USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
ვირტუოზი პიანისტი ევგენი კისინი - "დემოკრატიულმა" რუსეთმა მოახდინა ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, წაართვა აფხაზეთი საქართველოს
дата:  1089

ევგენი კისინი, ვირტუოზი პიანისტი, მსოფლიო ვარსკვლავი, ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის აკადემიკოსი, მანჰეტენის მუსიკის სკოლის დოქტორი. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის დოქტორი და ა.შ. 


Canadian Stir-თან ინტერვიუ:


''სანქციები, რომელსაც დასავლეთი ახლა პუტინის რეჟიმის მიმართ ახორციელებს, 8 წლის წინ რომ დაწესებულიყო, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ახლა უკრაინაში ომი არ იქნებოდა. მეტსაც გეტყვით: დასავლეთს ასეთი სანქციები რომ დაეწესებინა 2008 წელს, პუტინის საქართველოში შეჭრისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის საპასუხოდ, პუტინი არ მოახდენდა ყირიმის ანექსიას 5,5 წლის შემდეგ და შესაძლოა იმ დროისთვის ის არც ყოფილიყო ხელისუფლებაში. უფრო მეტიც, დასავლეთს რომ დაეწესებინა მსგავსი სანქციები 1999-2000 წლებში, ჩეჩნეთის გენოციდის საპასუხოდ, საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა ნამდვილად არ მოხდებოდა. 


მე კარგად ვიცი ვინ არის პუტინი და რას უნდა ველოდოთ მისგან; თუმცა, ძალიან მიკვირს, რომ დასავლეთში არიან ადამიანები, ძლიერი დემოკრატიული მრწამსის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ იმ თვალსაზრისს, რომ დასავლეთი ამაოდ ირჯებოდა როცა თავს გამარჯვებულად გრძნობდა ცივ ომში. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვისაც სრულიად საპირისპიროა აშკარა: დასავლეთი არ იქცეოდა როგორც გამარჯვებული ცივ ომში და ზუსტად ამიტომ გვაქვს ახლა ეს პრობლემები და ტრაგედიები. როცა საბჭოთა კავშირმა შეწყვეტა არსებობა, რატომ დაიმკვიდრა რუსეთმა ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში?

რატომ ხვდა წილად ეს რუსეთს ბოროტების იმპერიის დაშლის შემდეგ? ღირსეულ დემოკრატიულ ქვეყნებს, კანადას, ავსტრალიას თუ იაპონიას უნდა მიეღო ეს. ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ იმ პრობლემებს, რომლებიც სწორედ აქედან მოდის.


კომუნიზმის დაცემის შემდეგ დასავლეთი რუსეთს ისე უნდა მოპყრობოდა, როგორც გერმანიას ნაციზმის დაცემის შემდეგ. საბჭოთა ლიდერები საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გაესამართლებინა; დასავლეთს უნდა დაეძალებინა რუსეთისთვის კანონგარეშედ გამოეცხადებინა კომუნისტური იდეოლოგია, ლიტერატურა და სიმბოლიზმი, აეშენებინა ათობით მემორიალი კომუნიზმის მსხვერპლთათვის, გამუდმებით მოენანიებინა და კომპენსაცია გადაეხადა კრემლის მრავალრიცხოვან მსხვერპლთათვის: ებრაელებისთვის, უკრაინელებისთვის ესტონელებისთვის, ლატვიელებისთვის, ლიტველებისთვის, ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, ჩეხებისთვისდა ა.შ. ''მეხუთე კოლონები'' უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უნდა გადაეცა რუსეთისთვის, ისევე, როგორც სუდეტი და სილეზიელი გერმანელები გადასცეს გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დასავლეთს არაფერი გაუკეთებია და პოსტკომუნისტურმა რუსეთმა კომუნისტური პარტიის ყოფილი მდივნის, ბორის ელცინის ხელმძღვანელობით მაშინვე დაიწყო საგარეო პოლიტიკის გატარება დასავლეთის წინააღმდეგ მილოშევიჩის მხარდაჭერით... შემდეგ "დემოკრატიულმა" რუსეთმა მოახდინა ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, წაართვა აფხაზეთი საქართველოს. დასავლეთმა კი ელცინს ამის უფლება მისცა და განაგრძო მისი მხარდაჭერა. ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგაც კი, როცა 80 ათასი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთი მხოლოდ სიტყვიერი კრიტიკით შემოიფარგლა, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. ეს არის ფაქტები - სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტები.


რატომ არაფერი ასწავლა თითქმის ერთი საუკუნის წინანდელმა Git/\er-ის გამოცდილებამ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ არ შეიძლება დიქტატორებსა და მკვლელებს მშვიდად უყურო,, მათ უნდა დაუპირისპირდე მაქსიმალურად მტკიცედ და ყველა საშუალებით, რომ ეს დასავლეთის არა მხოლოდ უფლება, არამედ მორალური მოვალეობაცაა.


სერიოზულად იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც მივხვდი, რომ დასავლური პრინციპები, დასავლური იდეალები და დასავლური საერთაშორისო პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის, რომ დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა ათწლეულების განმავლობაში ღალატობდა საკუთარ იდეალებსა და პრინციპებს. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ისრაელის დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსების დღიდან, დასავლელი ოპორტუნისტი პოლიტიკოსები აიძულებდნენ თავიანთ ბუნებრივ მოკავშირეს დათმობაზე წასულიყო ანტიდემოკრატიულ მტრებთან, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნაში იყვნენ მისი განადგურებისთვის. ახლა მხოლოდ შემიძლია მათ ვუთხრა, თუ თქვენ არ გააკეთებთ ყველაფერს, რათა დაეხმაროთ მამაც უკრაინელ ხალხს ამ ომში გამარჯვების საქმეში, მათი ქვეყნიდან აგრესორებისა და მკვლელების განდევნაში, ისტორია არასოდეს გაპატიებთ.

თინა დოლიძე

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати