USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ვიქტორ წილოსანი - ამ ეტაპზე დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების 70%-ზე მეტი არის შექმნილი
თარიღი:  1084

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ამ ეტაპზე დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების 70%-ზე მეტი არის შექმნილი.

მისივე თქმით, გარკვეული „რთული მონაკვეთებია დარჩენილი“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჯერჯერობით პროცესების დასრულება ვერ ხდება.

„რაც შეეხება „ბასლაინების“ საკითხს, დღეის მდგომარეობით იცით, რომ დაახლოებით 70%-ზე მეტი არის დახაზული ქალაქში, თუმცა არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, რთული მონაკვეთები, იქ, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის ჩასატარებელი, ოღონდ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგულისხმება მიწისქვეშა კომუნიკაციები და აქ ძალიან ბევრი პროვაიდერი, თუ კომპანია არის ჩართული, როგორც წყალმომარაგების, გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების, ინტერნეტის და ა.შ. საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტებია. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამისი დაგეგმარება, უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იქნება შემდეგი ეტაპი. იმ დერეფნებზე უბრალოდ დახაზვით ვერ გავალთ, ამიტომ არის ეს პროცესი ცოტა შეფერხებით.

ერთი ან ორი წელი შეიძლება კონკრეტულის რეაბილიტაციას დასჭირდეს. ვინაიდან იქ კომუნიკაციებთან დაკავშირებით არის დაკავშირებული პრობლემები. იმ ტერიტორიებზე, სადაც კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის შესასრულებელი და ბევრი ოპერატორი არის ჩართული ამ პროცესში, მოკლე პერიოდში ვერ ხერხდება. ჩემთვის ყველაზე კრიტიკული არეალი არის გელოვანის და აღმაშენებლის გამზირი“, - განაცხადა წილოსანმა.

გარდა ამისა, წილოსანი ჟურნალისტებთან საუბრისას დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა და იმართება. მისი შეფასებით, ახალ ცვლილებას „წვრილმა კომპანიებმა ძირითადად ვერ აუღეს ალღო“.

„ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბიზნეს წნეხი მივაყენოთ, ამიტომ გვქონდა ზუსტადაც კონსულტაციები. არა ერთხელ შევხვდი დისტრიბუტორებს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და სხვა ყველა სექტორის წარმომადგენელს. თუმცა სამწუხაროდ, წვრილმა კომპანიებმა ძირითადად ვერ აუღეს ალღო ამას, ვინაიდან აქვთ რაღაცა ტიპის პრობლემები, მათ შორის, გადაწყობასთან და დამეჯმენტებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა წილოსანმა.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისის ყველა უბანს თითო 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის