USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
ზელენსკი აშშ-ის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის, რათა დაეთანხმოს ტრამპის სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ტერიტორიულ დანაკარგებსა და სხვა დათმობებს
Date:  430

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის, რათა დაეთანხმოს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ტერიტორიულ დანაკარგებსა და სხვა დათმობებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AXIOS-ი ორ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე კვირიანი ინტენსიური დიპლომატიის შემდეგაც კი, უკრაინელები კვლავ ფიქრობენ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი გეგმის გარკვეული ასპექტები მოსკოვისთვის სასარგებლოა და რომ აშშ ზელენსკის ბევრად უფრო მეტად უბიძგებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ეს, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ აშშ ასევე ახდენდა ზეწოლას პუტინზე, რათა მასაც შეერბილებინა თავისი მოთხოვნები.

მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ორ საკითხზე: რუსეთის მოთხოვნაზე, რომ უკრაინამ დათმოს დონბასის რეგიონი, მათ შორის ის ნაწილებიც, რომლებსაც მისი ჯარები არ აკონტროლებენ, და უკრაინის მოთხოვნაზე უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შესახებ აშშ-ის მხრიდან, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის მომავალი აგრესია.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კიევის გადმოსახედიდან აშშ-ის შეთავაზება გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტრამპის მრჩევლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა გასულ კვირას კრემლში პუტინთან ხუთსაათიანი შეხვედრა გამართეს.

ოფიციალური პირის თქმით, უიტკოფსა და კუშნერს, როგორც ჩანს, ზელენსკისგან მკაფიო „დიახ“ სურდათ, როდესაც ისინი შაბათს ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს მასთან გეგმას განიხილავდნენ.

„გვეგონა, რომ აშშ სხვადასხვა გზით ცდილობდა ჩვენთვის მიეყიდა რუსეთის სურვილი, დაეპყრო მთელი დონბასი და რომ ამერიკელებს უნდოდათ, ზელენსკის ყველაფერი მიეღო სატელეფონო ზარის დროს“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way