USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Тбилиси
ვაჟა-ფშაველას "საახალწლო ფიქრები"
дата:  1334
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა… ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა.
 
ეგრეთვე თუ ერი, როგორც კრებული ადამიანთა. საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავ იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა. თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც. ხომ იცით კერძო ცხოვრებიდან მაგალითები, ექიმის იმედიანს სიტყვას მომაკვდავი სნეული ფეხზე წამოეყენოს. იმედიანმა სიტყვამ იმედი დაუბადა გულში სნეულს და გააცოცხლა. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ იმედს როცა აძლევს ექიმი, თან წამალსაც შესაფერს აძლევს სნეულს, ისეთს წამალს – მის სნეულებას რომ მოუხდეს და არა შხამს, საწამლავს. შეიძლება სნეული ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა. მაინც ერი იმედიანად არადროს არც არის, თუ იგი თავის სხეულში არა ჰპოვებს წამალს, არა ჰხედავს ნიშნებს საუკეთესო მერმისისას და მომავლისას.
 
რაკი მომავლის იმედზე ვამბობთ, ისიც აუცილებლად საჭიროა ითქვას, რომ ერი არასოდეს უიმედობას არ მიეცემა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება და მომავლის იმედს არ ჰკარგავს. უიმედობა მომავალზე ეს ჩვენი ეგრეთწოდებული ერთგვარი ინტელიგენციის ცუღლუტობაა და სხვა არარა, ეს უსაქმურთა და უკეთურთა საქმეა. იცნობს ამის მთქმელი ერს? იცის მისი სულისა და გულის ვითარება? არაფერი ეს ამ იმედის მომწამვლელთ არ იციან, იმიტომ რომ თვითონ არაფრის გაკეთება, არაფრის უნარი არა აქვთ, არაფერი ცხოვრებისა არ ესმით, ერის ძალ-ღონე აწონილ-გაზომილი არა აქვთ. ან კი რას ვამბობ: ვინც ჯერ თავის თავს არ იცნობს, თავისი ძალ-ღონე არ შეუგნია, იგი ერს როგორ იცნობს, მის ძლიერებას, ან სისუსტეს როგორ შეიგნებს?!.. 
 
იქნება მკითხველი გაგვიწყრეს და სთქვას: "რა დროს იმედებზე ლაპარაკისაა, სხვა რამე თქვი, დალოცვილო, რომ ახალწლის დღესასწაულს შეეფერებოდესო". უსამართლო რისხვაა. ახალ წელს სწორედ ამ საგანზე შაეფერება საუბარი. რადა-თქო? – მკითხეთ. იმიტომ, მეც მოგახსენებთ, რომ რაც უნდ უფერულ და უიმედო ყოფაში იყოს ადამიანი, ახალწელს მაინც იმედით ეგებება, როგორც კარგი რისამე მომტანს, კარგის მომასწავებელს. უნუგეშოდ, უიმედოდ დახვედრა კი დიდიცოდვაა. თქვენ, მკითხველო, ალბათ არ იცით, რომ ჩვენა გვყვანან "უიმედონი" ინტელიგენტები, რომელთაც სხვა არა რა სწამთ და არცა რას დაიჯერებენ გარდა "კოსმოპოლიტიზმისა". ნაციონალიზმი იმათ არა სწამთ, ნამეტნავად ქართული: ჩვენ ჩვენად არაფერს წარმოვადგენთ, არაფერნი ვართ, თუ სხვა ერს არ შევუერთდით და "ჩვენობა" არ უარვყავითო. პატრიოტები იმათ ფიქრით ვიწრო, მოკლე შეხედულებისანი არიან და იმათ კი "ვრცელი" შეხედულობა აქვთ. ესენი ბალღობა არიან, წვრილფეხობაა, და როგორც მოგეხსენებათ, ბალღს ლულუა უყვარს. დიაღ, ბალღები არიან და სამწუხაროც ეს არის, რაც ახალგაზრდული ძალღონე აქვთ, შეალევენ ჰაერში კოშკების გებას და როცა მოიღლებიან გულითა და გონებით, გატეხილნი, დაუძლურებულნი, მაშინ დაბრუნდებიან "შინა", მაშინ მოიკითხავენ საკუთარს კერას, საკუთარს ბინას, მაგრამ უღონონი, უგულონი რიღას მაქნისანი იქნებიან?!.. სამწუხარო მოვლენაა დიდად!.. ეს ყრმანი შებრალების ღირსნი არიან, ხოლო ისინი, ვინც ამათ ამგვარს საკენკს უყრით, წყეულის და სიძულვილისა.

ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).
 
ვაჟა-ფშაველა
 
Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати