USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ყველა ყველას წინააღმდეგ - ქართული პოლიტიკის გზამკვლევი
дата:  368

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყველა ყველას წინააღმდეგ - ქართული პოლიტიკის გზამკვლევი“, რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გადმოცემულია ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა თვალსაზრისები,

გთავაზობთ პუბლიკაციას:

საქართველო ერთ კვირაში მნიშვნელოვან დასკვნას ელის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირისკენ სავალ გზას. დასკვნამ უნდა უპასუხოს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად გულისხმიერად იმუშავა ქვეყანამ იმ 12 დავალების შესრულებისთვის, რასაც დასავლელი პარტნიორები მოელიან. ამ დავალებებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა პირველია. საქართველოს პოლიტიკური ელიტა სიღრმისეული კონფრონტაციის პოზაშია, რომელიც სულ უფრო ღრმავდება.

დაპირისპირება არა მხოლოდ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორისაა, არამედ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორისაც, ვინც ერთ გუნდს ქმნიდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ახლა საქმე იქამდე მივიდა, რომ მმართველმა პარტიამ არა თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, არამედ მას „ნაცმოძრაობის პრეზიდენტიც“ უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ნაწილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს „თავისიანად“ არ მიიჩნევს. ყველა ამ პოლიტიკურ აქტორს ერთმანეთის მიმართ წაყენებული აქვს ბრალდება იმის თაობაზე, რომ ისინი საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს, გვიან საღამოს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ევროპაში საქართველოს ევროპული კურსის „ჩასაგდებად“ მიდიოდა, ამიტომაც არ აძლევდნენ მას ვიზიტების განხორციელების საშუალებას. კობახიძის ეს განცხადება, თავის მხრივ, საპასუხო რეაქციაა პრეზიდენტ ზურაბიშვილის CBS news - თან ინტერვიუში ნათქვამისა, სადაც მან აღნიშნა, რომ პრემიერის ქმედებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მას სურს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.

ინტერვიუში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოში ნიადაგს ტესტავს ჰიბრიდული ომისთვის, რომ მტერი ქვეყნის 100 000 მოქალაქისთვის საქართველო სახლად იქცა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა. დაუშვა ისიც, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები თბილისსა და მოსკოვს შორის, ხუთი წლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე და რომ მას არ აქვს საკმარისი პოლიტიკური ძალაუფლება იმისთვის, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს.

„საზღვრების საკითხების მოგვარება პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივაა. „საჯაროდ ღარიბაშვილი ამბობს, რომ თანახმაა რუსეთის სამეზობლოსთან ჩამოცილებასა და ევროკავშირთან შეერთებაზე, მაგრამ მისი ქმედება, თუ უმოქმედობა სხვა ისტორიას ჰყვება,-“ ამბობს ინტერვიუში ზურაბიშვილი და იმასაც ახსენებს, რომ პრემიერს არ ეყო გამბედაობა უფრო მკაცრ სანქციებს მიერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ.

„ხომ ჩანს, რომ სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან ერთად. მან თავად შემოგვთავაზა არგუმენტი იმისა, რომ ის ნამდვილად არ იყო ევროპაში გასაშვები. ის ჩადის ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არ არის ევროპაში გასაშვები,“- ამბობს კობახიძე ზურაბიშვილზე, მისი თქმით, „ნაცმოძრაობის პრეზიდენტზე“. თუმცა, მას, ამავდროულად, სხვა პოლიტიკურ ბანაკში აჯგუფებს - „ოცნების“ ყოფილ პრემიერ გახარიასთან და ყოფილ სახალხო დამცველთან, ლომჯარიასთან ერთად.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ალიანსის თაობაზე - სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია - ასეთი გეგმები არსებობს. თუმცა ეს პარტიაც განწირულია 5 პროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გახსოვთ თქვენ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა სალომე ზურაბიშვილი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი? არც ქარიზმა ჰქონდა მას და უამრავ შეცდომას უშვებდა განცხადებებში,“- დასძენს კობახიძე.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევებში საკმაოდ ნათელი მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ელექტორატში არსებობს ისეთ ალტერნატიულ ძალაზე მოთხოვნა, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე "ქართულ ოცნებას". თუ არჩევნების წინ მოხერხდება ასეთი პოლიტიკური პოლუსის შექმნა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ამ პოლიტიკური ერთობლიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს, სოლიდური პოლიტიკური წონა მიენიჭება. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ეს არ იყოს ერთი ან ორი პოლიტიკოსის გაერთიანება, არამედ უფრო ფართო პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს სათანადო პოლიტიკურ-მატერიალური რესურსის მობილიზებას,“- ეუბნება „ამერიკის ხმას“ გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

30 ოქტომბრის ბრიფინგზე კობახიძემ ისაუბრა აშშ-ს ახალი ელჩისგან მოლოდინებზეც. ახსენა ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება იწუნებდა, განიხილავდა რა მას ოპოზიციურ ბანაკთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლიობაში. მისი განცხადებით, ახალი ელჩისგან, რობინ დანიგანისგან სხვა მოლოდინებია. ამ მოლოდინების საილუსტრაციოდ ირაკლი კობახიძემ „ერთი მაგალითი“ მოიტანა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებაზე, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად იმყოფებოდა, ელჩის სიტყვის დასრულების შემდეგ, მას „ტაში არ დაუკრა ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ“. კობახიძისთვის ეს "კარგი ნიშანია" მომავალი თანამშრომლობისთვის აშშ-ა და საქართველოს შორის.

