USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
ვინაა ევროპელი მედიატორი კრისტიან დანიელსონი და მოახდენს თუ არა გარდატეხას პოლიტიკურ კრიზისში
дата:  671

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში პირად მედიატორად დანიშნა, თბილისს დღეს ეწვევა. ვინ არის დანიელსონი და გახდება თუ არა შვედი დიპლომატი პოლიტიკურ კრიზისში გარდამტეხი ფაქტორი, ამ საკითხებზერეზონანსთან" ექსპერტებმა ისაუბრეს.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, დანიელსონის ვიზიტი მიშელის ვიზიტის გაგრძელებაა, რომელიც მიანიშნებს, რომ ბრიუსელის მხრიდან დიდი ინტერესია, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ, რაც ქვეყანაში სტაბილურობის ერთგვარ გარანტიას შექმნის.

„ის გამოცდილი შვედი დიპლომატია, რომლსაც ჰქონდა მაღალი თანამდებობები როგორც ევროკავშირში, ასევე შვედეთის საგარეო უწყებაში, მას დიპლომატიური მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვს, მაგალითად ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებაში თუ იქაური კრიზისების მოგვარებაში.

„მისი მისია ერთგავარდ შარლ მიშელის მიერ დაწყებული ძალისხმევის გაგრძელებაა იმიტომ, რომ ბუნებრივია ბატონი მიშელი თბილისში ასე ხშირად ვერ ივლის, ამიტომ მან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა გადაწყვიტა და მე ვიტყოდი, რომ ესაა ევროპული საბჭოდან პირველი უპრეცედენტო მეგობრული ნაბიჯი, როდესაც პრეზიდენტისა და მისი სპეცწარმომადგენლის მეშვეობით მეგობარი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში მედიატორობას ეწევა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბრიუსელის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რომ აქ იყოს სტაბილურობა, მშვიდობიანი განვითარება და რაც მთავარია, ურყევი ევროინტეგრაციული პროცესები, რასაც ისინი თავად ისედაც აღიარებენ.

„ვფიქრობ, რომ ეს კარგი ნაბიჯია და ამასთანავე ცალკეული ევრპოპარლამენტარების მიმართ სიგნალი, რომლებიც საქარველოს სახელმწიფოსთვის არცთუ ისე კარგ განცხადებებს აკეთებენ, რომელშიც ჩანს ხოლმე, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და არა ყველა, თითქოსდა „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს, რაც ბუნებრივია საზოგადოების დიდ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ, როგორც უმაღლესმა აღმასრულებელმა სტრუქტურამ, გადაწყვიტა პირდაპირ, მეგობრულად ჩაერიოს და დაპირისპირებულ მხარეებს მედიაცია გაუწიოს.

„ეს ადამიანი უკვე თბილისშია და მოლაპარაკებებს გამართავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ბრიუსელში გაიმართება ყოველწლიური ასოცირების საბჭოს სხდომა, ესაა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისა და მთელი ევროკავშირის ტოპ ლიდერშიფის მონაწილეობოთ, სადაც განიხილავენ იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველომ ერთის მხრივ რას მიაღწია საკანონმდებლო რეფორმების კუთხით და მეორეს მხრივ რით და როგორ დაეხმარა ქვეყანას ევროკავშირი.

„ერთ-ერთი საკითხი კი, რომელიც თავად შარლ მიშელის ინიციატივითაა, ესაა პოლიტიკური დიალოგი. პრემიერი წარადგენს იმას, რასაც წარადგენს, მიღწეულია თუ არა შეთანხმება. მინდა საზოგადოებას ხაზგასმით ვუთხრა, რომ თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასოცირების საბჭო მყისიერად დაიხურება და იქ მეტს არაფერს არ განიხილავენ, არა, ესაა დღის წესრიგის დამატებითი საკითხი იმ ყოველწლიუირ საბჭოს სხდომაზე. შემდეგ იმ მომდევნო საკითხებზე გადავლენ, რომელიც უკვე დიდი ხნის მომზადებულულია და რომელიც შემდგომი დაახლოების და ევროინტეგრაციული პროცესების განხილვას გულისხმობს. ეს იქნება ფინანსური სექტორი, საკანონმდებლო, საარჩევნო, დემოკრატია, სასამართლო და ა.შ." - თქვა გია აბაშიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა იმისი მოლოდინი, რომ მხარეებმა ღარიბაშვილის ბრიუსელში ჩასვლამდე დანიელსონის მედიაციით რაიმე საკითხზე შეთანხმება შეძლონ, განაცხადა, რომ ამისი ილუზია არ აქვს, თუმცა არ გამორიცხხვს, რომ „ოცნება" და ბარიერგადალახული ოპოზიციური ზოგიერთი პარტია გარკვეულ პუნქტებზე შეთანხმდნენ.

„მე არ მაქვს იმისი ილუზია, რომ დესტრუქციული „ნაცმოძრაობა" და „ქართული ოცნება" დღეს-ხვალ რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწევენ, იმიტომ რომ როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა, რაც არ უნდა შესთავაზო, ის ყოველთვის უარზეა, რადგან მას არეულობა, დესტრუქცია და დაძაბულობა სურს. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნება" და ბარიერგადალახული ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის ძირეულ რეფორმაზე შეთანხმდნენ. ასევე ის, რომ ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები ეკუთვნით, დამატებით იმ საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვნენ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეისწავლოს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ „წითელი ხაზები" არსებობს. არ ვიცი, რამდენად მკაფიო, ბაცია ან ღია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ესაა განმეორებითი არჩევნები, ე.წ. პოლიტპატიმრები და პლებისციტი, თუმცაღა ბატონი დანიელსონის გეგმა როგორი იქნება, არ ვიცით, შესაძლოა მან თავისი გეგმა ჩამოიტანოს, ამიტომ მომდევნო დღეები ორშაბათამდე გვანახებს თუ მხარეები სად არიან და როგორ მოხდა მათი გაყინვა, დაახლოება თუ დაშორიშორება,"- განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ დანიელსონის მედიაციით შესაძლოა პლებისციტზე შეთანხმება მოხდეს.

„დანიელსონი შვედი დიპლომატია, თავის დროზე შვედეთის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა ეკავა, დღეს ევროკავშირის საბჭოში ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონი მიშელის სპეციალური წარმომადგენელია. რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს, ეს ევროკავშირის უმაღლესი ორგანოა, სადაც გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა დონეზე ხდება.

„მოლაპარაკების პროცესში პასუხისმგებლობა თვითონ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გამოიჩინოს, როგორც ხლისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადადგან. შეიძლება ევროკავშირი დახმარებას შეეცადოს, მაგრამ თუ შეხების წერტილები არ გამოიძებნა, მაშინ შეთანხმების მიღწევა პრობლემა იქნება. ყველაზე რეალისტური საკითხი, სადაც შეხების წერტილი ორივე მხრიდან იქნება, მეჩვენება, რომ პლებისციტია, რომელიც შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართოს.

„პირადი წარმომადგენელის გამოშვება ნიშნავს, რომ მიშელმა შეთასნხმების საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა. ევროკავშირის მცდელობაა, რომ 15-17 მარტამდე როდესაც საქართველო-ევროკავშირის კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ექვსპუნქტინი გეგმის მიხედვით მანამდე იქნას მიღწეული," - განაცხადა ჩიტაძემ.

„ალბათ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება, რა იქნება შეთანხმების საგანი, ძალზედ ძნელია და არასასურველი მოლაპარაკებებისთვის. წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესში თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე შევთანხმდეთ, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ასეთთა შორის უპირველესია ქვეყნის ინტერესი. ეს იქნება მთავარი წრე, რომლის ფარგლებშიც მიგვიწევს მოძრაობა მოლაპარაკებათა პროცესში," - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ მათი დღის წესრიგი არ გადაიხედება და მთავარი მოთხოვნებიც იგივეა - ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.

„ჩვენ პოზიციისთვის არ გადაგვიხედავს და ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან სრული პოლიტიკური ნება არსებობს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე საარჩევნო თემასთან დაკავშირებით და მედიატორის თანამონაწილეობით ვიმსჯელოთ იმაში თუ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან როგორ გამოვიდეს. „ქართული ოცნების" პოზიციები თუ არ გადაიხედება, რომელიც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, ცხადია, რომ შეთანხმებაის მიღწევა რთული იქნება," - განაცხადა „მთავართან" „ნაცმოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

http://www.resonancedaily.com


Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати