საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია, ვის გამო უნდა უღირდეს უკრაინას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის სასწორზე დადება. სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
"შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან — უკრაინა. პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება", — წერს პრეზიდენტი და განცხადებაში ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელი და "ყოვლად გაუგებარია" უკრაინაში, საჯარო პოზიციაზე იმის შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არამხოლოდ ქართული მართლმსაჯულებაში.
"მე ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ - ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/