„ზაჰესის დასახლებაში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. აღნიშნულ ტერიტორია ზე ავარიული შენობა-ნაგებობა იყო, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი შენობა აშენდა. ბაღი ყველანაირად მოწესრიგებულია და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დღეის მდგომარეობით, ბაღში 160 პატარაა რეგისტრირებული. აღნიშნული დასახლებისთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რათა ჩვენი შვილები, მომავალი თაობები ნორმალურ, თანამედროვე, კომფორტულ ინფრასტრუქტურაში აღიზარდონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, 2024 წელს დაიწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის საბავშვო ბაღის მშენებლობა. დღეს ბაღმა პატარა აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში მიიღო, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა.
N50 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
კახა კალაძესთან ერთად, საბავშვო ბაღის ახალი შენობა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, გლდანის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.