USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
Myśl Polska - პოლონური აზრი: „მაკრონის ნაპოლეონური ოცნებები“
Date:  734

რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის ყველაზე აქტიურ მომხრედ ითვლება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, - წერს პოლონური გაზეთი „მისლ პოლსკა“ (Myśl Polska - პოლონური  აზრი“) სტატიაში სათაურით „მაკრონის ნაპოლეონური ოცნებები“ (ავტორი - მათეუშ პისკორსკი). პუბლიკაციის მიხედვით, ფრანგი ლიდერი აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა  გეგმებმა ევროპის მილიტარიზების თაობაზე შეიძლება აზრი დაკარგოს და, შესაბამისად,  საფრანგეთი ვერ მოახდენს სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ დემონსტრირებას. ემანუელ მაკრონს საკუთარი თავი ნაპოლეონ ბონაპარტად წარმოუდგენია და ევროპა უფსკრულისაკენ მიჰყავს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ემანუელ მაკრონი ზედიზედ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებშიც ეწინააღმდეგება ნებისმიერ დიპლომატიურ მცდელობას უკრაინის პრობლემის მოგვარების ირგვლივ. სწორედ ემანუელ მაკრონი მოუწოდებს თითქმის ღიად ბირთვული დაპირისპირებისაკენ, როცა აცხადებს - ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბირთვული რაკეტები უნდა განლაგდესო.

სამხედრო კოალიციის სათავეში

ყველაფერი მარტში დაიწყო. სწორედ მაშინ ემანუელ მაკრონმა თანამოაზრე ევროპელი ლიდერები შეკრიბა და ე.წ. „უკრაინის დახმარების მსურველთა“ სამიტი ჩაატარა. მას სურდა ნებისმიერი სახით ეჩვენებინა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოლიდარულნი არიან საფრანგეთთან უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხში. მოგვიანებით მათ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც დაემატა. ამას წინათ ოთხივე კიევში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ევროპელი წევრების მხარდაჭერა აჩვენეს.

ფრანგი პოლიტიკოსების კომენტარები და ქცევა (საკმარისია გავიხსენოთ საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ნოელ-ბაროს ნათქვამი „რუსეთის საბოლო მოგუდვის აუცილებლობის“ შესახებ) ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ფრანგების იდეაფიქსი გახდა უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება და დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის ყველანაირი დაბრკოლების შექმნა. პარიზის მიზანი აშკარად გამოიხატება იმით, რომ რუსეთი დასუსტდეს და მისი სამხედრო-ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი დაზარალდეს. ელისეის სასახლე ამას უკვე აღარ მალავს.

როგორი იქნება ემანუელ მაკრონის შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან დაპირისპირებაში? ეს საკმაოდ გაუგებარია. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ საფრანეთის პოლიტიკური კლასი დარწმუნებულია რუსეთის დამარცხებაში. შესაძლოა მაკრონის გუნდი ფიქრობს, რომ საფრანგეთი, როგორც ევროპის  ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, ისარგებლებს თავისი შესაძლებლობით, ევროპას დარაზმავს რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვთან ომის ზღურბლზე მიიყვანს, თვითონ კი ბოლო მომენტში პრაქტიკული შეჯახებისგან განზე გადგება და უვნებელი გადარჩება.

მოლაპარაკების წინააღმდეგ

პარიზის განცხადებები მოწმობენ, რომ მაკრონისეული საფრანგეთი აშკარად უკმაყოფილოა სტამბოლში დაწყებული მოლაპარაკებით. როგორც ჩანს, ფრანგი პრეზიდენტი შიშობს, რომ თუ მშვიდობა დამყარდება, მაშინ ელისეის სასახლე ფლაგმანის როლს დაკარგავს ევროპის ძალადობრივ მილიტარიზებაში. როგორც პარადოქსული არ უნდა იყოს, მაკრონის მილიტარიზმს ანტიამერიკული ან უფრო სწორად, ამჟამინდელი რეალიის გათვალისწინებით, ანტიტრამპული განზომილება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება სურს, მისი ფრანგი კოლეგა კი „ევროპის ბირთვულ ქოლგაზე“ ლაპარაკობს, რომელშიც ფრანგულ ბირთვულ პოტენციალს უპირველესი მნიშვნელობა აქვს და რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და უკრაინის მფარველობასაც გულისხმობს. ეს არის ომის ესკალაციის პრელიუდია.  შესაძლოა ნატოს გაფართოების ლოზუნგის გარეშე, მაგრამ მისი არსი ამით არ იცვლება.

დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახით მიახლოება რუსეთის საზღვრებთან კრემლის ობიექტურ გაღიზიანებას გამოიწვევს, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შემუშავებული ურთიერთკონტროლის მექანიზმი ამჟამად აღარ არსებობს. ეს მშვენივრად იციან დონალდ ტრამპმა და მისმა მოადგილე ჯეიმს ვენსმა - ორივე აკრიტიკებს უკრაინის ნატოს წევრად მიღების იდეას. რა თქმა უნდა, მათ მხარეზეა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ხეგსეთიც, რომელმაც ამას წინათ განაცხადა: „შეერთებული შტატები არ განიხილავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას როგორც რეალისტურ ნაბიჯად, მიმდინარე მოლაპარკებების ფონზე“. ამრიგად, ან ნატო/მილიტარიზაცია, ან მშვიდობა. არჩევანი მარტივია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველასათვის ნათელი არ არის.

მილიარდები მილიტარიზაციისათვის

800 მილიარდი ევრო - სწორედ ამდენი თანხა იქნება დახარჯული ევროპის გადაიარაღებისათვის უახლოეს რამდენიმე წელიწადში. რა თქმა უნდა, ასეთი რაოდენობის ფული არც ევროკომისიას არ აქვს და მით უმეტეს, არც ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას, შესაბამისად, გადაიარაღება მოხდება შიდა სახელმწიფო ვალის გაზრდით, რომელიც ისედაც უკვე ყველა საზღვრებს გადასცილდა. ვინ გადაიხდის ამ ვალს? რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. უკვე ისმის ხმები, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზება უნდა მოხდეს, რაც ნიშნავს სოციალური პოლიტიკის დღევანდელ მოდელზე უარის თქმას და სახელმწიფო სექტორისადმი მხარდაჭერის შეწყვეტას.

ამასობაში კი ევროპისათვის მატულობს იმ საფრთხეების რეალობა, რომლებიც უკრაინის ომის ესკალაციით იქნება გამოწვეული: ზოგიერთი მონაცემით, კონფლიქტის გაგრძელება (როგორც ეს საფრანგეთს სურს) ხელს შეუწყობს იარაღის უკანონოდ შეტანას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. უკრაინის არმიაში არსებული სუსტი კონტროლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ იარაღი ტერორისტული ორგანიზაციების ხელში მოხვდება. ამ საფრთხეებთან ბრძოლა და მათი თავიდან აცილება ძალზე ძვირადღირებულია. სამწუხაროდ, ევროპა იმ ადამიანის წინამძღოლობით, რომელსაც თავი თანამედროვე ნაპოლეონ ბონაპარტად წარმოუდგენია, მტკიცედ მიაბიჯებს პირდაპირ უფსკრულისაკენ.

ძალიან დასანანია, რომ პოლონეთიც იმავე მიმართულებით მოძრაობს. ამის ნეგატიური შედეგი აშკარად ჩანს საპრეზიდენტო არჩევნებითაც, რომელშიც მმართველი პარტიის „სამოქალაქო კოალიციის“ კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების სასურველი რაოდენობა ვერ მიიღო და ამიტომ წინ მეორე ტური ელოდება. შესაძლოა ამის მიზეზი ისაა, რომ კიევში  პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მაკრონ-„ნაპოლეონის“ კამპანიის შემადგენლობაში აღმოჩნდა...

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way