USD 2.6927
EUR 3.2277
RUB 3.5344
თბილისი
ზაზა ზივზივაძე-შვეიცარიაში მცხოვრები ექიმი
თარიღი:  1761

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2004 წელს ჩავირიცხე სრული სახელმწიფო დაფინანსებით. მაშინ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და იმედი მომეცა, რომ ჩემი შრომით მიზანს მივაღწევდი.

უნივერსიტეტში საოცარ, პატრიოტ, უანგარო და უაღრესად განათლებულ პროფესორ-მასწავლებლებთან მომიწია ურთიერთობა, მათ ჩემს ცხოვრებაში და პროფესიულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს. განსაკუთრებულად დავმეგობრდი პროფესორ თეიმურაზ პეტრიაშვილთან. ეს იყო კაცი, რომლისგანაც ვისწავლე, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული, პროფესიონალი, ასევე თავმდაბალი და საკუთარ ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანი. ჩვენ სისტემატიურად ვსაუბრობდით არაერთ თემაზე. ვსაუბრობდით მედიცინაზე, ისტორიაზე, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებზე.

საქართველოში საკუთარი შრომით წარმატების მიღწევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი მეჩვენებოდა. ბატონ თემურთან ერთად ბევრი მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, სწავლის გაგრძელების მიზნით გერმანიაში წავსულიყავი.

გერმანიაში ყველაფრის გარეშე, 2007 წლის დეკემბერში ბავშვების მომვლელად ჩამოვედი ერთ-ერთ ოჯახში, რადგან მაშინ ეს იყო ყველაზე იაფი, ლეგალური და ადვილი გზა საქართველოდან წამოსასვლელად. ცხოვრება ისევ ნულიდან დავიწყე.

ორი წლის შემდეგ ჩავირიცხე გერმანის ერთ-ერთი პრესტიჟულ და საუკეთესო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ქალაქ ფრაიბურგში. სწავლა და თან მუშაობა მიწევდა, რაც ძალიან რთული იყო. ალბათ სწავლის დასრულება ძალიან გამიჭირდებოდა, ბოლო წლებში ერთ-ერთი ფონდიდან სტიპენდია რომ არ მიმეღო, როგორც წარჩინებულ სტუდენტს.

რისთვისაც გერმანელი პროფესორის რეკომენდაციაც მჭირდებოდა და განაცხადი გავაკეთე მაშინდელ დეკანთან, კლინიკის დირექტორთან პროფესორ ჰუბერტ ბლუმთან.

საბუთებს ბატონი თემურ პეტრიაშვილის რეკომენდაციაც დავურთე და რამდენიმე დღეში უნივერსიტეტიდან დამირეკეს, რომ რეკომენდაცია მზად იყო და შემეძლო პირადად პროფესორისგან წამომეღო. მაშინ აღმოვაჩინე, რომ პროფესორი ბლუმი იცნობდა და უპირობოდ ენდობოდა ბატონი თემურის რეკომენდაციას. ის თურმე თვალს მადევნებდა სწავლის დაწყების დღიდან და ეს რეკომენდაცია ჩემი საბუთების განხილვის დროს, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს ჰქონდა წაკითხული. იმ დღეს გავიცანით პირადად ერთმანეთი და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. პროფესორი ბლუმი შემდეგ ჩემი მენტორი იყო უნივერსიტეტის დასრულებამდე.

სტიპენდია მივიღე და ამით მომეცა საშუალება, მთელი ენერგია უნივერსიტეტისთვის დამეთმო.

ყველა სირთულის მიუხედავად, ყველაზე ცუდ და გამოუვალ დროს, ღმერთი ყოველთვის მიგზავნიდა ცხოვრების გზაზე საოცარ ადამიანებს, რომლებიც სტიმულს მაძლევდნენ, რომ არ გავჩერებულიყავი.

უნივერსიტეტი 2016 წელს დავამთავრე. შემდეგ ორი წელი გერმანიის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვმუშაობდი, შინაგანი მედიცინის და კარდიოლოგიის

დეპარტამენტში. 2018 წელს მიწვევით მოვხვდი შვეიცარიის ქალაქ ლუცერნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, პროფესორ მიქაელ ქრისტთან. ამ კლინიკაში ვიმუშავე ასევე ინტენსიური მედიცინის დეპარტამენტში და ვეზიარე თანამედროვე მედიცინას. პარალელურად მქონდა ბედნიერება ბაზელის უნივერსიტეტში, პროფესორ ქრისტიან მიულერთან მეწარმოებინა სამეცნიერო საქმიანობა. ეს

განვლილი გზა იყო პროფესიულად ძალიან ნაყოფიერი და ლიცენზიის აღების შემდეგ, 2021 წელს გავხდი ციურიხის ერთ-ერთი კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექიმი.

მას შემდეგ თავად ვარ ჩართული ახალგაზრდა კოლეგების სწავლების პროცესში. ეს საქმე ძალიან მომწონს და ყოველ დღე მიხარია, რომ ექიმი ვარ.

შვეიცარიაში მედიცინა ძალიან განვითარებულია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გაზარდოს მხოლოდ პროფესიონალი კადრები. მათი პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებით ყოველ დღე შეიძლება განცვიფრდე ადამიანი. ამ რეალობაში ყველანაირი პირობა გეძლევა, რომ საკუთარი ნიჭით და დაუღალავი შრომით მიაღწიო წარმატებას. ადვილი არაა, მით უმეტეს უცხოელისთვის, მაგრამ ვინც მოინდომებს, ის აუცილებლად მიაღწევს საკუთარ მიზანს, რადგან აქ შრომას აფასებენ.

ვისურვებდი, საქართველოშიც მოგვეცეს საშუალება ჩვენი ცოდნის და გამოცდილების რეალიზების.

აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ერთმანეთის შრომას დავაფასებთ. უკან დაბრუნება კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე

აქამდე განვლილი გზა, მაგრამ ამაში სახელმწიფომ უნდა ითამაშოს დადებითი როლი და გამოხატოს ინტერესი . არ შეიძლება უმცროსი ექიმი რეზიდენტურის გავლის დროს იქეთ უხდიდეს კლინიკას ჰონორარს და შემდეგ ლიცენზირებულს 1000 ლარი ჰქონდეს ხელფასი, როცა კლინიკის მეპატრონე მილიონობით მოგებას იღებს ყოველ წელს. ასე მედიცინა ვერ განვითარდება და პერმანენტულად დავკარგავთ კვალიფიციურ კადრებს. ექიმს და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, თუ გვინდა განვითარება.

ჩემი მომდევნო გამოწვევაა საოჯახო და გადაუდებელი მედიცინის ცენტრის დაარსება ქალაქ ლუცერნში და შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

ახალგაზრდებს, ჩემს მომავალ კოლეგებს მინდა ვურჩიო, რომ არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების. ყველა ახალი დაბრკოლება მხოლოდ გაგაძლიერებთ და დაგაყენებთ სწორ გზაზე. ერთ კარებს თუ დაგიკეტავენ, შემოტრიალდით და დაინახავთ, რომ სხვა უამრავი კარია თქვენთვის ღია.

Speech • სფიჩი

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის