ყოფილი სსრკ-ის პერიოდში, ქართველ სპორტსმენებს "დიადი ქვეყნის" შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად უხდებოდათ ასპარეზობა.
იმ ხანად საერთაშორისო სარბიელზე გასვლა რთული საქმე იყო და ჩვენებურებიც საკუთარ ქართველობასა და პატრიოტიზმს საბჭოთა "ძმური" ეროვნების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ამტკიცებდნენ, ამათგან განსაკუთრებული "ხიბლი" მაინც რუსებთან პაექრობებს ჰქონდა. ისინი ხომ ყველა სხვა ეროვნებებს ზემოდან უყურებდნენ და სპორტშიც უპირობო გაბატონებისაკენ მიისწრაფოდნენ.
მრავალი ჩვენებური ფეხბურთელი დაჩაგრეს თავის დროზე რუსებმა, მაგრამ ამათგან მაინც დავით ყიფიანის "ისტორიაა" გამოსარჩევი.
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დათოს ნაცვლად მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშე იური გავრილოვი წაიყვანეს. ყიფიანის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ დათო "ზედმეტად ქართველი" ფეხბურთელი გახლდათ.
სსრკ-ის ნაკრები კი მაინც რუსებისა იყო. გუნდი მათი ფილოსოფიით თამაშობდა და მასში უფრო კარგ "ხელოსანს" შეიყვანდნენ ვიდრე ხელოვანს.
იმ ხანად საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონსტანტინე ბესკოვი იყო. იმ პერიოდიდან დიდი დროა გასული და საინტერესოა თუ როგორ გაიხსენებდა 1982 წლის პერიოდს სსრკ-ის ეროვნული გუნდის იმდროინდელი თავკაცი. რამდენიმე წლის წინ ბესკოვს ჩვენებური მასმედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ.
კონსტანტინ ივანიჩმა ყიფიანის იგნორირების შესახებ შემდეგი განაცხადა:
"ეს დრომოჭმული თემაა, რომელსაც უამრავი ჭორები მოჰყვა და მათ სიმართლესთან არაფერი აქვთ საერთო. მე ეროვნული ნიშნით მოთამაშეთა შერჩევისას არასოდეს მიხელმძღვანელია და რატომ უნდა დამერღვია ეს პრინციპები ყიფიანის შემთხვევაში? გახსოვთ, რამდენი თბილისელი და კიეველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა ნაკრებში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ბევრი. ყიფიანს მაშინ თამაში არ შეეძლო. ხომ არ შეიძლება მოედანზე დაშავებული ფეხბურთელი გამოიყვანო? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დავით ყიფიანის ნიჭს ძალიან ვაფასებდი, მაგრამ მე ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდი".
ქართველი ფეხბურთელების დიდი მეგობარი, კიევის "დინამოს" წევრი, ლეონიდ ბურიაკი, მაშინდელ მოვლენებსა და ყიფიანი-ბესკოვის რთულ ურთიერთობას შემდეგნაირად იხსენებს:
"გავრილოვი კარგი პიროვნებაა, ფეხბურთელიც ასეთივე იყო, მაგრამ საქართველოში მართალს ამბობდნენ. იმ დროს ყიფიანი გაცილებით უკეთეს ფორმაში გახლდათ. გავრილოვის კონდიციები ყიფიანისას საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა. ყიფიანმა რამდენი შესარჩევი მატჩიც ითამაშა, იმდენჯერ საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ბესკოვი სხვაგვარად ფიქრობდა. დათო და კონსტანტინ ივანიჩი ერთმანეთში შეხმატკბილებულად ვერ იყვნენ. ვიცოდი მათ შორის რაღაც რომ ხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ საქმეში არასდროს ჩავრეულვარ".
საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დავით ყიფიანმა მწვრთნელის პროფესია აირჩია და ამ სფეროშიც წარმატებებს მიაღწია.
ერთი ხანობა რუსეთშიც მოღვაწეობდა, სადაც იქაური ჩემპიონატის ბოლო ადგილზე და გასავარდნად განწირული იაროსლავის "შინიკი" ჩაიბარა. ეს გუნდი ყიფიანმა სეზონის დასასრულისათვის ცხრილის შუამდე აიყვანა. ამ დროს ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა მისი დიდი "მეგობარი" კონსტანტინე ბესკოვი.
ამ უკანასკნელმა ყველასათვის გასაკვირად, ყიფიანი-მწვრთნელის რუსულ წარმატებებს, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" საკმაოდ თბილი სტრიქონები მიუძღვნა: "დავით ყიფიანი ერუდირებული პიროვნება და კარგი ანალიტიკოსია. მწვრთნელის მონაცემები მას ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშებისას ეტყობოდა. ყიფიანი დიდებული ტექნიკის პატრონი გახლდათ და ტაქტიკაშიც ბევრს სჯობნიდა. მან სერიოზულად მოჰკიდა ხელი მწვრთნელის რთულ საქმეს. ოპტიმისტურად ვაფასებ დათოს პერსპექტივებს ახალ როლში. მან უკვე შეიძინა სათანადო გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. რატომ არ უნდა ისახელოს თავი სამწვრთნელო ასპარეზზე ამ დიდებულმა მოთამაშემ?"
კარგია, როდესაც შენს საყვარელ ფეხბურთელზე ასეთ დახასიათებას ამოიკითხავ, მაგრამ ამბობენ: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო".
რას ერჩოდა თავის დროზე ბესკოვი ყიფიანს და რატომ დაუნგრია საფეხბურთო კარიერა? ყიფიანის ამბავმა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაგვახსენა, როდესაც ასევე სრულიად უმიზეზოდ სსრკ-ის ნაკრებში არ შეიყვანეს ედუარდ სტრელცოვი და მიხეილ მესხი. ესპანეთის მუნდიალზე კი დათოსთან ერთად ნაკრების მიღმა ვლადიმერ გუცაევიც დატოვეს.
რადგან დავით ყიფიანზე ვსაუბრობთ, ერთ ისტორიასაც გავიხსენებთ. 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ამ ზეიმიდან ერთი კვირის შემდეგ, 1981 წლის 21 მაისს სრულიად საქართველოს კიდევ ერთი "სახალხო დღესასწაული" - ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების 60-წლიანი იუბილე ელოდა.
ამასთან დაკავშირებით, თბილისს იმდროინდელი პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა ეწვია, ლეონიდ ბრეჟნევის თავკაცობით.
20 მაისის საღამოს, დიღმის ბაზაზე კახა ასათიანმა "დინამოს" ფეხბურთელებთან სტუმრად ბრეჟნევისა და უკრაინის ცეკა-ს პირველი მდივნის, შჩერბიცკის თანაშემწეები მიიყვანა. უკრაინელმა ყიფიანს შჩერბიცკის საჩუქარი -მაგიდისხელა კიევური ტორტი მიართვა. ასე მიულოცა ევროპული თასის აღება უკრაინის პირველმა მდივანმა საყვარელ ფეხბურთელს. გაიშალა სახელდახელო სუფრა, სადაც მოგვიანებით "დინამოს" ხელმძღვანელობამ შექეიფიანებულ ბრეჟნევის თანაშემწეს შეაპარა, რომ იქნებ მეორე დღის გამოსვლაში "ძვირფას გენსეკს" თბილისელი მოთამაშეებისათვის დიუსელდორფული წარმატება მიელოცა.
ეს ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და მეორე დღეს მთელმა საქართველომ ბრეჟნევის პირით შემდეგი სიტყვები მოისმინა: "ნე პოდველი ტბილისკიე დინამოვცი, ზა კატორიხ ვსე მი პერეჟივალი".