რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ გამოცემა „თაიმში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის „კულტის“ ოფიციალური დასასრული დასავლურ მედიაში.
სიმბოლურია ისიც, რომ მისი ავტორი საიმონ შუსტერია - 2022 წლის დეკემბერში სწორედ მისი სტატია გამოაქვეყნა იმავე „თაიმმა“, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი „წლის ადამიანად“ გამოაცხადა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შუსტერმა არაერთი მასალა მიუძღვნა უკრაინის პრეზიდენტს და მის მეუღლეს, ოლენა ზელენსკას.
განვლილი წელიწადნახევრის მანძილზე შუსტერის მიერ „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუები გარკვეულწილად აყალიბებდა დასავლური საზოგადოების დამოკიდებულებას უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.
ამ დამსახურებისთვის, ანუ ოფიციალურად - „უკრაინული სახელმწიფოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“, 2022 წლის აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტი ორდენითაც დააჯილდოვა.
ამ ფონზე, შუსტერის ბოლო წერილი ბუნებრივია, განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა უკრაინის ხელისუფლების და პირადად ზელენსკისთვის, რადგან წინა მასალებისგან განსხვავებით, ის წარმოგვიდგენს არა „მსოფლიოს გამაერთიანებელ“ ლიდერს, არამედ ადამიანს, რომელიც ყველამ მიატოვა, რომლისგანაც უკვე ყველა დაიღალა.
ავტორის აზრით, ზელენსკი ვეღარ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას: - ვერ ინარჩუნებს მსოფლიოს ყურადღებას უკრაინის პრობლემის მიმართ; უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ საზოგადოებაში გამუდმებით მცირდება და ასევე, ცივდება დამოკიდებულება თავად ზელენსკის პიროვნების მიმართაც.
აშშ-ში უკანასკნელი ვიზიტის დროს მას არ მისცეს კონგრესში საჯარო გამოსვლის საშუალება, სენატორებმა უკრაინის პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა ნამდვილი დაკითხვა მოუწყვეს. ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტის გუნდმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ ზელენსკი ოპრა უინფრის გადაცემაში ან FOX NEWS-ის ეთერში გამოჩენილიყო...
სტატიის თანახმად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შემდეგ, უკრაინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო შემცირდა. ამას გრძნობს და განიცდის ზელენსკიც, რომელსაც უარს ეუბნებიან ისრაელში ვიზიტზე - „ახლა ამის დრო არ არის“ - ციტირებს ავტორი ოფიციალური თელ-ავივის პოზიციას, რომელიც ისრაელის მედიამ გაავრცელა.
ზელენსკი წუხს, რომ დასავლეთი უკრაინის ომით დაიღალა და კიევის გამარჯვების უკვე აღარ სჯერათ; ამასთანავე, „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატია უკრაინის პრეზიდენტს წარმოგვიდგენს, როგორც ავტორიტარული მიდრეკილებების ჯიუტ პოლიტიკოსს, რომელსაც სიმართლის თქმას ვერავინ უბედავს.
მაგალითად, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ გაჭიანურებულმა ომმა მობილიზებული ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი უკვე შეიწირა და ამჟამად უკრაინელი ჯარისკაცის საშუალო ასაკი 43 (!) წელია.
„ის საკუთარ თავს ატყუებს - ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვაქვს - მაგრამ აბა გაბედე და უთხარი ეს პირდაპირ“ - ციტირებს შუსტერი ერთ-ერთ ჩინოვნიკს, რომელმაც, ჟურნალისტის თქმით, ანონიმურად დარჩენა ისურვა.
სტატიის მიხედვით, მოსახლეობას სულ უფრო და უფრო აღიზიანებს სამხედრო კომისარიატების თვითნებობა, რომელიც ხშირად ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი „გარეკოს ფრონტზე“, რადგან მოხალისეობრივი განწყობა და ენთუზიაზმი საზოგადოებაში უკვე აღარ იგრძნობა. ამასთან, ეს უწყება ომის მთელი პერიოდის მანძილზე უკიდურესად კორუმპირებული იყო და მდიდარი ოჯახის შვილებმა მასობრივად აარიდეს თავს გაწვევას.
ზოგადად, კორუფციას სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ზელენსკი წარმოდგენილია როგორც პრეზიდენტი, რომელიც თავად აფარებს ხელს საკუთარ კორუმპირებულ გუნდს და თანამებრძოლებს.
თვალსაჩინოებისთვის ავტორს მოჰყავს ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაც: - პრეზიდენტის მრჩევლის, როსტისლავ შურმას ძმა, რომელსაც ომამდე მზის ელექტროსადგურების ბიზნესი ჰქონდა სამხრეთ უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობდა სახელმწიფოსგან ფულის მიღებას ელექტროენერგიის წარმოებისთვის; მაშინ როცა ის ტერიტორია, სადაც მზის ელექტროსადგურები იყო განთავსებული, ოკუპაციის გამო საერთოდ მოწყდა უკრაინულ ელექტროსისტემას და ბუნებრივია, არავითარი ელექტროენერგია ამ თანხების სანაცვლოდ უკრაინას არ მიუღია.
მას შემდეგ, რაც მედიამ ყურადღება მიაქცია ამ შემთხვევას, ანტიკორუფციულმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო; თუმცა პრეზიდენტმა, ნაცვლად იმისა, რომ გაეთავისუფლებინა საკუთარი მრჩეველი ან თუნდაც, გამოძიების დასრულებამდე დისტანცირებულიყო მისგან, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, დემონსტრაციულად შეიყვანა შურმა საკუთარ დელეგაციაში.
სტატიის ავტორი პირადად შეხვდა შურმას კიევში და პირდაპირ დაუსვა კითხვა - ხომ არ ჯობდა „ცოტა ხნით ჩრდილში გადასულიყო?...“
„ - თუ ამას გავაკეთებ, ხვალ გუნდის ყველა წევრი სამიზნე გახდება“ - ასეთი იყო პრეზიდენტის მრჩევლის პასუხი.
ამ პასუხიდანაც ნათელია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.
ჟურნალისტი ციტირებს ზელენსკის კიდევ ერთ მრჩეველს, რომელიც ამბობს, რომ „ხალხი ისე იპარავს, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ გათენდება. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებამ რეალურად არაფერი შეცვალა...“
აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა შუსტერის სტატიას „სისულელეების გროვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტის ანონიმური წყაროებით უკრაინის შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მან ასევე თქვა, რომ ამერიკელ ჟურნალისტს არ აქვს ნამდვილი ინფორმაცია უკრაინის შესახებ და არ იცის, საერთოდ საიდან მოიტანა მსგავსი ცნობები.
თავის მხრივ, ჟურნალისტი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში კიდევ არაერთ მასალას შემოგვთავაზებს უკრაინის თემაზე და მათ შორის იმ დაპირისპირებებზე, რომელიც ზელენსკის გუნდში მიმდინარეობს.
ანუ ამ ისტორიას, როგორც ჩანს, გაგრძელება ექნება.
მანამდე შეგვიძლია უბრალოდ აღვნიშნოთ, - „თაიმის“ მიერ წლის ადამიანად დასახელება სულაც არ ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში იგივე „თაიმი“ წლის მთავარ იმედგაცრუებად არ გამოგაცხადებს.