ვიდეო: ვრცელდება ფარული ჩანაწერი, როგორ უკვეთდა მკვლელს ბებიის მკვლელობას 26 წლის კაცი
Date:
514
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 26 წლის ახალგაზრდა ბებიის მკვლელობის დაკვეთის გამო დააკავეს.
შსს-მ მოგვიანებით ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უკვეთდა მკვლელს ბებიის მკვლელობას 26 წლის კაცი. როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მას კონკრეტული საბუთები სჭირდებოდა, რის გამოც ბებიის სახლში მკვლელი მოტყუებით უნდა შესულიყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.
ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით."- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო