ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერისა და ორი სპორტული მოედნის განახლება დაიწყო.
დაახლოებით 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.
ფეხბურთის მოედანზე დაიგება რბილი საფარი, კალათბურთის მოედანი კი აკრილის ზედაპირით იქნება. განახლდება ღობეები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი.
რაც შეეხება სკვერს, ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით რბილ საფარზე, ორი ფიტნეს ზონა, ორი გადახურული პავილიონი მაგიდებითა და სკამებით.
გარდა ამისა, სკვერის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სამი ტიპის საპარკო სკამები, მათ შორის საქანელა სკამები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.