უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად ვიმუშაოთ ჩვენი გუნდების დონეზე და უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე. მადლიერი ვარ პრეზიდენტი ტრამპის, რომ მას სურს თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩემს შეხვედრაზე [აშშ-ის ხაზინის მდივან] სკოტ ბესენტთან და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რესურსების სფეროში პარტნიორობის შესახებ ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები გამიზიარა.
არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და მდგრადი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა - „მოდით, ეს გავაკეთოთ!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. სატელეფონო საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის მიღწევა. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ ძირითადად საუბარი შეეხო პარასკევს მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც უზარმაზარი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!“ - განაცხადა ტრამპმა.