USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეული : „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო”
Date:  546

2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი - 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში მმართველ პარტიასთან ერთად შედიან: 1 676 618 ლარით - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და 1 643 099 ლარით - „ევროპული საქართველო”.

„პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი - კერძოზე. „ქართულ ოცნებას” თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება. 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს - საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო”-ს არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია;

2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% - 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ;

141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15 კომპანიამ: 15 750 924 ლარი გამარტივებული შესყიდვებით, 126 092 739 ლარი ტენდერებით, ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში ჯამში 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი;

2019 წელს კომპანიამ „გ & კ ტექნოლოგი” და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა „ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, 40 000 და 60 000 ლარი ჩაურიცხეს. ამ კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, 2012 წელს კი მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აფინანსებდა;

წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს - მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ეჭვებს აჩენს: წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული? სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა? „ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც, ტრადიციულად მოხვდნენ:

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი; სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები; „ლილო-მოლთან" დაკავშირებული შემომწირველები; „სერვის-აგრო"-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები; „პოლიმერთან” დაკავშირებული პირები”, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% - 8 877 711 ლარი - მმართველ პარტიაზე მოდის. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.

ამავე კვლევის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18 პარტიამ.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო.

„Facebook-მა საკუთარი ინიციატივით უკვე ორჯერ წაშალა ასეულობით მომხმარებელი, რომლებიც ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსებისდისკრედიტაციას ეწეოდნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას ვერ აკონტროლებს - ეს პრობლემა მოგვარებას საჭიროებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს: მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირებას და შესწავლას, პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგსა და პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსების სწორად და სრულად დეკლარირების მხრივ.

ასევე, პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე”, - აღნიშნულია კვლევაში.

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way