აშშ-ა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭება საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ - მიიჩნევს კობახიძე. მათ „მდიდარ ენჯეოებს“უწოდებს და საქართველოს "უკრაინიზაციასა და გლობალური ომის პარტიის" ემისრებად მიიჩნევს. მისი ეს განცხადება მოჰყვა 51 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ ტექსტს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ რეაგირებს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებსა და ყოფილ მთავარ პროკურორზე.

„საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერთობლივად, 51 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ოპონენტების საერთო გუნდთან აერთიანებს და აცხადებს, რომ ისინი პრეზიდენტის მრჩევლებიც არიან, ამავდროულად.

„ეკა გიგაურის ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი,- ნ.დ.) მოსაზრებები საერთოდ არაა საინტერესო. ეს საინტერესოა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის და მას ჰკითხეთ. კაპიტანი გიგაური, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და სხვები, არ იმსახურებენ სერიოზულ კომენტარს. ისინი არიან კარგი მრჩევლები სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც კინაღამ კისერი მოატეხინეს. მის მიმართ არის გამამტყუნებელი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, სადაც ის ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად,“- აცხადებს ალუდა ღუდუშაური, „ოცნების“ წარმომადგენელი.

„ნახევარი წელი გავიდა და ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია რომ შეესწავლა სასამართლოში არსებული სიტუაცია. მოეხდინა რეაგირება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც არიან სანქცირებული და კვლავ იკავებენ მაღალ თანამდებობებს. ფაქტია, რომ ეს ადამიანები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა მოსამართლეებთან შედარებით. მათ აქვთ დიდი გავლენები სისტემაში. უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ, უმაღლესი თანამდებობის პირმა, ირაკლი ღარიბაშვილმა როგორ დაიცვა ისინი. მივიდა პირდაპირ უზენაეს სასამართლოში და გამოხატა მხარდაჭერა მათ მიმართ. პრობლემურია, რომ ამ ხნის განმავლობაში, გამოძიების ჩატარების სანაცვლოდ, აქეთ ითხოვენ მტკიცებულებებს პარტნიორებისგან, ენჯეოებისგან, ყველასგან. ამ დროს, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება“,- გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი, IDFI -ს ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი "ამერიკის ხმასთან" აფიქსირებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა აშკარად მიმართულია საქართველოში სანქცირებული ინდივიდების დაცვისკენ და არა სანქცირების საფუძვლების სათანადოდ გამოკვლევისკენ.

"მანიპულაციური კამპანიები, სანქცირებული პირების მიმართ საჯარო მხარდაჭერის გამოცხადება, აშშ-სადმი წაყენებული უკუ ბრალდებები, გამოძიების ილუზიის შექმნა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზემოქმედება - ის ძირითადი მეთოდებია, რითაც საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობის პირები მმართველი გუნდიდან ცდილობენ სანქცირებულ (და მომავალში პოტენციურად სანქცირებად) პირთა დაცვას,"- გვეუბნება გიორგი კლდიაშვილი.

„ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ ის პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი განასახიერებს - საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა. მათ აღიზიანებთ და შურთ იმის, რომ ის რჩება ერთადერთ მაღალი რანგის ქართველ პოლიტიკოსად, რომელსაც გააჩნია ავტორიტეტი დასავლეთში. ეს თვალშისაცემად კონტრასტულია მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ერთადერთ იმედად რჩება ლამის ექსკომუნიცირებული ვიქტორ ორბანი, რომელთანაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს, განსაკუთრებით პუტინთან მისი გულთბილი საუბრის შემდეგ,“- გვეუბნება გიორგი მელაშვილი.

„ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს საქართველოს, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება,“- ამბობს ზურაბიშვილი. ის არასაკმარისად აფასებს ძალისხმევას, რასაც დასავლეთი სწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მას არგუმენტად მოჰყავს ფაქტი, რომ პირდაპირი კომუნიკაცია აშშ-ს უმაღლეს პირებთან, სატელეფონო საშუალებითაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.

გიორგი მელაშვილის აზრით, ხელისუფლების რიტორიკის გადატანა პრეზიდენტზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე თუ სხვა აქტორებზე არის მცდელობა იმისა, რომ ყურადღების ცენტრს მიღმა აღმოჩნდეს ეროვნული ინტერესებისთვის ძირეული მნიშვნელობის მქონე საკითხი - კანდიდატის სტატუსი.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/all-against-all---a-guide-to-politics-georgia/7333944.html

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати