USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ზაზა შათირიშვილი - იქნება თუ არა საქართველოს ადგილი ოლიგარქიული ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში
Date:  430

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც თბილისი პოსტი უცვლელად გთავაზობთ.

„გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. თუ 2007 წელს ბანკის ერთი აქციის ფასი 84 შვეიცარიულ ფრანკს აღემატებოდა, დღეს მისი ფასი მხოლოდ 0,88 ფრანკს შეადგენს. აქციების ფასის 100-ჯერ გაუფასურების ფონზე, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.

როგორც წინა წერილებშიც ვახსენე, „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტისა და უშუალო პოლიტიკური გავლენების წყალობით, ოჯახები მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ახერხებენ პოლიტიკურ ექსპანსიას, ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებას, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებას, ომების გაჩაღებას, სახელმწიფოების იდენტობისა და თვითმყოფადობის მოშლას, ისევე, როგორც საზოგადოების ზომბირებისკენ მიმართული ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას.


ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზნების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათ შორის საუბარია მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირებაზე. ამ მიზანს ემსახურება ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. თითოეული ეს იდეოლოგიური ხაზი ადამიანის უფლებების დაცვის, მათი თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფის ბრჭყვიალა შირმით არის შენიღბული.

გარდა ამისა, ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებები - „საოცარი ახალი სამყარო“ და „1984“, ასევე ენტონი ბერჯესის “სასურველი მარცვალი”, გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ, რომ ზუსტად გაიაზროთ, როგორ სამყაროს უმზადებენ ოლიგარქიული ოჯახები თქვენს შვილებს.

სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მანკიერ გეგმებს შეეწირა დემოკრატია საერთაშორისო მასშტაბით. ისინი უკვე დიდი ხანია ფლობენ პრინციპულ გავლენას ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებზე, 2008 წლიდან კი მათ ასეთივე გავლენა ევროპულ სტრუქტურებზეც მოიპოვეს. ამ გავლენის წყალობით, მათ შეძლეს ევროპის ეკონომიკის ზრდის შეჩერება. თუ 2003-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 8-დან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა, 2009-22 წლებში მან 14-წლიანი სტაგნაცია განიცადა და შარშან მხოლოდ 16,6 ტრილიონი შეადგინა.

სწორედ ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის ფასი - აგენტოკრატია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების მორალური სტერილიზაცია. სადამდე მიიყვანს ეს პროცესები ევროპას, პირადად ჩემთვის თანდათანობით სულ უფრო ცხადი ხდება.

ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, რომლებსაც 100 წლის წინ მოღვაწე ბოლშევიკების მსგავსად, თავი ყველაზე პროგრესულ კასტად მოაქვთ და სინამდვილეში, კონკრეტული მანკიერი იდეოლოგიის გავრცელების შიშველ იარაღად არიან ქცეული: ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული? ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ თქვენს პოზიციას არა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ სწორედ მონური აზროვნება და თავს მოხვეული იდეოლოგიის თვალდახუჭული მორჩილება განაპირობებს? ნუთუ თქვენი შვილებისთვის გემეტებათ ის მახინჯი სამყარო, რომელიც ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებებშია აღწერილი? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები დასაცავი არიან ლგბტ პროპაგანდისგან, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი და სექსუალური იდენტობის მოშლისგან? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან? და ბოლოს, ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი?

მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, კარგად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის დაცვითა და გაფრთხილებით არის შესაძლებელი“,- ნათქვამია განცხადებაში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way