USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ვირუსების ზეგავლენა ჩვენს სამყაროზე
თარიღი:  2681

COVID-19 მათი გამანადგურებელი ძალის თვალსაჩინო მაგალითია,
თუმცა ვირუსების გარეშე სიცოცხლე − ჩვენთვის ცნობილი ფორმით − შეუძლებელი იქნებოდა.

ვირუსები დასაბამიდან განსაზღვრავენ ევოლუციას. დნმ-ის დაახლოებით 8% იმ ვირუსებისაგან გვაქვს, რომლებმაც ჩვენი უშორესი წინაპრები დააავადეს და საკუთარი გენები ჩაუკერეს გენომში. ზოგიერთი გადამწყვეტ როლს თამაშობს ემბრიონისა და პლაცენტის განვითარების ადრეულ ეტაპზე, რომელიც ამ 13 კვირის ნაყოფს აკრავს. ლენარტ ნილსონი, TT/SCIENCE PHOTO LIBRARY (ორი კადრისაგან შედგენილი გამოსახულება)
 

მოდი, წარმოვიდგინოთ პლანეტა დედამიწა ვირუსების გარეშე.

ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით ყველა ვირუსი გაქრა. გაუჩინარდა ცოფის და პოლიომიელიტის გამომწვევი ვირუსები, შემზარავად მომაკვდინებელი ებოლას ვირუსი, მიჰყვა წითელას, ყბაყურის და სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსი. საყოველთაოდ იკლო ტანჯვამ და სიკვდილიანობამ. გაქრა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) და შიდსის კატასტროფა ვითომ არც ყოფილა. აღარავის აწუხებს ჩუტყვავილა, ჰეპატიტი თუ ჩვეულებრივი გაციება. გაქრა პანდემიების თანამედროვე ეპოქის დაწყების მანიშნებელი 2003 წლის SARS-ის ვირუსი და რაღა თქმა უნდა, გაქრა COVID-19-ის გამომწვევი, საზარელი და ადვილად გადამდები ვირუსი SARS-CoV-2. შვებით ამოისუნთქეთ?

ნუ გიხარიათ.

ეს სცენარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სინამდვილეში ჩვენ ვირუსების სამყაროში ვცხოვრობთ – განუზომლად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ვირუსების სამყაროში. მარტო ოკეანეებში შეიძლება იმაზე მეტი ვირუსული ნაწილაკი იყოს, ვიდრე ხილულ სამყაროში – ვარსკვლავი. ძუძუმწოვრები ვირუსების სულ მცირე 320 000 სახეობას მასპინძლობენ. ამას რომ დავუმატოთ არაძუძუმწოვარი ცხოველები, მცენარეები, ხმელეთის ბაქტერიები და ყველა სხვა შესაძლო მასპინძელი, ჯამში გამოვა… უამრავი. დიდ რიცხვს კი დიდი შედეგები ახლავს: ბევრ მათგანს ადაპტაციის უპირატესობები მოაქვს – და არა ზიანი – დედამიწაზე არსებული  სიცოცხლის ფორმებისთვის, მათ შორის ადამიანისთვის. 

მათ გარეშე ვეღარ ვიარსებებდით. მაგალითად, ადამიანისა და სხვა პრიმატების გენომში არსებობს დნმ-ის ორი მონაკვეთი, რომელიც ვირუსული წარმოშობისაა და მათ გარეშე ორსულობა შეუძლებელი იქნებოდა. ხმელეთის ცხოველების გენებში ბუდობს ვირუსული დნმ, რომელიც ცილის პატარა ბუშტუკებში ფუთავს და ინახავს მოგონებებს. ვირუსებისგან შეძენილი ზოგი სხვა გენი ემბრიონის ზრდას უწყობს ხელს, იმუნურ სისტემას არეგულირებს და კიბოს უპირისპირდება – ამ მნიშვნელოვან ფუნქციებს ახლა ეფინება ნათელი. როგორც ირკვევა, ვირუსებს გადამწყვეტი ბიძგი მიუციათ ევოლუციური განვითარების საკვანძო მომენტებისთვის. ვირუსებს თუ გავაქრობთ – როგორც ჩვენს წარმოსახვით ექსპერიმენტში – დედამიწის განუზომელი ბიომრავალფეროვნება ერთიანად ჩამოიშლება.

დიახ, ვირუსი პარაზიტია, მაგრამ ზოგჯერ ამ პარაზიტიზმს სიმბიოზის, ურთიერთდამოკიდებულების ფორმა აქვს, რომლითაც სტუმარიც და მასპინძელიც თანაბრად სარგებლობს. ცეცხლის მსგავსად, ვირუსები არც ცალსახად კარგ, არც ცალსახად ცუდ ფენომენს წარმოადგენენ. ისინი ევოლუციის ბნელი ანგელოზები არიან – შესანიშნავნიც და შემზარავნიც. ამიტომაც არიან ასეთი საინტერესონი.

იმისთვის, რომ ვირუსების მრავალფეროვნება დააფასო, ჯერ უნდა გაარკვიო, რას წარმოადგენენ ისინი და რას – არა. ეს უკანასკნელი უფრო მარტივია. ისინი არ არიან ცოცხალი უჯრედები. უჯრედი – ისეთი, როგორებითაც აგებულია ჩვენი ორგანიზმიც, რვაფეხაც და ფურისულაც – ფლობს რთულ მექანიზმს ცილების ასაგებად და სხვა სპეციალიზებული ფუნქციების შესასრულებლად. ბაქტერიაც უჯრედია, მსგავსი თვისებებით, თუმცა გაცილებით მარტივი. ვირუსი არც ერთს არ ჰგავს.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის