საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს,"-აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის იმერეთის სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი:კახა ბაღდავაძე, მურმან ლეჟავა და მიხეილ მაჩიტაძე იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც რიკოთზე მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
“ნათელში იყოს შენი სული უფროსო მეგობარო და ოქრო ადამიანო! თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ამბის გაგება. ეხლაც ვერ ვიჯერებ და შოკირებული ვარ. ღირსეული პიროვნება და საამაყო პოლიციელი იყავი. მე როგორც მომავალი სამართალდამცავი, ბედნიერი ვარ რომ შენნაირი მაგარი ადამიანი იყო და იქნება მუდამ ამ დიდი ოჯახის ნაწილი, მუდამ გვემახსოვრები და ისე ღირსეულად დავიცავთ მუნდირს და ვატარებთ, როგორც ამას შენ აკეთებდი და როგორც შენ გაგიხარდებოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას ჩვენს სტრუქტურას და საქართველოს”.
“მეხის დაცემაზე უარესი იყო დღეს კახა ბიძია შენი გარდაცვალების ამბავი. საოცარი და უთბილესი ადამიანი იყავით, როგორი ყურადღებიანი. ისეთი შოკია, რომ არ მინდა დავიჯერო. თქვენი ადამიანობა და პროფესიონალიზმი სამაგალითოა,"-წერს ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი.