USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«Rzeczpospolita» (პოლონეთი): „პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა: სამი დიდი შეცდომა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუშვა“
თარიღი:  530

პოლონეთის მასმედიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა უკრაინასთან ურთიერთობის პრობლემებს, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა და კიევსა და ვარშავას შორის მორიგი „წაკინკლავების“ სახით. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ ბევრი ისტორიული ხასიათის პრობლემა არსებობს, რასაც ახალიც ემატება.

პოლონურმა ყოველდღიურმა გაზეთმა „რეჩპოსპოლიტამ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სამი დიდი შეცდომა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთთან მიმართებით დაუშვა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინა და პოლონეთი უშუალო მეზობლები არიან და როცა მეზობლებს შორის რაიმე საკითხის განხილვაა საჭირო, ამისთვის შესაბამისი დრო, ადგილი და არგუმენტები უნდა შეარჩიო. მეზობელთან უბრალო მარილისთვის არ უნდა მიხვიდე იმ დროს, როცა იცი, რომ ის ძალიან სერიოზული საშინაო პრობლემებითაა დაკავებული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი პოლონეთთან მიმართებით სამი ძირითადი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაართულეს ურთიერთობა.

პირველი შეცდომა:

უკრაინელებმა ვერ მოითმინეს და პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში „ჩაებნენ“.

კიევი თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე მიდის და ქცევის წესებს არღვევს - პოლონეთის ხელისუფლებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლა: ევროკავშირის დადგენილებას არღვევს და თავის შიდა ბაზარზე ხორბლის გაყიდვის უფლებას არ მაძლევსო. თანაც რა დროს - როცა პოლონეთში დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და მმართველ პარტიას, რომელზეც უკრაინა ნაწყენია, საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს - გაურკვეველია, გაიმარჯვებს თუ არა 15 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში. მოკლედ, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ნებით აღმოჩნდა ჩათრეული ვისლის ნაპირებზე დაწყებულ ბოლო წლების უდიდეს პოლიტიკურ ტორნადოში. არადა, რა ეჩქარებოდა, მოეცადა კიდევ მცირე ხანს და სიტუაციას ნუ დაამძიმებდა. კიევისთვის ხომ უფრო უკეთესია, რომ პოლონელმა პოლიტიკოსებმა რუსეთის წინააღმდეგ იფიქრონ და არა უკრაინის ხორბლის გაყიდვაზე. 

რას მოიგებს უკრაინა პოლონეთთან ჩივილით ვაჭრობის მსოფლიო ორგნიზაციაში? ექსპერტები გაკვირვებულები არიან კიევის დემარშით. კაცმა რომ თქვას, პოლონეთი უკრაინული ხორბლის მსხვილი იპორტიორი არასოდეს არ ყოფილა და ის ხორბალი, რომელიც პოლონეთში ვერ გაყიდა, შეეძლო სხვაგან გაეტანა - ესპანეთში, თურქეთში, ბანგლადეშში. მაშ რა სურს ვოლოდიმირ ზელენსკის? ღირს „ჩიტი ბრდღვნად“? ასეთი კითხვები უჩნდება ბევრ კომპეტენტურ ექსპერტს და ანალიტიკოსს. პოლონეთთან დავის საკითხში ისინი ვერავითარ სარგებელს ვერ ხედავენ უკრაინისათვის. პოლონეთს ხომ ტრანზიტი არ გაუჩერებია, უბრალოდ, უკრაინული მარცვლეულის გაყიდვა შიდა ბაზარზე აკრძალა, რასაც თავისი მიზეზი აქვს: წინ არჩევნებია და მთავრობას თავისი ფერმერების, ანუ მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის უკმაყოფილება არ სურს. ნუთუ ამას კიევი ვერ აცნობიერებს?

მეორე შეცდომა:

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორბალზე დავა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე გაიტანა და იქიდან, ყველას გასაგონად განაცხადა - „ევროპაში ვიღაც-ვიღაცა მსახიობები მოსკოვურ თამაშს თამაშობენო“. ვარშავაში ეს დამცინავი მინიშნება კარგად გაიგეს და სათანადოდ შეაფასეს. უკრაინის  პრეზიდენტმა, იმის ნაცვლად, რომ ორმხრივი დაძაბული მომენტი ადგილზევე - კიევში - განემუხტა, ნიუ-იორკში გაიტანა და იქიდან „ცეცხლზე ნავთი დაასხა“.

როგორც ჩანს, გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიში იმ მსახიობმა გაიღვიძა, რომელმაც, მანამ, სანამ პოლიტიკურ გზაზე გავიდოდა, ერთ-ერთ საკულტო უკრაინულ სერიალში სახელწოდებით „ხალხის მსახურში“, სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) როლი შეასრულა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში პრეზიდენტი გოლობოროდკო (ანუ ზელენსკი) წყვეტს მოლაპარაკებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, უცენზუროდ აგინებს თავის მოსაუბრეს და ხელმოსაწერად მომზადებულ დოკუმენტებს აქეთ-იქით ფანტავს.

ფილმში პრეზიდენტი წყვეტს ამ უღირს გარიგებას და მაყურებელს აჩვენებს, რომ მას მტკიცედ დგომა და მკაცრი რეაგირება შეუძლია. არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმეტესად სწორედ ამ როლის წყალობით გაიმარჯვა - უკრაინელებს ეგონათ, რომ თავიანთი ოცნების პრეზიდენტი აირჩიეს, რომელსაც შეუძლია თამამად და მტკიცედ ელაპარაკოს უცხოელებს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას. მაგრამ როცა რუსეთთან ომი გაქვს, ამ დროს ერთმანეთისაგან  უნდა განასხვავო მეგობრები და პარტნიორები. გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ის სახელმწიფოები უნდა გაკიცხო, რომლებიც პუტინთან „ფლირტაობენ“ და არა მეგობრები, რომლებიც რუსეთის თავდასხმის დღიდან გეხმარებიან და მხარში გიდგანან.

მესამე შეცდომა:

ცუდი მომენტი პოლონელი ოპოზიციონერი ჟურნალისტების დასაჯილდოებლად

ვოლოდიმირ ზელენსკის ნამდვილად არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც მან ნიუ-იორკში  და იქიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. მან გაეროში უარი თქვა თავის პოლონელ კოლეგასთან ანჯეი დუდასთან შეხვედრაზე, შემდეგ კი უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ლიუბლინში ყოფნის დროს დააჯილდოვა პოლონური ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტები. ბევრმა პოლონელმა ეს ფაქტი აღიქვა როგორც სილის გაწვნად მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელების მიმართ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ზელენსკიმ დასაჯილდოებლად პოლონეთის ხელისუფლებისათვის არასასურველი კანდიდატურები შეარჩია. მართალია, მმართველ პარტიას არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ეს იყო ზელენსკის მიერ კაჩინსკის ბოსტანში ნასროლი კიდევ ერთი ქვა.

დღეს უკრაინა სარისკო თამაშს თამაშობს და შეიძლება მან, დიდი ალბათობით, წააგოს.

წყარო: https://www.rp.pl/publicystyka/art39214221-relacje-ukraina-polska-trzy-bledy-ktore-popelnil-wolodymyr-zelenski

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.