ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის იდეას მხარს არ უჭერს. ვრცელი ინტერვიუ ჟოზეფ ბორელმა გამოცემა „კრონენ ცაიტუნგს“ მისცა.
„ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენ მხოლოდ კარგი კოორდინაცია და თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა გვჭირდება“, - აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს თავდაცვაზე იმდენივეს ხარჯავს, რამდენსაც ჩინეთი და 4-ჯერ მეტს, ვიდრე რუსეთი, თუმცა ხანგრძლივი კრიზისების გამო შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მეტი ინვესტირებაა საჭირო.
ბორელის განცხადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას.
„არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზებს რუსების ნაწილი მიიღებს, თუმცა, არა ოლიგარქები.
"ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”, - აღნიშნა ბორელმა.