ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა მდივანმა ჯონ ბარკერმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ჯონ ბარკერი ღვინის პროფესიულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა, რომლის მხარდაჭერაც ქართულ ღვინისადმი არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაპირობა.
„OIV-ის საქმიანობა მოიცავს ღვინის წარმოების შესახებ რეკომენდაციების გაცემას, დარგში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ხარისხიანი წარმოების ხელშეწყობას და ღვინის ბაზრების გაძლიერებას; ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ღვინის რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცებაში და უკეთ წარმოაჩენს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მრავალ საუკუნოვან ტრადიციებს, მიღწევებს და პოტენციალს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ბარკერი ღვინის მარნებს ქართლსა და იმერეთში ეწვია, სადაც ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებსა და კულტურას გაეცნო. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს, ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.