USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ზაზა შათირიშვილი: ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან
Date:  239

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც არაერთხელ ვთქვი - ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ევროპული მედიასაშუალებები საბჭოთა სტილის ცენზურის ქვეშ მოქმედებენ, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ანალოგიური ვითარება 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ. რამდენჯერმე ხსნიდნენ ერთი და იგივე გზას თუ საწარმოს და ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოს დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ჰქონია. ბევრს ემახსოვრება, კლიპებით როგორ გვიჩვენებდნენ აქსის თაუერის მშენებლობას და გვიცხადებდნენ, რომ მისი ფუნდამენტის მოსამზადებლად ლამის ბომბეიმდე უწევდათ მიწის ამოღება, როცა ჯერ მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო. სხვათა შორის, იმ მშენებლობის დასრულება საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიებს გასდევდა კომუნისტური სტილის ყალბი ლოზუნგი - არ შეაჩეროთ მშენებლობა! მონოპოლიური მედიის ნარკოტიკული ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ აღმშენებლობის ბუმის ყალბი აღქმის გავლენის ქვეშ ნაცმოძრაობის ათეულობით ათასი ამომრჩეველი დღემდეა დარჩენილი.

დღეს, როდესაც გზების, საწარმოების, სასტუმროების თუ სხვა ობიექტების მშენებლობის ტემპი ხუთჯერ და ათჯერ არის გაზრდილი, მოქმედი ხელისუფლება ამით ჭარბად არ ტრაბახობს, რასაც თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება ეჩვევა აზრს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა არა ხელისუფლების წყალობა, არამედ მისი ვალდებულებაა.

მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს. საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. სინამდვილეში პოლიტიკა სიბინძურეა, დიდი პოლიტიკა კი - დიდი სიბინძურე. დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ეშმაკები და ანგელოზები და აქ ყველა მოქმედებს თომას ჰობსისეული პრინციპით - კაცი კაცისთვის მგელია.

ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა.

ყველას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი ამერიკელების აგენტია და მათ გარეშე ნაბიჯს ვერც 2008 წელს გადადგამდა. 2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა. მანამდე პუტინს სრულიად სუფთა რეპუტაცია ჰქონდა, არცერთი საგარეო ომი არ ჰქონდა წარმოებული და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპასთან კავშირების გამყარებაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული, რასაც წარმატებით ახერხებდა კიდეც. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2000 წლიდან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა 196 მილიარდიდან 1.7 ტრილიონამდე გაიზარდა, რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე პუტინი კი, ევროპაში მიღებული და პატივსაცემი კაცი გახდა. რუსეთის განვითარება მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც დადებითად აისახა და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სწორედ 2000-2007 წლებში ჰქონდა. იგივე ეხება ევროპასაც, რომელმაც რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომით უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მიიღო და რომლის ეკონომიკა იმავე, 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ, ორჯერ გაიზარდა.

ამერიკელებმა ევროპა და რუსეთი ერთმანეთს პირველად სწორედ 2008 წლის ომით დააშორეს, რამაც ევროპისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია. პირველად მაშინ დააზიანეს პუტინის იმიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს არაპროვოცირებულს არავინ უწოდებდა. 2008 წელს მკვეთრად დააშორეს რუსეთი საქართველოსაც, რამაც ჩვენს ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მოუტანა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვასა და აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომმა საქართველოს ეკონომიკა და რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი უმძიმესად დააზარალა. აქვე ვიტყვი, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან.

ამერიკელებს ამ ყველაფრისთვის გარკვეულწილად ვერც გაამტყუნებ. მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და როგორც უკვე ვთქვი, კაცი კაცისთვის მგელიას პრინციპით მოქმედებენ. მათი გამტყუნება მხოლოდ იმაში შეიძლება, რომ ამ ყველაფერს ისინი ძალიან უხეში ფორმითა და მეთოდებით აკეთებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გაწირვასაც კი არად დაგიდევენ.

დღეს ამერიკელები სრულად აკონტროლებენ ევროპაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მედიას. როდესაც კეტავ სიტყვის თავისუფლებას, ყველაფრის გაყიდვა შეგიძლია. ასე მარტივად გაყიდეს მათ შარშან ევროპის თვითგანადგურებაც, რაზეც ევროპულ ისტებლიშმენტთან ერთად, ევროპის მოსახლეობასაც იოლად მოაწერინეს ხელი.

ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება. თუმცა, ისინი იმას ვეღარ თვლიან, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ამ პირობებში, საქართველოში მათი გეგმების რეალიზება ისეთი მარტივი აღარ არის, როგორც ეს 2012 წლამდე იყო. თავისუფალი მედიის პირობებში ვეღარ გაყიდი აზრს, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი ან ვალერი გელაშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია. ნებისმიერ ასეთ სიცრუეს თავისუფალი მედიის წყალობით საქართველოში მარტივად გაეცემა პასუხი.

ბოლოს, ვიტყვი, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ ამ ინტერესების სადარაჯოზე თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე არავინ იზრუნებს, თუ ეს ჩვენ თავად არ გავაკეთეთ. ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, შარშან და წელს საქართველოში ჯერ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, შემდეგ კი, ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული. აგენტოკრატიის პირობებში ქვეყნისთვის უმძიმესი ზიანი გარდაუვალია, რაც 2004-12 წლის გამოცდილებამ ყველაზე კარგად გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკელების თამაშებს არ ავყვეთ, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და ქვეყანა მათი აგენტურის ხელით გასანადგურებლად არ გავწიროთ. ილია ჭავჭავაძის შეგონება - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, არამედ ჩვენი იდენტობის გულის გული“, - წერს შათირიშვილი.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way