USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
თბილისი
ვიქტორ ორბანი - „ჩვენ გზადაკარგულ ცხვარს გვეძახდნენ, ახლა კი ნათელია, რომ მომავალი ჩვენ გვეკუთვნის“
თარიღი:  874

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში („ციურიხის ახალი გაზეთი“) გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, სათაურით „ჩვენ დასავლელ გზადაკარგულ ცხვარს გვეძახდნენ, ახლა კი ნათელია, რომ მომავალი ჩვენ გვეკუთვნის“ (ესაუბრებიან ივო მიინსენი, მერეტ ბაუმანი და აკოს შტილერი).

პუბლიკაციას ასეთი შესავალი აქვს:

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავისი კაბინეტის გვერდით მდებარე ბიბლიოთეკაში მიგვიღო. მან ისეთნაირად შეატრიალა გლობუსი, რომ აშშ კარგად გამოჩენილიყო.

როცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრობს, მისი გუნდი პრაქტიკულად ყველაფერს ყურადღებას აქცევს. ინტერვიუს დროს ყოველი ნიუანსი წინასწარ არის გათვლილი და შემთხვევითი არაფერია - ყველაფერს თავისი დანიშნულება და აზრი აქვს. დავიწყოთ ინტერვიუს ადგილიდან:  ჩვენ ვიმყოფებით ბუდაპეშტის კარმელიტის მონასტერში, რომელიც ქალაქის ზემოთ, კარმელის მთაზე მდებარეობს და რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას წარმოადგენს. სარკმლიდან თვალწარმტაცი პეოზაჟია გადაშლილი - ცისფერი დუნაი და ქვეყნის პარლამენტის შენობა. რეზიდენტცია ორსართულიანია, პირველი და მეორე სართულები ერთმანეთთან ხვეული კიბით არის დაკავშირებული, ყველა კედელზე თაროებია, წიგნებით სავსე. ჩვენს მაგიდაზე უნგრეთის სახელმწიფო დროშის შემცირებული ასლი დგას.

ოთახში შემოდის 61 წლის პოლიტიკოსი, გვესალმება, ხელს გვართმევს და ფოტოსურათს იღებს თითქმის ჩვენი სიმაღლის მქონე დიდ გლობუსთან, რომელზეც გამოსახულია პლანეტის სახელმწიფოები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და, რა თქმა უნდა, უპირველესად, იმპერიული ევროპა, უნგრეთის ჩათვლით, 1920 წლის საზღვრებში. მაგრამ სანამ ფოტოგრაფი ღილაკს თითს დააჭერდეს, ვიქტორ ორბანი გლობუსს მარჯვნივ ატრიალებს და აშშ-ის კონტურებს გვაჩვენებს. „არ გაჩვენებთ უნგრეთის ისტორიულ საზღვრებს, თორემ ვაითუ ზოგიერთებს ისევ ეწყინოთ“, - ამბობს პრემიერი, - „დღევანდელ სიტუაციაში ამერიკის ნახვა უფრო პერსპექტიულია“.

- დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა. თქვენ მას მხარს უჭერთ 2016 წლიდან და ყოველთვის იმედოვნებდით, რომ იგი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა. რას ნიშნავს თქვენთვის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა?

- ტრამპისეულმა ტორნადომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ძალიან შეცვალა. რაც შეეხება უნგრეთს, ყველაფერი მარტივადაა: ჩვენ ბრიუსელისა და ვაშინგტონის ზეწოლის ქვეშ ვიყავით. როცა ათმილიონიან ქვეყანას მკერდზე ორი ჩექმა აწვება, მას პრაქტიკულად გადარჩენა არ შეუძლია. ჩვენ დასავლელ გზააბნეულ ცხვარს გვეძახდნენ, ახლა გამოდის, რომ იმას, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი, ამიტომ თავს ბედნიერად ვგრძნობთ და მშვიდად ვართ.

ამერიკელ დემოკრატებს საშინლად ვძულდით. ჩვენ საწინააღმდეგო პოზიციები გვქონდა მიგრაციის პრობლემის მიმართ, გენდერული თანასწორობის შესახებ და უკრაინის სიტუაციის ირგვლივ. დემოკრატები მხარს უჭერდნენ უნგრეთის ყველა ოპოზიციურ მასმედიას, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი. დონალდ ტრამპმა ამ ყველაფერს ბოლო სწრაფად მოუღო. ჩვენ ახლა იმედი გვაქვს, რომ ამერიკელი ბიზნესმენები უფრო მეტ ინვესტიციებს შემოიტანენ უნგრეთში და ჩინურ ინვესტიციებს გადააჭარბებენ.

