USD 2.7139
EUR 3.1514
RUB 3.3656
თბილისი
ვინ იყო "ირანის ლომი" და რატომ შესძახა "დიდება ქართველთა!"
თარიღი:  1276
მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციამ ირანში დაგეგმა ჩემპიონატის ჩატარება. ქართველნიც თავაწეულნი ვეწვიეთ ირანს. დიდებული იყო სპარსეთის დედაქალაქი. თითქოს აზიურ დარბაისელ გონს ჩაუქსოვია თავისი დიდებულება და ისე გაუშლია ვაკეზე თვალწარმტაცად სპარსთა დედაქალაქი. რამდენი ქართველის მკლავი და გონება შეეწირა ირანს... ვინ მოსთვალოს... მშვენიერ ასულს ავადევნე თვალი, თბილი, თვალებმაყვალა, წარმტაცი გოგო ავიბლანდე თვალში... იქნებ ქართული სისხლი სჩქეფს მის ძარღვებში და თავად არ უწყის, რამდენი პირმშვენიერი ქალ-ვაჟი დააბიჯებს ისპაჰანს, გურჯთა გენი რომ ბობოქრობს მათ სხეულში და... რისთვის ვიტანჯავ თავს ასეთი ფიქრით? განა მომისმენს ვინმე?
ფინალისკენ ჯიუტად მივიწევდით ქართველნი. არცერთ მეტოქეს არ დავუდეთ ტოლი და ჰაა, ფინალის დღეც დადგა.
მარცხენა მკლავი ტრამვირებული მქონდა, ვერც ექიმთა მეცადინეობამ გასჭრა, მკლავის ტკივილი წყევლასავით აეკრა სხეულს. ერთი ფიქრი მქონდა "ირანის ლომი" ნუ იქნებოდა ჩემი მოწინაღამდეგე. შიში რას მიქვია? მაგრამ ფინალში შესაძლო დამარცხება გულს ეკლად ჩასობოდა და მოსვენებას მიკარგავდა. ყოველი სპორტსმენი ხომ გლადიატორს ჰგავს კოლიზეუმის არენაზე ბრძოლად რომ იყო შეწირული "სასიკვდილოდ მიმავალი მოგესალმები შენ" ასე მიმართავდნენ კეისარს. ჩვენი კეისარი ჩვენი გულშემატკივარია, ჩვენი ერია მრავალგვემული და უიმედობის მთრგუნავი მარადჟამს, ჰოდა მათი სიხარული ჩვენი სიცოცხლეა, მათი მწუხარება - ჩვენი სიკვდილი. "ფარით ან ფარზე" მუდმივი დილემა სპორტსმენის თანამდევია მარადჟამს.
"ირანის ლომთან" მიწევდა შერკინება. ბოლო ბრძოლა იყო, გამარჯვებული ეუფლებოდა მსოფლიოს თასს. ტატამზე ავედი, თვალი გაუსწორე მოწინაღამდეგეს. კიმონოს იცვამდა ირანელი. კლდეში ნაკვეთ ტიტანსა ჰგავდა მისი სხეული. ზედ არ მიყურებდა "ლომი". ბრაზი მომერია, "ტატამს ბეჭებით დაგაკრავ ირანელო" ბოღმას ვანთხევდი თავად. რკენა დაიწყო. ძალუმად მომქაჩა მარცხენა მკლავზე ფალავანმა, ტკივილის ყრუ ხმა აღმომხდა და თითქოს ხელი შემიშვა, ილეთის ჩატარებასაც უგერგილოდ ცდილობდა ირანელი. დრო ვიხელთე, ქართული გარეკაურით თეძოზე შემოვიგდე "ლომი" და ტატამზე ბეჭებით "დავაკარი". "იპონ", შესძახა რეფერმა, ზეზე წამოვიჭერი, ტატამს შემოვურბინე გახარებულმა, მოწინაღამდეგეს მივუახლოვდი, ღიმილიანი, მაგრამ ნაღვლიანი თვალებით მიმზერდა ირანელი. უზარმაზარი მკლავი მომხვია და "მარტყოფელი ვარ, ბიჭო, ფერეიდნიდან, გამარჯვებას გილოცავ, თანამიწიერო...", ქართულად მითხრა "ირანის ლომმა". გავშრი, "ქართველი ხარ?", ვკითხე გაოგნებულმა. "ჰო, ძმაო, ჰო...", ამოიგმინა დევკაცმა. უცბათ დაიხარა, ლომისა დარი მკლავი მუხლებზე მომხვია, ზე ამიტაცა, ტრიბუნისკენ შებრუნდა და მჭექარე ხმით შესძახა "დიდება ქართველთა", ტრიბუნაზე ერთი ჯგუფი წამოდგა ფეხზე და "ამინ, დიდება...". გრიალით მოედო დარბაზს.
დინჯად დამსვა "ირანის ლომმა". "ონიკაშვილი ვარ გვარად...", მხოლოდ ეს თქვა, შებრუნდა და თავისი გუნდისკენ წავიდა. მხრები უცახცახებდა გოლიათს. ჩვენებთან მივედი: "ბიჭებო, ის ქართველია, ონიკაშვილია გვარად, ფერეიდნელია...", - სიტყვებს ძლივს მოუყარე თავი. ირანელებისკენ გავიხედე. გოლიათის გვერდით კიდევ ორი კაცი იდგა, ღიმილით შემოგვცქეროდნენ ქართველებს ჩვენივე ქართველები...
წერილი მოიტანა ვიღაც გოგომ, "იმ ბატონისთვისააო", მიმართა მწვრთნელს და თითით ჩემზე ანიშნა. ორად იყო გაკეცილი ფურცელი, გავშალე და კითხვას შეუდექი:
"აქ, თეირანში, ქართული სკოლა გვაქვს. ჩვენცა გვყავს ჩვენი "იაკობ გოგებაშვილი", დედაენის დავიწყების უფლებას რომ არ გვაძლევს ფერეიდნელ ქართველებს. აქ ჩვენ ერთი დიადი ნატვრა გვაერთიანებდა, რომ გურჯობა შეგვენარჩუნებინა და რწმენა. ცისარტყელის ქვეშ ვინც გაძვრებოდა, სამშობლოში დაბრუნება ელოდა უცილოდ. ეს ღვთის ნების ტოლფასი იყო ჩვენთვის. დამარცხებისთვის ჯერ არ მიამაყია დღემდე და ბედნიერი ვარ თქვენი გამარჯვებით, თუ დღეს გურჯესტანი მსოფლიო თასის მფლობელია, ჩვენც ხომ გურჯები ვართ". წერილის კითხვა დავასრულე, ფურცელი დავკცე, გამარჯვება გაუფერულდა...
საქართველოს ჰიმნი გუგუნებდა ჩემპიონთა სადიდებლად, დავაკვირდი "ირანის ლომს", ტუჩები ქართულ ჰიმნს "მიჰყვებოდა". სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ... მედალი მოვიხსენი კისრიდან: "ონიკაშვილო, გამომართვი, ეს მედალი, შენს შვილებს წაუღე, ამაზე ძვირფასი არა გამაჩნია რა", - მივმართე "ირანის ლომს".
"ქართველი ქართველით არის და საქართველო ქართველებისთვის, მკლავი მოსტყდეს ქართველზე გამარჯვებულ ქართველს თუ მისი გამარჯვება საქართველოსთვის არ არის..." - მიპასუხა ონიკაშვილმა.
ჩვენი ნაკრების არც ერთ წევრს არ ჩამოუტანია მედალი ირანიდან, ფერეიდანში დაიდო ბინა გურჯთა დიდებამ.
----
ავტორი: გიორგი აღნიაშვილი
წყარო: საავტორო პროზაული კრებული «ჟამთგასაყარი». 2018 წელი"
ფოტოზე: გიორგი აღნიაშვილი
მივიწყებული ისტორიები
საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.