USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ვერსია შეიქმნა! უკვე ესაუბრეთ?
Date:  624

მოდი, სანამ მაგას გავაკეთებთ, ხომ არ სჯობს, ახლავე ავიღოთ და მარტივად, ავტომატური თარგმნის სერვისები შევაწებოთ ერთმანეთს, გავუშვათ საიტი და აბა ვნახოთ, რა იქნება, — ასე დაიბადა Supernova-ს გუნდში ChatGPT-ის ქართული ვერსიის „ჟიპიტაურის“ შექმნის იდეა, რომელსაც თქვენთვის საინტერესო კითხვები უკვე თავადაც შეგიძლიათ დაუსვათ. ხოლო, თუ გაინტერესებთ, რას ეკითხებიან სხვები ChatGPT-ის ქართულ ვერსიას, ჟიპიტაურის Facebook ჯგუფსაც შეგიძლიათ ესტუმროთ.

 

ახლა კი „აბა ვნახოთ, რას გვთავაზობს დღეს ჟიპიტაური“. Supernova-ს თანადამფუძნებელი ზაალ გაჩეჩილაძე მარკეტერს სწორედ ამაზე ესაუბრა:

M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ჟიპიტაურის შექმნის იდეა?

ჩვენთვის ChatGPT-ის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ადამიანები კიდევ უფრო პროდუქტიულები გახდებიან, შესაბამისად, ჩვენს და მათ შორის უკვე არსებული სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათ, ამიტომ, საჭიროა, რაღაცა გავაკეთოთ, წინ დავიძრათ. მნიშვნელოვანია, ქართულენოვანი ინტერფეისიც არსებობდეს მსგავსი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, რომ მოდი, ავიღოთ და დავიწყოთ მუშაობა მსგავს ქართულენოვან დიდ მოდელზე. მართალია, ამას საკმაოდ დიდი ინვესტიცია სჭირდება… მაგრამ სანამ ეგეთ რაღაცას მივაღწევთ ან გაიაფდება გამოთვლითი სიმძლავრეები და ჩვენც რაღაცებით დავეწევით, მონაცემებს მოვამზადებთ, გადავთარგმნით, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, მანამდე უფრო მარტივადაც შეიძლება, რომ იგი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს იდეაც აქედან წამოვიდა, მე გავაჟღერე გადაცემაში, მერე კომპანიაში ითქვა. მოკლედ რომ გითხრათ, ხვალვე გავუშვებთ ასეთი გეგმა გვქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მერე უკვე რაღაცები მოგვინდა, მაგალითად, დავფიქრდით, ლოგო როგორი უნდა ყოფილიყო, რაღაც დეტალებში მაინც ჩავედით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმა მხოლოდ საიტის სწრაფად გაშვება იყო. შეფასებების საშუალებაც მივეცით მომხმარებლებს, ტექსტების ბაზაში შენახვაც გადავწყვიტეთ… ეს ყველაფერი უფრო განივრცო და ამიტომაც დასჭირდა ამის გაკეთებას რამდენიმე დღე. 

M: რა ეტაპზეა ახლა ჟიპიტაური?

ახლა ვაგროვებთ შეტყობინებებს, ადამიანები რომ ელაპარაკებიან „ჟიპიტაურს“, შეფასებებსაც ვინახავთ, რაც დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორ მუშაობს ავტომატური თარგმნის სერვისი, რათა აღმოვაჩინოთ თარგმნის ნაკლოვანებები. შევეცდებით, მაქსიმალურად ჩავრთოთ დეველოპერები სხვადასხვა კომპანიიდან, ფრილანსერები და ა. შ. იმისათვის, რომ დაგვეხმარონ მის შექმნაში და ასევე, თავადაც შეძლონ მისი გამოყენება სხვა სერვისებზე გაცილებით მარტივად და იაფად. შემდეგი ეტაპი ისაა, რომ ამოვიცნოთ, რას აკეთებს და ვერ აკეთებს სისტემა კარგად, რათა დავხვეწოთ კონკრეტული მიმართულებები. 

M: შეგვიძლია თუ არა ჟიპიტაურს ChatGPT-ის ქართული ვერსია ვუწოდოთ?

შეგვიძლია ვუწოდოთ… მოდელს, რომელიც მუშაობს ChatGPT-ის უკან, ნასწავლი აქვს დიალოგური მონაცემები და შეფასების ტექნიკას ითვალისწინებს — ადრეულ ეტაპზე ადამიანებმა ChatGPT-ის რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესო ამოირჩიეს და მერე უკვე ეს მონაცემები გამოიყენეს ე. წ. Reinceforment learning მეთოდისთვის, რომელიც ზუსტად მსგავსი ტიპის მონაცემებზე მუშაობს, ადამიანის დახმარებით სწავლობს, ადამიანი აწვდის ინსტრუქციას, თუ რა არის კარგი და რა, არა და ასე მივიდა იგი დღევანდელ ChatGPT-მდე. ჩვენ GPT-3-ს ახლა იმ სახით ვიყენებთ, როგორიც არის. მართალია, ChatGPT-ის ხარისხობრივად მაგ ნაწილში ჩამორჩება ჩვენი ქართული ვარიანტი, ასევე თარგმანებშიც, მაგრამ ზუსტად ამგვარი ნაკლოვანებების ამოსაცნობად გავუშვით რეალურად ეს პროექტი. 

M: ამ ეტაპისთვის ჟიპიტაურს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი? 