- და რას მოასწავებს ეს ყველაფერი უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით?

- იმას, რომ ევროპელებს ცოტა მოკრძალებული ქცევა გვმართებს. ევროკავშირი მუდმივად ლაპარაკობს, რომ გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის. ევროკავშირს სიტუაციის გაკონტროლება თავის რეგიონშიც კი არ ძალუძს. მაგალითად, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება. ვერ შეძლო ბალკანეთის ინტეგრირება... არცერთი სერიოზული მოთამაშე ასე არ იქცევა.

- თქვენი ქვეყანა მუდმივად აჭიანურებს ან ბლოკავს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს...

- ჩვენ სანქციების მოწინააღმდეგეები ვართ. ბოლო სამი წლის განმავლობაში სანქციების გამო 19,5 მილიარდი ევრო დავკარგეთ - მოგვიწია ვაჭრობის შემცირება, ენერგიაზე კი ფასებმა მოიმატა. მოკლედ, რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული სანქციებით უნგრეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე რუსეთი. (...) ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ სანქციები კარგი მეთოდია სამხედრო მოქმედებების შესაწყვეტად. ჯო ბაიდენს ეგონა, რომ სანქციებით რუსეთი დამარცხდებოდა, მაგრამ არ გაუმართლა.

- და მაინც, როგორც თქვენ თქვით, რუსეთი აგრესორია...

- ეს ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, მე კი მისმიმართ ლოიალური ვარ...

- პირადად როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მიმართ?

- მოდით, შეფასებების გაკეთება ისტორიკოსებს მივანდოთ. მე პოლიტიკოსი ვარ. უნგრეთი ევროკავშირის წევრია. არსებობს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც მავალდებულებს ვთქვა, რომ „რუსეთი აგრესორია“.

- მაგრამ რატომ აკრიტიკებთ მუდმივად ევროკავშირს „ომის პოლიტიკის“ გამო?

- იმიტომ, რომ ჩვენ, ევროკავშირმა ძალიან დიდი სეცდომა დავუშვით 2022 წლის თებერვალში. ჩვენ დაუყონებლივ უნდა ჩაგვექრო კონფლიქტი, უზრუნგველყო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება. თავიდანვე ჩანდა, რომ ომში უკრაინა ვერ გაიმარჯვებდა, საქმე კი შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომამდე მისულიყო. დღეს ჩვენ უკრაინისადმი დახმარება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევაში შეგვიძლია. უკრაინას იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ომში ჩვენ მის გვერდით ვიქნებით.

- როგორ წარმოგიდგენიათ ცეცხლის შეწყვეტა? მოუწევს თუ არა უკრაინას ტერიტორიების დათმობა?

- ომის დაწყების პირველ დღეებში ცეცხლის შეწყვეტა შედარებით უფრო იოლი იქნებოდა... დღემდე ძალიან ბევრი უკრაინელია დაღუპული - [მათ ეგონათ, რომ ომში გაიმარჯვებდნენ]. მაგრამ ახლა რატომ იღუპებიან? ეს სერიოზულ მორალურ დილემას წარმოადგენს, თუმცა, საბედნიეროდ, ჩემთვის არა. ეს არის დილემა იმ პოლიტიკოსებისათვის, რომლებმაც ომს მხარი დაუჭირეს.

უკრაინას რუსეთთან ომში გასამარჯვებლად არანაირი იარაღი არ ეყოფა. დასავლეთს გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეგულარულ საარმიო ქვედანაყოფებს გაგზავნის, ეს კი გამორიცხულია. უკრაინას არც ჯარისკაცები არ ჰყოფნის... სწორედ ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი დონალდ ტრამპის ჩარევა.

- და რის გაკეთება შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტს?

- როცა თქვენ გორდიას კვანძს ვერ ხსნით, მაშინ ის უბრალოდ უნდა გადაჭრათ. თქვენ ამ დროს ძლიერი უნდა იყოთ და ხელში ხმალი უნდა გეჭიროთ. დონალდ ტრამპი რუსებთან და უკრაინელებთან ერთად მაგიდასთან უნდა დაჯდეს და მათ ასე უნდა უთხრას: „ბიჭებო, მოდით ზავი დავდოთ, რადგან ეს ერთადერთი გამოსავალია“. სუსტი ლიდერები ომს იწვევენ, ძლიერები კი მშვიდობას აღწევენ.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთი შეჩერდება და წინ აღარ წავა, თუ კონფლიქტი გაიყინება? პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი უკრაინას ხელოვნურ სახელმწიფოდ თვლის, რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს...

- არავინ არ იცის, თუ რა ფიქრობს ვლადიმერ პუტინი. ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს ჩვენ დიპლომატია გვჭირდება. ევროპელებს მიაჩნიათ, რომ უკრაინისადმი დახმარება უნდა გაგრძელდეს, ანუ ომი არ დასრულდეს. ევროპელებს ჰგონიათ, რომ მორალურად იქცევიან. ეს აბსურდია და მეტი არაფერი! მოლაპარაკება სწორედ ომის დროს არის აუცილებელი. სხვანაირად ისინი ერთმანეთის საბოლოო განადგურებამდე იბრძოლებენ, თუმცა პირველ რიგში მაინც უკრაინა განადგურდება.

- თქვენ ბევრჯერ ხართ შეხვედრილი ვლადიმერ პუტინთან, სულ ბოლოს კი მას 2024 წლის ივლისში ესაუბრეთ. თქვენ მას ენდობით?

- როცა მე ხელისუფლებაში დაბრუნებას ვაპირებდი 2009 წელს, მე მას შევხვდი და მოველაპარაკე, რომ სამომავლოდ ერთად ვიმოქმედებდით. მე მჯეროდა, რომ მოსკოვთან კარგი ურთიერთობა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა უნგრეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს პასუხობს. ჩვენ დღემდე ბევრი ხელშეკრულება გვაქვა დადებული რუსეთთან. იგი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ბოლო 15 წლის გამოცდილება იმაზე ლაპარაკობს, რომ უნგრეთს შეუძლია რუსეთს ენდოს.

- მაგრამ უკრაინას სულ სხვა გამოცდილება აქვს... თქვენ ამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას თავს არ დაესხმება... მაგრამ თუ მის მოქმედებას გაიხსენებთ 2021 წელს , როცა იგი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა და ალიანსს ემუქრებოდა... ეს ხომ თქვენ გეხებათ, როგორც ნატოს წევრს...

- მე პუტინს პირდაპირ ვკითხე - გაქვთ თუ არა უნგრეთთან კითხვები ნატოს წევრობასთან დაკავშირებით-მეთქი. მან მიპასუხა, რომ არ ჰქონდა - იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს ჯარები და იარაღი არ არის განთავსებული... ძნელი წარმოსადგენია, რომ უნგრელებმა მოსკოვი დაიპყრონ (იცინის).

- და მაინც თქვენი მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ გასაკვირია.

- მაგრამ მე რუსეთის მომხრე არ ვარ. მე უნგრეთის მომხრე ვარ.

- გავიხსენოთ ფაქტები: უნგრეთს რუსეთთან რთული ისტორია აქვს. რუსეთის ჯარებმა ჩაახშეს უნგრეთის რევოლუცია 1849 წელს და უნგრელთა აჯანყება 1956 წელს...

- მე და პუტინმა მოვილაპარაკეთ, რომ ისტორიის კვლევა ისტორიკოსებს დავუთმოთ. მე ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე ქვეყანამ უნგრეთის ოკუპირება მოახდინოს. არცერთ სახელმწიფოს არ ქვს უფლება უნგრელებს უთხრას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ... მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რუსეთი უნგრეთის სუვერენიტეტს და თავისუფლებას არ ემუქრება.

- თქვენს გამოსვლებში ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ ბრიუსელს უფრო დიდ საფრთხედ თვლის, ვიდრე მოსკოვს...

- ვგულისხმობ სხვადასხვა განზომილებებს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ასეცაა. რუსებთან იოლად შეიძლება რაციონალური შეთანხმების დადება, ბრიუსელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკება კი საშინელებაა. ისინი ჩემს ოპონენტებს მხარს უჭერენ, წარმოგიდგენიათ? მე ევროკავშირს არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხში ბრძოლა მოვუგე. ძნელია იმასთან ერთად დაჯდე მაგიდასთან, ვისაც შენი განადგურება სურს ყოველ არჩევნებში...

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის