღვარგარეთ სამკურანალოდ გამგზავრების ნება მიეცა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და მის მიმართ მკაცრი მოპყრობა პოლიტიკურ შურისძიებას ნიშნავს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი „ვალის გადახდას“ წარმოადგენს: 2008 წელს, საქართველოსთან ხანმოკლე ომის შემდეგ, იგი მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, რომ ერთხელაც დაიჭერდა და (...) დაკიდებდა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება“ მმართველ ძალად რჩება იმ მიზეზით, რომ ამომრჩევლებში შიშს სთესავს - თუ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდება, უწესრიგობები დაიწყებაო. სხვათა შორის, ქართველები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტით არიან იმედგაცრუებულნი, ასევე არ იწონებენ მის მიმართ მკაცრ მოპყრობას. „ადამიანები მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც პატიმარს“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, ქართველი სოციოლოგი.

მიხეილ სააკაშვილისადმი მკაცრი მოპყრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სანსებს ამცირებს. კანონის უზენაესობის დარღვევის ფაქტებია აგრეთვე გამოვლენილი კიდევ ერთი მსჯავრდებულის - ნიკა გვარამიას მიმართაც, რომელიც კერძო ოპოზიციურ ტელეარხს ხელმძღვანელობს და აშკარად შეთითხნილი ბრალდებით არის დაპატიმრებული. მთავრობა პოლიტიკურ ოპოზიციას უთვალთვალებს... სწორედ ამიტომ საქართველოს 12-პუნქტიანი პირობები წაუყენეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა ქვეყნის მთავრობა, როგორც ჩანს, მის შესრულებას არ ჩქარობს.

„საქართველო ადრე ამერიკისა და დასავლეთის საყვარელ სათამაშოს წარმოადგენდამ ახლა კი სათამაშო „გატყდა“ და მას ყურადღებას არავინ აღარ აქცევს“, -  ამბობს შოთა უტიაშვილი, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ყოფილი ჩინოვნიკი, ამჟამად თბილისში მდებარე ქართული ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ქვეყნის მმართველმა „ქართული ოცნებას“ რამდენიმე პარლამენტის წევრი გამოეყო, რომლებმაც რადიკალური და ანტიდასავლური მოძრაობა შექმნეს სახელწოდებით „ხალხის ძალა“. მათი რიტორიკა და გატარებული პოლიტიკური კურსი - „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის მიღების მოთხოვნის ჩათვლით - კრემლის ტაქტიკურ პოლიტიკას ჰგავს. მოძრაობამ ამერიკაც კი დაადანაშაულა  საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.

რასაკვირველია, საქართველო უფრო ნაკლებად ავტორიტარული ქვეყანაა, ვიდრე, მაგალითად, ბელარუსი, მაგრამ თბილისიც სწრაფად ექცევა კრემლის ორბიტაში. ვლადიმერ პუტინის საამებლად, საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე და ასევე კრემლის დასამშვიდებლად, უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს არ უბრუნებს, რომელიც კიევმა თბილისს 2008 წელს გადასცა. „მე არ მესმის, რატომ არის საქართველოს მთავრობა კრემლზე ასე მიჯაჭვული“, - განაცხადა ამას წინათ ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა, ევროპაში ამერიკის ჯარების ყოფილმა სარდალმა, თბილისში ყოფნის დროს.

ბევრ ქართველს, როგორც ჩანს, [მთავრობის კურსი] ნამდვილად არ მოსწონს. საქართველოში უკრაინის დროშები და წარწერები - „საქართველო უკრაინაა, უკრაინა კი საქართველო“ - ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ადამიანთა ასეთი განწყობის მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ლიბერალიზმით შეიძლება აიხსნას. დღეისათვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით ათასამდე ქართველი მოხალისე იბრძვის. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მარგინალიზაციას ცდილობს და აცხადებს, რომ მათი პროუკრაინული პროტესტების გამო დიდი რისკია ქვეყანა რუსეთთან ომში იქნას ცათრეული.

პოლიტიკური სურათი კიდევ უფრო ართულებს ქვეყანაში 100 ათასამდე რუსი ემიგრანტის ყოფნა, რომლებმაც საქართველოში თავშესაფარი იპოვეს - ისინი რუსეთის იმ რეჟიმს გამოექცნენ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული ( აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“). რუსი ემიგრანტები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და ომის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევიან.

არსად პოლიტიკური უთანხმოება ისე არ გამოიხატება, როგორც ეს გორში ხდება - იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში. გორის მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას ეროვნებით ქართველი საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს. სააკაშვილის მთავრობამ თავის დროზე იოსებ სტალინის გიგანტური ქანდაკება აიღო და გეგმავდა, რომ სახლ-მუზეუმი სტალინიზმის დაგმობის ცენტრად გადაექცია, მაგრამ, როგორც გიდი ამბობს რუსულენოვან ტურისტებთან, გეგმა ჩაიშალა: „დესოვეტიზაცია და დესტალინიზაცია“ იმ დროიდან შეჩერდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა დაასრულა ათი წლის წინათ.

ამას წინათ საქართველოში იოსებ სტალინის რამდენიმე ძეგლი და მემორიალური დაფა დაიდგა. ბოლშევიკმა დიქტატორმა, რომელმაც 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება და დამოუკიდებლობა გაანადგურა, ახლა ქართველების მიერ მისი გმირად შერაცხვის პროცესი მიმდინარეობს. კრემლი, ალბათ, გახარებულია და სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/01/31/georgia-has-drifted-into-the-kremlins-orbit

მოამზადა სიმონ კილაძემ

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати