USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ვასო ურუშაძე: “პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს”
თარიღი:  628

2020 წლის 1 სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლა და შესაბამისი კვლევა მოამზადა.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა კვლევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირების გამოვლენა, რომელიც ახორციელებენ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობებს და ასევე სხვადასხვა სახით დაკავშირებული არიან სახელმწიფო რესურსებთან, ტენდერებისა და ხელშეკრულების მიღების გზით.

„2020 წლის 1 სექტემბრამდე პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ზე მოდის. სულ შემოწირულობა მიღებული აქვს 24 პოლიტიკურ პარტიას, თუმცა შემოწირულობების მხოლოდ 30% მოდის 22 პარტიაზე. დისპროპორციულადაა გადანაწილებული შემოწირულობების ოდენობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე. შემოწირულობების  97.3%  კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ,“- განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სახელისუფლებო პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  არ ჰყავს შემომწირველი იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მეტ შემოწირულობას იღებს ჯამურად.

„აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა აიხსნას მხოლოდ ორი ფაქტორით. კერძოდ, ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ იურიდიული პირების ფინანსურ რესურსებს, ურჩევნიათ შემოწირულობა გააკეთონ ანონიმურად, რადგან ეშინიათ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსების შემთხვევაში მათ ბიზნესებზე, მაკონტროლებლების მხრიდან, განხორციელდება დევნა. ამიტომაც, ამგვარი იურიდიული პირების წარმომადგენლები პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს აკეთებენ  სხვა მოქალაქეების დახმარებით;“- აღნიშნა ურუშაძემ.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ განმარტა, სახელისუფლებო პარტიის შემომწირველი იურიდიული პირების წარმომადგენლები ერიდებიან საკუთარი კომპანიის სახელის შემომწირველთა სიაში დაფიქსირებას, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები სახელმწიფოსგან მიღებული სარგებლის შესახებ, რომლებსაც არსებული იურიდიული პირები, შესაძლოა, იღებდნენ სახელმწიფო რესურსით, ტენდერისა თუ სხვა ტიპის კონტრაქტების მიღების სანაცვლოდ.

„აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ შევისწავლეთ შემომწირველი ფიზიკური პირები და მათი კავშირები იმ იურიდიულ პირებთან, რომელსაც სახელმწიფოსთან, მოგებული ტენდერების გზით,  გაფორმებული აქვთ კონტრაქტები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მსხვილი შემომწირველი ფიზიკური პირები, რომელიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და სარგებელს იღებენ სახელმწიფო ტენდერებითა და კონტრაქტებით, შემოწირულობას აკეთებენ, ძირითადად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მიერ მოძიებულია ამგვარი კომპანიების ტენდერებში მონაწილეობისა და სახელმწიფო კონტრაქტების მოგების მონაცემები, საიდანაც დადგინდა, რომ სახელმწიფო ტენდერებს, საკმაოდ მაღალი პროცენტულობით, უმეტესად ამგვარი კომპანიები იგებენ, ან მათთან გამარტივებული წესით ხდება სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმება.

კვლევამ აჩვენა კიდევ ერთი გარემოება. მოცემული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემომწირველია არამარტო 2020 წელს, არამედ წინა წლებშიც. შესაბამისად, სახელმწიფო ტენდერებითა და კონტრაქტებით სარგებლობის სანაცვლოდ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობების გაკეთება, ამ კომპანიების წარმომადგენლების მიერ, სისტემატურად ხდება,“- განაცხადა ურუშაძემ.

მან გამოთქვა ვარაუდი, რომ მოცემულ კომპანიებთან დაკავშირებული პირების სია, რომლებიც აკეთებენ შემოწირულობებს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს  სასარგებლოდ, გაცილებით დიდია, თუმცა დოკუმენტური გზით შეუძლებელია ამ პირების კომპანიებთან დაკავშირება.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის კვლევამ გამოავლინა იურიდიული პირები, რომლებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები შემოწირულობებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ აკეთებენ. კერძოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობები აქვთ გაკეთებული  კომპანია RMG GOLD-თან,  კომპანია “PACE GEORGIA-თან, კომპანია „პოლიმერთან“, კომპანია „ბომბორა და ბავშვები“-სთან დაკავშირებულ 25 ფიზიკურ პირს.

მისასალმებელი იქნება, აუდიტის სამსახურმა დეტალურად შეისწავლოს ანგარიშში მითითებული კომპანიების პროექტები, რომელიც უკავშირდება მოცემული კომპანიების საქმიანობას სახელმწიფო ტენდერებსა და კონტრაქტებს.

ამასთან, კვლევა გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, კვლევაში მითითებული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე ახდენენ გავლენას, შეიყვანონ შავ სიაში და არ მისცენ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების და აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა.“- განაცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ.

წყარო:http://cp2020.ge

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.