USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Tbilisi
ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს დასანქცირებლად
Date:  689

 

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:

  • ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
  • ალეკო ივანიშვილი
  • შმაგი კობახიძე
  • უჩა მამაცაშვილი

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:

  • ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
  • კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
  • თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
  • გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
  • ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
  • კახა კალაძე, თბილისის მერი
  • ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
  • ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
  • ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“

 

„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

  • ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
  • სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
  • ხვიჩა მაქაცარია
  • ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
  • ვანო ჩხარტიშვილი
  • სულხან პაპაშვილი
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
  • ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
  • ნოშრევან ნამორაძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი

მოსამართლეები:

  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • ლევან მურუსიძე.

წერილი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, - წინასაარჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია, აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, - წერია მიმართვაში.

მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია სწორედ ამ ადამიანების სანქცირება.

ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სანქციების გამოცხადების შემდეგ.

ენტონი ბლინკენს ტრამპის ადმინისტრაციაში მარკო რუბიო ჩაანაცვლებს. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია. მოწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას პირადი მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.

society
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი და "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა. მათივე ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი, რომლებმაც "სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან". მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციითვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები.

ისინი [მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი და მენეჯერები] ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.

დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way