USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი?
дата:  1603

იბრაჰიმ რაისი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად დასახელდა. რაისმა ამომრჩეველთა ხმების 62% მიიღო. არჩევნების სხვა მონაწილეებმა და ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა რაისს გამარჯვება უკვე მიულოცეს.

ვინ არის იბრაჰიმ რაისი? 

იგი დაიბადა 1960 წლის 14 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში. 1980 წელს მიიღო რელიგიური განათლება. 1985 წელს საცხოვრებლად გადავიდა თეირანში, სადაც დანიშნეს ქალაქის პროკურორის მოადგილედ. 1989-1994 წლებში კი ეკავა პროკურორის თანამდებობა. 2004 წელს დანიშნეს ირანის პროკურორის მოადგილედ, 2014 წელს კი გახდა ირანის გენერალური პროკურორი.

იბრაჰიმ რაისი არის კონსერვატორი სასულიერო პირი და "სეიდი"- შიიტური ტრადიციის თანახმად, ასე უწოდებენ მათ, ვისი წინაპრებიც უშუალოდ წინასწარმეტყველ მუჰამედს უკავშირდებიან. გარდა ამისა, ის აიათოლა ხამენეის თანაქალაქელია, ორივე მათგანი შიიტებისთვის წმინდა ქალაქ მეშჰედში დაიბადა. რაისი განთქმულია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით და ამიტომაც ის ხამენეის თანამოაზრედ ითვლება. ებრაჰიმი ხამენეიზე 20 წლით უმცროსია და 2019 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 


1988 წელს რაისი იყო იმ ოთხ მოსამართლეს შორის ერთ-ერთი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ "სიკვდილის კომისიების" წევრები იყვნენ. მათ ათიათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. 2017 წელს ის ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ წააგო ჰასან რუჰანისთან, რომელიც რეფორმისტულ ბანაკის წევრად მიიჩნევა. მაშინ თანამდებობიდან მიმავალმა პრეზიდენტმა რაისის კარიერა შემდეგნაირად შეაფასა: "ის 38 წელი ადამიანებს სიკვდილით სჯიდა და გისოსებს მიღმა კეტავდა". ორი წლის წინ აშშ-მა რაისი სანქცირებულთა სიაში დაამატა. მას უფლებადამცველთა ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე?

ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის სანქციების მოხსნა, რაც მოლაპარაკებებში ბირთვული შეთანხმების განახლების მიმართულებით გარკვეულ დათმობებზე წასვლას გულისხმობს. ირანი იმედოვნებს, რომ ნავთობის ექსპორტს განაახლებსდა ბიუჯეტში არსებულ გარღვევებს ოდნავ მაინც შეავსებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას  უმაღლესი ლიდერი განსაზღვრავს, პრეზიდენტი კი მის მიერ გაჟღერებულ იდეებს მხოლოდ ახორციელებს. ამ შემთხვევაში აიათოლა ხამენეიც და იბრაჰიმ რაისიც აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებას უჭერდნენ მხარს. 

ჰასან რუჰანის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში აგვისტომდე რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობიდან მიმავალ პრეზიდენტს შეთანხმების დრო ჯერ კიდევ აქვს. ”მმართველ ელიტას, შესაძლოა სურს, რომ აღნიშნული გარიგება ჯერ კიდევ რუჰანის დროს შედგეს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა წარუმატებლობა და გაუთვალისწინებელი შედეგი სწორედ მას გადააბრალონ. რაისი კი ყველა ეკონომიკური დივიდენდის (ეკონომიკური სანქციების გაუქმებიდან მიღებული დადებითი შედეგები) მისაკუთრებას შეძლებს“, - აცხადებს International Crisis Group-ის ირანის პროგრამის დირექტორი ალი ვაეზი, რომელსაც Bloomberg-ი ციტირებს. 


განსხვავებული სცენარის მიხედვით, მოლაპარაკებები მიმდინარე წლის სექტემბრამდე არ დაიწყება. ”ირანელები 2022 წლის დასაწყისსა  და აშშ-ში შუალედურ არჩევნებს დაელოდებიან. თუმცა ჯერჯერობით ისინი დაჟინებით მოითხოვენ დათმობას, რათა შემდეგში ეს ყველაფერი ისლამური რესპუბლიკის გამარჯვებად წარმოჩინონ”, - აცხადებს ფრანგი ექსპერტი პიერ რაზუ. 


საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანის ახალი ლიდერების ულტრაკონსერვატორული განწყობები და ანტიდასავლური რიტორიკა აღნიშნულ გარიგებას ხელს არ შეუშლის. თუმცა იქნება თუ არა ეს შეთანხმება ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი და ნამდვილად ეფექტიანი, ამას ვერავინ ამბობს. "მათ თეთრი სახლის მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარე სამყაროსთან ურთიერთობების დეესკალაცია უნდათ. ქვეყნის შიგნით კონკურენტების არყოლის პირობებში, ულტრაკონსერვატორებისთვის ბევრად ადვილი იქნება დაპირებების შესრულება, ვიდრე მათი წინამორბედების შემთხვევაში იყო," - ასკვნის ალი ვაეზი.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати