USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ვინ იყო ქალი, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა და გამოსამშვიდობებელი სიტყვაც პირველმა წარმოსთქვა
Date:  1257

ქრისტინე შარაშიძე პედაგოგი, დამფუძნებელი კრების წევრი 1889-1973წწ.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე 1887 წლის 2 აგვისტოს, სოფელ ბახვში დაიბადა. თავდაპირველად, ქრისტინე ბახვის სკოლაში, შემდეგ კი, ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, საიდანაც 1904 წელს, მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობის ორგანიზატორობის გამო პოლიტიკურად არასაიმედო მოსწავლედ შერაცხეს და გიმნაზიიდან გარიცხეს. მის ხასიათსა და მეამბოხე სულზე ეს ფაქტი კარგად მეტყველებს. სულ რაღაც 17 წლის ქრისტინემ სისტემის წინააღმდეგ, პირველად სწორედ ამ მოძრაობის შექმნით გაილაშქრა და გარშემო თანამოაზრეების შემოკრებაც მოახერხა. თავადვე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში, უაღრესად გატაცებული იყო რევოლუციური იდეებით და ატესტატი, თუ რაიმე სხვა ოფიციალური მოწმობა, სრულიად ზედმეტად მიაჩნდა. თუმცა, ისევ დედის პატივისცემითა და ხათრით, ქრისტინემ ერთი წლის შემდეგ, გიმნაზიაში სწავლა აღადგინა და დაამთავრა კიდეც. შემდეგ, მშობლების დახმარებით, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

ჩიტოს ბევრი მეგობარი არ ჰყოლია. როგორც მისი დის შვილიშვილი, ნინა ქარცივაძე აღნიშნავს, სახლში ბევრს არ საუბრობდა, მისი მეგობარი ფურცელი იყო, რადგან სულ წერდა და წერდა. მისივე თქმით, ქრისტინეს დასავლური შეხედულებები ჰქონდა. ქრისტინე შარაშიძე, მშობლების მსგავსად, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1907-1923 წლებში, ქუთაისისა და თბილისის საშუალო სასწავლებელთა უფროს კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მომდევნო წლებში კი, სახალხო მასწავლებელთა კურსებზე ლექციებს კითხულობდა. პარალელურად, 1916-1921 წლებში, ქრისტინე ,,ჯეჯილის” სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო, 1917 წელს, ის ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის” წევრად აირჩიეს. ამავე წლებში, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების თანადამფუძნელებელია. მისთვის მასწავლებლობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.

პირადი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ძალიან თავმდაბალი იყო - მუდმივად ეჭვი შეჰქონდა საკუთარ თავში და ფიქრობდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა სასწავლი იმისთვის, რომ საკუთარი მიზნებისთვის მიეღწია. ხშირად ბრაზობდა საკუთარ თავზე და მუდმივად ტანჯავდა შინაგანი უკმაყოფილება. საკმაოდ ბევრ ჩანაწერში ჩანს, რომ ხშირად მიეცემოდა ხოლმე თვითგვემას და საკუთარ თავს ეგოისტს, ქარაფშუტას უწოდებდა. ,,როგორ მტანჯავს ყოველი ჩემი მიკროსკოპიული ნაკლულევანებაც კი!”, ,,ნეტავი მოვკვდებოდე, რომ ჩემივე თვალით არ ვუცქირო ჩემივე უილაჯობას” - ამბობდა ქალი, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთი შეხედვით მკაცრი და თავდაჯერებული ქრისტინე, ყოველი საჯარო გამოსვლის წინ საშინლად ნერვიულობდა. მიუხედავად ასეთი მეამბოხე სულისა, ქრისტინე მშვიდობისმოყვარე, ნამდვილი დიპლომატი იყო. ეს ნათლად ჩანს მისი ერთ-ერთი მოგონებიდან, როდესაც მან დაშნაკებისა და მათი მოწინააღმდეგეების კონფლიქტი მისთვის დამახასიათებელი, დიპლომატიური და თამამი საუბრით მოაგვარა. როდესაც, ე.წ ,,მფრინავთა რაზმის” წევრი იყო, მშვიდობის დამყარების სურვილით შეპყრობილი ქრისტინე, რაზმის დანარჩენ წევრებთან ერთად, დაშნაკი ოფიცრის არმიისა და ,,მტრის უბნის” კონფლიქტს წააწყდა. ჩიტომ ვორონცოვ-დაშნაკის ადიუტანტს მიმართა და განუცხადა, რომ მთავრობის ჯარების ასეთი ქცევა სიმშვიდეს ვერ დაამყარებდა და საჭირო იყო სიტყვიერი მოლაპარაკება, დაჭრილების პატრონობა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სამხედრო მოქმედებები შეწყდებოდა. ქრისტინემ მეფისნაცვლის ადიუტანტს სთხოვა, სროლის შეწყვეტის განკარგულება გაეცა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

თავის ჩანაწერებში, ამ პერიოდიდან ის კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს. ერთ-ერთი არეულობის დროს, ქრისტინეს მისმა უფროსმა ძმამ - შალვამ უთხრა, რომ კრებაზე სწორედ ის უნდა შესულიყო და მოეყოლა, თუ რა ხდებოდა ქუჩებში. ქრისტინემ მღელვარედ გადმოსცა ამ დღის შთაბეჭდილებები 30-მდე პირის წინაშე. იმ ღამეს კი, გაიგო, რომ მისი ნაამბობის შესახებ ბოლშევიკების კორას უთქვამს: ,,მართლა გგონიათ, რომ იმ განერვიულებული ქალბატონის ერთი სიტყვა მაინც დავიჯერე?”. ქრისტინე გამორჩეულად უშიშარი და გამბედავი იყო. დაუფიქრებლად იმაღლებდა ხმას წარმოუდგენლად საშიში სისტემის წინააღმდეგ და პირდაპირ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. სიტყვებს ტყვიასავით ისროდა და მიზანში სვამდა მაშინაც კი, როცა მის ყურებთან ნამდვილი ტყვიები ზუზუნებდა.

ჩიტო შარაშიძე

1919 წლის 12 მარტს, ქრისტინე ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი, ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. ის სოციალ-დემოკრატების პარტიაში გახლდათ. ქრისტინე, ასევე, იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი და საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი. მასთან ერთად, დამფუძნებელი კრების წევრი ქალები გახდნენ ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ანა (ოლღა) სოლოღაშვილი და ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ნაკაშიძე-ბოლქვაძე. ყველა მათგანი, ქრისტინეს მსგავსად, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრია.

ჩიტო შარაშიძე პირველად ოზურგეთში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის აგვისტოში, რამდენიმე დღით დააპატიმრეს. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის 1 წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად, საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ, იზოლაციის მიზნით, ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერებისა და აქტიური წევრების დაპატიმრება დაიწყო. მათ შორის იყო ქრისტინეც, რომელიც 1922 წლის 17 თებერვალს, ქუჩაში საგანგებო კომისიის #3090 ორდერით დააპატიმრეს. მას მე-10 პედაგოგიურ ტექნიკუმში, რომელშიც მასწავლებლად მუშაობდა, მოსწავლეთა გაფიცვასთან კავშირი ბრალდებოდა. ამავე წლის 23 მარტს, ქრისტინეს 6 თვით იზოლაციის წესით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა, 6 მაისს, ავადმყოფობის გამო, ძმის - შალვა შარაშიძის თავდებობით გაათავისუფლეს.

1931 წელს ქრისტინემ სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა. 1940-1945 წლებში, ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების შესწავლა-გადმოღებაზე მუშაობდა. 1936-1937 წლებში, მუშაობდა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის მოწყობაზე, ასევე, მისი ხელმძღვანელობით შედგა რუსთაველის პირველი ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელშიც 2000-ზე მეტი ბარათი განთავსდა. 1945 წლიდან 1958 წლამდე, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად. 1958-1964 წლებში კი, ქრისტინე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად გადაიყვანეს.

ქრისტინე შარაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ნაბეჭდი წიგნისა და ქართული შრიფტის განვითარების მეცნიერულ კვლევა-ძიებაში. ამ საკითხებს მან რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა: ,,ქართული შრიფტი ამსტერდამში”, ,,ქართული ნაბეჭდი სახელმძღვანელოები”, ,,ქართული ანბანი მე-19 საუკუნემდე”. ასევე, მის კალამს ეკუთვნის ,,ქართული წიგნის” პირველი ტომი, 1629-1860 წლების ნაბეჭდ წიგნთა აღწერილობები და მონოგრაფია ,,პირველი სტამბა საქართველოში”. ასევე, ქრისტინემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ისტორიის კვლევაში. ჯამში, დამუშავებული აქვს IX-XIX საუკუნეების 1500-ზე მეტი ხელნაწერი. ქრისტინე შარაშიძე დაქორწინებული არასდროს ყოფილა და არც მემკვიდრე დარჩენია. მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი მამაკაცი - გაბო ცისკარიშვილი უყვარდა, რომელიც 1924 წელს, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ქრისტინემ სიყვარულის ობიექტს, 1964 წელს, მისი სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ, წერილი მიუძღვნა. ერთ-ერთ ჩანაწერში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც იხილა ვინმე ლიდას რეაქცია შვილის - არჩილის სიკვდილის გაგებაზე, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამის შემდეგ შვილზე ოცნებას არ გაბედავდა და არც დაქორწინდებოდა ოდესმე.

ცნობილია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ცხედარი, ოცამდე ადამიანთან ერთად, ქრისტინე შარაშიძემაც გააცილა და იყო პირველი, ვინც გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმა გაბედა. „. . . რომელიმე ქვეყნის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენათ მტკიცეთ, პატიოსნათ და შეგნებით ასრულებს თავის მოვალეობას თითოეული მოქალაქე - უბრალო მწყემსიდან დაწყებული ქვეყნის მმართველ პიროვნებამდე! თუ ისინი ერთგულად და პატიოსნათ ეპყრობიან თავის მოვალეობას, თუნდაც სულ მცირედი იყოს ეს მოვალეობა, მაშინ ასეთი ქვეყნის კეთილდღეობა და ბედნიერება უზრუნველყოფილია . . .“

 

მომზადებულია ეროვნულ არქივში დაცული მასალის მიხედვით

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way