ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა, მუზეუმ - ნაკრძალს უკვე თანამედროვე და მაღალი სტანდარტის მუზეუმის სტატუსი აქვს. მისი რეაბილიტაცია რამდენიმე წელი გრძელდებოდა. იმის მიუხედავად, რომ არქიტექტორებმა დაზიანებების გამო ძველი შენობის გადარჩენა ვერ შეძლეს, ამით ვანის მუზეუმ - ნაკრძალში ძველი ცივილიზაციის ამსახველი ისტორია არ დარღვეულა - ძველი შენობის ადგილზე დღეს იდენტური შენობა დგას, რომელშიც უნიკალური ექსპონატებია გამოფენილი. ძველ შენობასთან ერთად პროექტის ავტორებმა შექმნეს ახალი ნაგებობა საზოგადოებრივი სივრცისთვის, მოეწყო მუზეუმის ეზო, პანდუსები, არქეოლოგიურ გათხრებთან მისასვლელი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არის იშვიათი მუზეუმი, აქ დამთვალიერებელს ადგილზე შეუძლია ნახვა იმ ისტორიის, რომელსაც აქ გამოფენილი ექსპონატები ინახავს, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ემოციურია. მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ გვესაუბრება არქიტექტორი ზაზა იაშვილი, რომელიც ვანის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია.
ზაზა იაშვილი: ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პირველადი კონცეფციის ავტორი არის ინგლისური კომპანიის "ელის ვილიამს არქიტექტსის" ბერლინის ფილიალის დირექტორი დიტერ ფანენსტილი. ამ კომპანიას აქვს ოფისი როგორც ინგლისში, ასევე გერმანიაში, მუზეუმის პროექტზე იმუშავა გერმანელი არქიტექტორების გუნდმა ბატონი დიტერის ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობდნენ; მირკო გაბლერი, არქიტექტორი მაურენ ლატა და მანუელა ვიესენსე. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ბატონი დავით ლორთქიფანიძის ერთ-ერთი თხოვნა ბატონი დიტერის მიმართ იყო ის, რომ შეგვენარჩუნებინა ძველი შენობა, რომელიც აშენდა 1985 წელს. იმის მიუხედავად, რომ შენობა სრულიად ამორტიზირებული იყო, არ ჰქონდა სათანადო საცავები და ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, მისი შენარჩუნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ბატონმა დიტერმა სწორედ ეს გააკეთა - პროექტის მიხედვით, მან შეინარჩუნა ძველი შენობა, მოაპირკეთა თანამედროვე მასალით და ძველ შენობას დაუმატა ახალი მინაშენი, ძირითადად საზოგადოებრივი სივრცისთვის. სამწუხაროდ, ძველი შენობის შენარჩუნება ვერ მოხდა.როდესაც დაიწყო მშენებლობა, ძველი შენობა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, გახდა დასანგრევი, თუმცა დღეს ზუსტად იმავე ადგილზე დგას იდენტური შენობა, რომელიც ძველს ისე ჰგავს, ადამიანმა რომ არ იცოდეს შესაძლოა, ვერც მიხვდეს, რომ იქ ახალი შენობა აშენდა. დღეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არის თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი. ქართველი არქიტექტორები, ეროვნული მუზეუმის არქიტექტორული ჯგუფის წევრები პროექტში მას შემდეგ ჩავერთეთ, რაც ძველი შენობა დაინგრა. ჩვენ შევცვალეთ პროექტი, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების კონცეფცია, მისი ძირითადი იდეა შეგვენარჩუნებინა.
რა არის თანამედროვე მაღალი სტანდარტის მუზეუმებისთვის მთავარი არქიტექტურული მახასიათებელი?
თანამედროვე მუზეუმების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც დიდწილად განაპირობებს მუზეუმის მაღალ ხარისხს და მის სტატუსს. მუზეუმის საზოგადოებრივი სივრცე მოიცავს მთავარ შესასვლელს, მუზეუმს სჭირდება კაფე, მცირე მაღაზია, რასაკვირველია, საინფორმაციო ზონა რათა დამთვალიერებელმა აიღოს ბილეთი ან ბროშურა, მიიღოს მეტი ინფორმაცია მუზეუმზე, საიტზე, დროებით გამოფენებზე. ბოლო წლებში თანამედროვე მუზეუმებში საზოგადოებრივი სივრცეები ორჯერ-სამჯერ გაიზარდა. ჩვენ სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში რეაბილიტაციის დროს საზოგადოებრივი ზონა 15 ჯერ გავზარდეთ.
თანამედროვე მუზეუმებისთვის უმთავრესია საინჟინრო ქსელები, რომელიც გაკეთდა სიმონ ბარამიძის მიერ. არქიტექტურულ კონცეპციაში მთავარი იყო, მუზეუმში მისული ადამიანი თავს გრძნობდეს კომფორტულად და თავისუფლად. ყველა, ვინც კომუნისტურ ეპოქაში გავიზარდეთ, მიჩვეულები ვართ, თითქოს მუზეუმში რომ შედიხარ გაშეშებული უნდა იყო და თავისუფლად მოქცევა არ შეიძლება. ეს ძველი სტერეოტიპია. ჩვენი მიზანია მუზეუმში მოსულმა ადამიანებმა, მით უმეტეს მოზარდებმა თავისუფლად იგრძნონ თავი. ეს არის თანამედროვე მიდგომა. ადამიანმა, ვინც კილომეტრებს გაივლის და ვანში დაღლილი ჩავა, მუზეუმში შესვლისას უნდა იგრძნოს, რომ აქ დაისვენებს და კომფორტულად იქნება, ეს რასაკვირველია, უპირველესად საზოგადოებრივ სივრცეს ეხება.
ვინაიდან ძველი შენობა დაინგრა და აღარ არსებობდა, გადაწყდა, გაგვეზარდა საგამოფენო სივრცეები, რის საშუალებასაც გვაძლევდა ახალი პროექტი. მთლიანად შეიცვალა გენგეგმა - საგამოფენო სივრცეები, პარკინგი, პანდუსები, მოეწყო არქეოლოგიური გათხრებისკენ ახალი გასასვლელი პანდუსები, დღეს გათხრებისკენ მიმავალ დამთვალიერებელს უფრო კომფორტული გასასვლელით უწევს გასვლა. ძირითადად შევინარჩუნეთ ძველი შენობის იერსახე, ახალი მუზეუმი გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც გამოიყურებოდა წლების წინ, როდესაც აშენდა. შენობის მოპირკეთებამ შეიტანა მცირე ცვლილებები ელემენტებში.სრულად შევინარჩუნეთ ძველი შენობის იერი, ძველი შენობა კარგად გადმოსცემდა ელინისტური არქიტექტურის ეპოქის ხასიათს, რომლის ამსახველი ექსპოზიციებიც ინახებოდა მასში. რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებზე არსებულ ძეგლებს, რომელთაც ჰქონდა ძველი უკვე ამორტიზებული დამცავი გადახურვები, ახალი გადახურვებით შეიცვალა, რაც დამთვალიერებელს უფრო კომფორტულ და ესთეტიურ გარემოს შეუქმნის. ეს პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული, საჭიროა კიდევ რამოდენიმე ძეგლის გადახურვა საინფორმაციო დაფებისა და ბილიკების მოწყობა საიტზე, ვფიქრობ ამ კუთხით ეროვნულ მუზეუმს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
დღეს რას მოიცავს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კომპლექსი?
ჩვენი პროექტის მიხედვით ახლა გვაქვს ორი შენობა - ძველი შენობის იდენტური შენობა, კიდევ უფრო პომპეზური ფასადით ვიდრე იყო, თუმცა ეს არ არის შესამჩნევი ვიზუალურად და მასთან დაკავშირებულია ასევე ახალი შენობა, კონტრასტული, თეთრი ფერის ნაგებობა, რომელიც „ძველ“ ნაგებობას უერთდება. მუდმივი საგამოფენო სივრცეები განთავსებულია ძველი შენობის იდენტურ შენობაში, მეორე შენობის დიდ ნაწილს წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცე და ასევე, თანამედროვე საგამოფენო სივრცე, სადაც ჩატარდება სხვადასხვა თემატური გამოფენები. ეს არის დროებითი საგამოფენო სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსის ეზო, რომელიც ძალიან კარგად არის ათვისებული. ეს კომპლექსი ძალიან დიდ პოტენციალს ფლობს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად.