ვფიქრობ, აქვს, მაგრამ სწორია თუ არა ეს პასუხი, ფაქტებს ეფუძნება თუ არა, მაგ დონეზე არ უნდა ვენდოთ, ზუსტად ისე, როგორც ChatGPT-ის. ეს ჩვენი დაწერილი პასუხები არ არის, ჩვენ უბრალოდ ვთარგმნით, ეს არის OpenAI-ის GPT-3 მოდელი, რომელსაც წაკითხული აქვს ინტერნეტის დიდი ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც აგენერირებს პასუხს. აქ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც რაღაცის დაგუგვლისას“ — როცა Google-ში ინფორმაციის მოძიებას დაიწყებ, მიღებული შედეგები არ ნიშნავს, რომ რაიმე ფაქტებს ეფუძნება, მართალი ან რამენაირად საგულისხმოა. მარტივად რომ ვთქვათ, მას წაკითხული აქვს ბევრი ტექსტი და ამ ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს აბამს ერთმანეთს ისე, რომ კარგად იკითხებოდეს, მაგრამ არ არის ფაქტი, ამიტომ მართალია თუ ტყუილი, ასე ბრმად არ უნდა დაიჯეროთ. მაგალითად, გვეკითხებოდნენ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? და ეს მოდელი სცემდა არასწორ პასუხს, რომ საქართველომ დაიწყო, მაგრამ როგორც კი მიწერდი, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომში?, ამბობდა, რომ რუსეთია დამნაშავე…. ანუ ფორმულირებასაც აქვს მნიშვნელობა და პასუხზე ისიც ზემოქმედებს, თუ რაზე ესაუბრებოდი მანამდე. ამიტომ, ჩვენ თითოეულ პასუხზე თავიდანვე დავამატეთ like/dislike ღილაკები ზუსტად იმისათვის, რომ ყველას შეეძლოს მიუთითოს სისტემას, რა არის სწორი და რა, არა. 

M: რატომ აირჩიეთ სახელი ჟიპიტაური

უბრალოდ იმიტომ, რომ ქართულია და GPT-ს ჰგავს, მეტი არაფერი. ვიღაცებმა დაწერეს, ახლა მივხვდი, რატომ ჰქვია ჟიპიტაური, მთვრალი ადამიანივით სისულელეებს ლაპარაკობსო… ეგ გამიზნულად არ გაგვიკეთებია, მაგრამ კარგად ჯდება… 

M: რა გეგმები აქვს დღეს ChatGPT-ის ქართულ ვერსიას?

მოკლევადიანი გეგმა უფრო კარგი, დახვეწილი თარგმნის ავტომატიზებული სერვისების შექმნაა ქართულ ენაზე, ქართული, ინგლისური, ამ გადმოსახედიდან მინდა, რომ მეგრულიც დავამატოთ. დავხვეწოთ ენობრივი მოდელი, მაგალითად, ChatGPT-ის ნასწავლი აქვს მონაცემები ბევრ ენაზე, მათ შორის ქართულზეც, მაგრამ ძალიან ცოტაა… რა თქმა უნდა, იქ არავის მიუქცევია ყურადღება ქართული სივრციდან, რა რესურსები შევიდოდა. ჩვენ კი ამას გავაკეთებთ, ავიღებთ ქართულ ინტერნეტს, „გავწმენდთ“ ტექსტებს, ავიღებთ ნათარგმნ მასალებს, ინგლისურენოვან მონაცემებს და გადმოვთარგმნით ქართულად. მსგავს ინიციატივებს დავძრავთ იმისათვის, რომ უპირველესად, ქართულ-ინგლისური „დატასეტი“ მოვამზადოთ, როგორც ამას მონაცემთა მეცნიერები ეძახიან. და მერე უკვე ექსპერიმენტებს ჩავატარებთ… შევადარებთ, აპლიკაციებს შორის თარგმნის ხარისხს, ვგეგმავთ, რომ 100-ჯერ მაინც გავაუმჯობესოთ და 10-ჯერ უკეთესი სერვისიც გავხადოთ, რომელიც მომხმარებელთა ნდობას მოიპოვებს. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ თარგმნის პროდუქტიულობა გავზარდოთ, რაც მოგვცემს საშუალებას ამ მოდელმა მარტო თარგმანი კი არ აიღოს საკუთარ თავზე, არამედ არსებული ქართულენოვანი ცოდნაც აითვისოს. რაღაც ფაქტები ხომ იცის, მაგრამ ასევე სტილისტური ცოდნაც შეიძინოს, მაგალითად, შეძლოს შემდეგი ბრძანების შესრულება: გადააკეთე ელ.ფოსტა ლექსად გალაქტიონის სტილში.

M: რა შემთხვევაში ჩათვლით პროექტს წარმატებულად?

თუ მომხმარებლები პასუხებს შეაფასებენ, მაშინ წარმატებული იქნება, რადგან იმ მიზნით გავუშვით, რომ ადამიანების აზრები მოვაგროვოთ, თუ რამდენად კარგ ან ცუდ პასუხებს აბრუნებს სისტემა. უფრო შორეული მიზანი კი ის არის, რომ ChatGPT-ს მსგავსი ქართულენოვანი ჩეტბოტი არსებობდეს, რომელიც თარგმანზე არ იქნება დაფუძნებული და თვითონ თავის თავშივე ექნება ენობრივი სტილის ცოდნა, ფაქტების ცოდნა და დაგვეხმარება ვიყოთ უფრო პროდუქტიულები…

წყარო: https://www.marketer.ge

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way