USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
ყულევის ნავთობტერმინალის შემოსავალი 24 მლნ ლარით გაიზარდა - კომპანიის ანგარიში
თარიღი:  226

ყულევის ნავთობტერმინალმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 24 მილიონი ლარით, ანუ 23%-ით, 129.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა კომპანიის მოგებაც, რაც გასულ წელს 82.8 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა 30 მილიონი ლარი).

სოფელ ყულევში მდებარე ნავთობტერმინალი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის საკუთრებაშია.

ნავთობტერმინალი ფლობს 6 სარეზერვუარო პარკს და მისი ჯამური მოცულობა 402,000 კუბურ მეტრს შეადგენს.

ამასთან, როგორც ირკვევა, კომპანია გაფართოებას და ახალი რეზერვუარების დამატებას გეგმავს, რის შესახებაც კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სკოპინგის ანგარიში ოქტომბერში წარუდგინა. ოთხი ახალი რეზერვუარის ჯამური მოცულობა 80 000 მ³ იქნება.

ცნობისთვის, "შავი ზღვის ტერმინალი" 2008 წლიდან ოპერირებს. მისი რეზერვუარების ჯამური მოცულობა ამჟამად 402,000 კუბური მეტრია, შესაბამისად, ახალი რეზერვუარების დამატებით ჯამური მოცულობა 482,000 კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ტერმინალს ამჟამად წლიურად 10 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების გატარება შეუძლია.

SOCAR-მა 2023 წელს ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარა. 2024 წელს განხორციელდა ნავსადგომის დაღრმავება, რაზეც მიახლოებით დაიხარჯა 12 150 000 ლარი. ნავსადგურის დაღრმავებითი სამუშაოები მიმდინარეობს 2025 წელსაც. 2023 წელთან შედარებით 2024 წელს გადაზიდული საქონლის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 16 %-ით.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყულევის ტერმინალის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე ქართული კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმი" ქვეყანაში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ავითარებს. აღნიშნული ქარხნის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონ დოლარს აღწევს. არსებული ინფორმაციით, ახალი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის ნავთობის ერთ-ერთ მიმწოდებლად სწორედ ყულევის ნავთობტერმინალიც განიხილება.

"2024 წელს დაიწყო და 2025-შიც მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მილების მოწყობის სამუშაოები, სადაც უკვე გაიხარჯა დაახლოებით 6 770 000 ლარი,"- ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის