ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.
„ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს - არეგულირებს გადაადგილებას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს დატვირთულ მიმართულებას. მიხარია, რომ ტერიტორია ყოველმხრივ მოწესრიგებულია, განათებული, გამწვანებული. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც განახლება სჭირდება და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.
სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.