თუ შევხედავთ ევროპული თანამედროვე მუზეუმებს, ეს არის კლასიკური მუზეუმების სტილი, როგორიც ეროვნული მუზეუმის ძირითადი ნაგებობებია თბილისში. თანამედროვე მუზეუმების სპეციფიკაში ქალაქის მუზეუმი მართლაც განსხავავდება რეგიონალური მუზეუმებისგან. სულ სხვა მოთხოვნები მოდის წინა პლანზე, თუნდაც საზოგადოებრივი სივრცე რომ ავიღოთ. არქიტექტორი ხედავს, როგორ დაალაგოს ეს სივრცე, რომ დამთვალიერებელმა მეტი კომფორტი იგრძნოს. ლუვრმა წინ ეზოში გააკეთა უზარმაზარი პირამიდა, რომ გაეთანამედროვებინა საზოგადოებრივი სივრცე და მეტად მობილური გამხდარიყო.თავისებური მიდგომა ესაჭიროება რეგიონალურ მუზეუმებს, სადაც ამოცანაც განსხვავებულია ცენტრალური მუზეუმებისგან, ხოლო ვანის მუზეუმი ეგრეთწოდებული „საიტ“ მუზეუმია, სადაც არქეოლოგიური გათხრები და სამუზეუმო ექსპოზიცია აერთმანეთს, ავსებს და ამდიდრებს, ამრიგად ამ შემთხვევაში სულ სხვა მიდგომა არის საჭირო პროექტანტებისგან. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს აქვს შიდა ეზო, ეს არის მულტიფუნქციური ზონა, სივრცე, სადაც შეიძლება ჩატარდეს ღია ლექციები, გაკეთდეს კონცერტი, სლაიდ შოუ. ამ სივრცეს პირდაპირი კავშირი აქვს მუზეუმის შესასვლელთან, ძალიან სასიამოვნოა, რომ ვანელებმა მუზეუმის ეზო თავიანთ დასასვენებელ ზონად აქციეს,ყოველ საღამოს ოჯახებით მიდიან მუზეუმის ეზოში, და ერთგვარი სარეკრეაციო ზონა დაემატა ქალაქს.
ამ ტერიტორიას ვანელები ძალიან უფრთხილდებოდნენ, იმედია ახლაც ასე გაგრძელდება, მძიმე პერიოდში როდესაც საქართველოში ძარცვა-ყაჩაღობა ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაშინაც კი არაფერი არ დაზიანებულა. იგივეს თქმა შეგვიძლია საქართველოს ეროვნულ მუზეუმზე, რომელიც მისმა თანამშრომლებმა მედგრად დაიცვეს თბილისის ომის დროს, როდესაც ეროვნული მუზეუმი ომის წინა ხაზზე იყო.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არის ის იშვიათი მუზეუმი, რომელსაც უნიკალური კოლექციები გააჩნია, რომლის ანალოგი მსოფლიოშიც ძალიან ცოტაა. ჩვენ შევინარჩუნეთ მუზეუმის ძველი არქიტექტურული ღირსება, რაც არის მისი "ფიშკა" , გავუფრთხილდით ძველს და მივაშენეთ ახალი შენობა სხვა ფერის და სხვა ტექტონიკით. ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი შესასვლელი, კიბეების კასკადი, რომელსაც მივყავართ ტრაპეციული ფორმის შესასვლელში, ნელ-ნელა შესასვლელისკენ მიმავალი გზა ვიწროვდება და ისეთ განცდას ბადებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანებას, რომ გულისხმობს. ამ ხერხით მუზეუმი იწვევს დამთვალიერებელს და ეუბნება: შემოდით, ნახეთ, აქ უზარმაზარი ისტორია ინახება. ეროვნულმა მუზეუმმა,ექსპოზიციის დიზაინის შესაქმნელად მოიწვია დიზაინერი ლინა ლოპესი. ჩვენს ჯგუფს მასთან მუშაობის დიდი გამოცდელება აქვს. მან მართლაც ძალიან შთამბეჭდავი ექსპოზიცია შემოგვთავაზა.ექსპონატები, რაც მუზეუმში არის დაცული მეცნიერების მიერ ისეა შერჩეული, რომ ზუსტად პასუხობს მიზანს - რა ისტორია უნდა მოყვეს მუზეუმმა.არქიტექტურული, საიჟინრო და დიზაინერული კონცეფციის განხორციელება მამუკა საღარაძემ და სალომე გურულმა იტვირთეს, დიდი მადლობა მათ, კომპანია "ეპტის" ვალენტინ მარტინესს და ლადო ღაჭავას, ასევე დამფინანსებლებს მსოფლიო ბანკს და დამკვეთს - მუნიციპალური განვითარების ფონდს, სამშენებლო კომპანიას. მადლობა ყველა ვანელს, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მუზეუმი და მუდმივად გამოხატავდნენ მხარდაჭერას.
მე და ჩემს გუნდს ასეთ ისტორიულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გვავქვს, მაგრამ ვანის მუზეუმზე მუშაობა იყო სრულიად განსხვავებული და ემოციური. აქ არის ისტორია, თუ რამდენად მაგრები იყვნენ ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე და ყველაფერი, რასაც ხედავს დამთვალიერებელი მუზეუმში, ყველაფერი აქ ადგილზეა გაკეთებული. ეს ხალხი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და აშენებდა ამ ყველაფერს. ექსპონატებშიც ჩანს, როგორ ღრმად არის შემოსული ელინური კულტურა საქართველოში, კერძოდ ვანში. ჩვენ მოგვიხდა მუშაობა არქეოლოგებთან, არქიტექტორების და არქეოლოგების ყველა ასეთი კოოპერაცია ძალიან შედეგიანია. არქეოლოგები საინტერესო ხალხია და მათთან პროფესიული ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა.
თამარ გუნია