USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ყოველწლიურად რომში მდებარე ტრევის შადრევანში მილიონობით ევრო იყრება. რას ხმარდება „წყალში გადაყრილი ფული?
Date:  1081

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ყოველწლიურად რომში მდებარე ტრევის შადრევანში მილიონობით ევრო იყრება. რას ხმარდება „წყალში გადაყრილი ფული?“ (ავტორი - გულელმო მანჯაპანე, კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ასეული წლების განმავლობაში, როცა რომში, ტრევის შადრევანთან მნახველები მიდიან, ლეგენდარული რიტუალის თანახმად, სურვილის ასრულების მიზნით, წყალში ფულს ყრიან.

მაგრამ ამ დროს ცოტა თუ ვინმე დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენი გროვდება „წყალში გადაყრილი ფული“.

რამდენადაც მონეტები მნახველთა სურვილებს გამოხატავენ სიყვარულზე, ჯანმრთელობაზე ან მარადიულ ქალაქში ისევ დაბრუნებაზე, ისინი თავიანთი ნატვრით პრაქტიკულ დახმარებას უწევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში, ალბათ, არასოდეს არ შეხვდებიან.

რასაკვირველია, დროდადრო შადრევნის აუზის მონეტებისგან გაწმენდა ხდება და სანამ ფულს მსოფლიო კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ (Caritas) რომის განყოფილებას ჩააბარებდნენ, მანამ მათ კარგად რეცხავენ და აშრობენ, შემდეგ თვლიან, ვედროებს ავსებენ და მიაქვთ. „კარიტასი“ ამ ხურდა ფულს იყენებს სურსათის შესასყიდად, უფასო სასადილოებისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.

2023 წელს „კარიტასმა“ შადრევნის აუზიდან 1,4 მილიონი ევრო (ანუ 1,52 მილიონი დოლარი) შეკრიბა და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს კიდევ უფრო მეტს შეკრებს: რომს ხომ მნახველთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია - გასულ წელს იტალიის დედაქალაქი 21 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.

მონეტების ამოღება საკმაოდ მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს - როცა ქალაქის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, ბაროკოს სტილით აგებული შადრევანში წყალს წყვეტენ, აუზში ჩადიან და გრძელტარიანი ცოცხებით ფულის შეგროვებას იწყებენ.

შადრევანთან გაკეთებულია წარწერა, რომ ფული ქველმოქმედებაზე დაიხარჯება, რაც ტურისტებისათვის ძალზე სასიამოვნოა. ისინი ამ ღირსშესანიშნაობასთან პოზირებენ და ფოტოსურათებს იღებენ.

„მე ისეთი სურვილი ჩავიფიქრე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, - ამბობს იულა კოული ბრაზილიიდან, როცა მონეტა გადააგდო, - „ჩემთვის ისიც სასიამოვნოა, რომ ეს მონეტა იქ არ დარჩება და გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდება, მათი სურვილის შესრულებაში დაიხარჯება“.

დღისით და ღამით ადამიანთა ჯგუფები შარდევნის ირგვლივ იკრიბებიან. ლეგენდის თანახმად, თუ თქვენ აუზისაკენ ზურგით დადგებით და მონეტას მარჯვენა ხელით შადრევანში მარცხენა მხარზე გადაიგდებთ, რომში აუცილებლად დაბრუნებით. ტურისტები წყალში გადაყრის მონეტებს საკუთარ სურვილებსაც თან ატანენ.

 „მე მონეტის გადაგდებისას სურვილი ჩავითქვი, რომ ჩემს სიყვარულს ვიპოვი და, რა თქმა უნდა, ისევ აქ დავბრუნდები“, - ამბობს ქეროლი ჩილედან.

ტრევის შადრევანი 1762 წელს არის აშენებული და რომის ცენტრს - პალაცო პოლის - ამშვენებს ტრიტონების ქანდაკებით, რომლებიც წყლის ღმერთის ოკეანიუსის ეტლში არიან შებმულნი, რაც წყლის „მოთვინიერების“ თემის ილუსტრირებას წარმოადგენს.

სწორედ აქ გადაიღო 1960 წელს იტალიელმა კინორეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ თავისი ცნობილი ფილმი „ტკბილი ცხოვრება“, სადაც მსახიობი ანიტა ექსბერგი შუაღამისას შედის შადრევანში და თან მარჩელო მასტროიანს იწვევს. ალბათ, ბევრს აქვს ნანახი კიდევ ერთი ფილმი „რომაული არდადეგები“, რომელშიც ტრევის შადრევანია ასახული.

დღეს შადრევანში შესვლა აკრძალულია და თუ ტურისტი წესს დაარღვევს, მას ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ფრანჩესკო პრისკოს, კომუნალური სამსახურის მენეჯერის თქმით, ფულს კვირაში ორჯერ ოთხი მუშა აგროვებს. თვეში ორჯერ შადრევანში წყალი იკეტება, ჩაყრილ მონეტებს აგროვებენ და აუზს ასუფთავებენ. „მონეტების შეგროვებისა და შადრევნის დასუფთავების ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად ხორციელდება. ვცდილობთ, რომ მისი გაჩერება ხანმოკლე იყოს“, - განმარტავს მენეჯერი.

შადრევნის აუზიდან არამარტო მონეტები ამოაქვთ: არცთუ იშვიათად პოულობენ იუველურ სამკაულებს, მედლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის პროთეზებსა და კიდევ სხვა ნივთებს. მართალია, შადრევანთან არის წარწერა, რომ მონეტები არ მოიპარონ, მაგრამ ქურდობის მცდელობა ათეულობით წლებია გრძელდება - ზოგიერთები მაგნიტის გამოყენებით მონეტების შეგროვებას ცდილობენ.

რომის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს „კარიტასის“ სუპერმარკეტი სახელწოდებით „ემპორიუმი“, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს სურსათი ურიგდებათ შესაბამისი ბარათების ან ჟეტონების წარდგენის შემდეგ.

„მე მჭედელი ვიყავი, მაგრამ შემდეგ სამუშაო დავკარგე, ხშირად ავად ვარ და ამიტომ სამსახურს ვერ ვპოულობ. საბედნიეროდ, არსებობს ასეთი ადგილები, როგორიც ეს სავაჭრო ცენტრია“, - მეუბნება დომენიკო.

„ემპორიუმის“ კიდევ ერთი მომხმარებელი, სახელად ლუიჯი, აღნიშნავს, რომ იგი მშენებელი იყო, მაგრამ შემდეგ უმუშევარი გახდა. მისი თქმით, „კარგია, რომ ასეთ სავაჭრო ცენტრებში გაჭირვებულებს კონკრეტულ დახმარებას უწევენ“.

ვბრუნდები შადრევანთან, სადაც ტურისტები ფულს ყრიან. „მე მითხრეს, რომ თუ ორ მონეტას გადავაგდებ, ჩემი ორი სურვილი ასრულდება. აი, სწორედ ამიტომაც ორი მონეტა გადავაგდე“, - მეუბნება ჩინელი ტურისტი იუ ტანი.

წყარო: https://www.independent.co.uk/travel/news-and-advice/rome-trevi-fountain-money-charity-b2508650.html

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way