USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
ვასილ მაღლაფერიძე - არ გადავდგები
თარიღი:  1936

ერთი კვირის განმავლობაში ბევრჯერ ვესაუბრე ჩემს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც, სხვადასხვა დროს, ბევრი რამ მასწავლეს თავისუფლების და, ზოგადად, ცხოვრების შესახებ, რომლებისაც ნამდვილად და უპირობოდ მჯერა და მათთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი დიდი პატივისცემისა, არ გადავდგები, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქსტატუსში“ წერს: „რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ. „ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დამოუკიდებელი მედია იყო აქტიური და გამოხატავდა შეხედულებების ფართო სპექტრს, თუმცა, ჩავარდნაც გვქონია – იმავე ანგარიშში ვკითხულობთ: „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელობა დააზარალებს მაუწყებლის მიუკერძოებლის მისიას. მაღლაფერიძე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და მისი პოლიტსაბჭოს წევრი“.

„სინამდვილე ასეთია – სამეურვეო საბჭოში, სხვა წევრთა მსგავსად, არჩეული ვარ არსებული კანონის შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფებისთვის განკუთვნილი კვოტებიდან გამომდინარე – სამ-სამ წევრს ირჩევს უმრავლესობა და ოპოზიცია, ორს – სახალხო დამცველი, ხოლო ერთი წევრი აჭარიდანაა. ასეთია კანონი და თავად „მედია ადვოკატირების კოალიციაც“ სწორედ ამ კანონის და კვოტების შესაბამისად არის წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოში.

მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესაბამისად ამირჩიეს, დღევანდელ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონალურად ჩემი საკითხის დაყენება აუცილებლად მიიჩნია.

„მედია ადვოკატირების კოალიციის“ შეშფოთებას გაუძლებდა კაცი, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ამ „შეშფოთებას“ უკვე დიდი წონა აქვს და, ზოგადქართული კონტექსტიდან გამომდინარე, ადგილობრივ კანონმდებლობაზე მეტი ძალა აქვს.

აწი მნიშვნელობა აღარ აქვს, საქართველოში რომელი ინსტიტუტი ან ადამიანი როგორ შეგვაფასებს, რაც მთავარია, დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა, რომ „ტელევიზიის მისიას ვაზარალებ“. სწორედ იმიტომაც გაკეთდა ყოველგვარ დასაბუთებას და არგუმენტებს მოკლებული ეს შეფასება, რომ ახლა თავად ეს ჩანაწერი იქნება გამოყენებული ზეწოლის და ზემოქმედების მექანიზმად. ამავე დროს, ეს გაფრთხილებასაც წარმოადგენს სხვებისთვის, რომ ვინც „მედია ადვოკატირების კოალიციის“ მითითებებს არ დაემორჩილება, ისინიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდებიან.

როგორ უნდა დაიცვას ამ დროს ადამიანმა თავი?!

ნათელია, ანგარიშში ჩაწერილი „შეშფოთება“ რასაც ნიშნავს – კუკარაჩასი არ იყოს, ქელეხის ხარჯების გარდა, ყველაფერი წერია. გასაგებად მიმანიშნებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან ჩემი ნებით უნდა გადავდგე და ეს ადგილი გავუთავისუფლო „მედია ადვოკატირების კოალიციისთვის“ მისაღებ კანდიდატს.

ამის მიხვედრა ძნელი ისედაც არ იქნებოდა, თუმცა, ეტყობა, დიდხანს რომ არ ვიყოყმანო, ამ „შეშფოთებას“ თან სდევს შეფარული და ღია მუქარა, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში ბანერების ფრიალი, რომ ქვეყნიდან უნდა მომიკვეთონ და ასე შემდეგ. ტელევიზიაში უნდა იმუშაონ მხოლოდ ისეთმა სამეურვეო საბჭოს წევრებმა, პროდიუსერებმა, რეჟისორებმა, წამყვანებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც „მედია ადვოკატირების კოალიციის“ მითითებებს დაუჯერებენ.

რა გაეწყობა, ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ვიდრემდის წავალ, ორიოდ სიტყვას ვიტყვი იმის შესახებ, სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე.

ზოგი მკრეხელობად ჩამითვლის, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩემთან დაკავშირებით გამოთქმულ „შეშფოთებას“ არ დავეთანხმები, მაგრამ ბევრი არგუმენტი მაქვს საიმისოდ, რათა დარწმუნებით ვთქვა, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეტანა კარგად გადამოწმების და შესწავლის გარეშე დიდი შეცდომაა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჩინოვნიკი შეიძლება, ვერც აცნობიერებდეს, თუ როგორი მძიმე და გამოუსწორებელი განაჩენი შეიძლება, აღმოჩნდეს პატარა ქვეყნისთვის და, მით უმეტეს, პატარა ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გაპარული ერთი უსამართლო შეფასებაც კი. ამგვარი, ვითომდა უწყინარი „შეშფოთებით“ კონსტიტუცია და კანონი აზრს კარგავს და ადამიანების ბედი იცვლება.

ჩემმა ქვეყანამ და ჩემმა ოჯახმა კომუნისტურ რეჟიმში საკუთარ თავზე იწვნია ამგვარი „დასმენა-დანოსების“ მეშვეობით „ხალხის მტრად“ გამოცხადებით გამოწვეული სიმწარე. ახლა „დანოსჩიკები“ ახალი მისამართი იპოვეს და ამჟამად იქ გზავნიან „დანოსებს“.

ვინ გადაწყვიტა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას ვაზარალებ?!

ვინ და სად იმსჯელა ამის შესახებ?!

ან იქნებ მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომლის წინაშეც არის სამეურვეო საბჭო პასუხისმგებელი?!

მსგავსი არაფერი!

საქართველოში ვინ რას ფიქრობს, არც აქვს მნიშვნელობა.

თექვსმეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულმა „მედია ადვოკატირების კოალიციამ“, დაახლოებით 30-40-მა ადამიანმა, შეშფოთება გამოთქვა, ხოლო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრით ამ „შეშფოთებამ“ ბირთვული ძალა შეიძინა.

ბრალდებად ჩაიწერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას ვაზარალებ! განაჩენი კი სოციალური ქსელებით ხდება ცნობილი – მოკვეთა. გასაჩივრებასაც არ ექვემდებარება!

სახელმწიფოში თითქოს კი არის რაღაც ინსტიტუტები, რომელთაც კონსტიტუციის, კანონის და, ზოგადად, ადამიანის დაცვის გარანტებს წარმოადგენენ, მაგრამ ანგარიშში ჩაწერილი „შეშფოთების“ მართებულობის განხილვა მათ კომპეტენციას (და სურვილსაც!) აღემატება.

ეს ტელევიზიის თანამშრომლების გაფრთხილებაცაა, რომ გამემიჯნონ; კიდევ უფრო უკეთესი – თუ დამგმობენ. ტერმინოლოგიაც იგივეა, როგორც წინა საუკუნის ოცდაათიან წლებში – „მოვიკვეთოთ“ „ხალხის მტერი“.

რა გაეწყობა! არც სამეურვეო საბჭოს წევრობას ვებღაუჭები და არც კარიერული წინსვლის ჟინი მაწუხებს, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ვარ და ამიტომ გარკვეული კითხვები მეც მიჩნდება.

თუ სამეურვეო საბჭოს წევრს ან რომელიმე თანამშრომელს, კანონით განსაზღვრული პროცედურების გვერდის ავლით, რომელიმე არასამთავრობოების მიერ გამოთქმული „შეშფოთებისა“ და გარედან ზეწოლის გამო მოუწევს გადადგომა, ეს რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას?!

თუ ვინმეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა აშფოთებს, კონსტიტუციის და კანონის მიხედვით, მან, პირველ ყოვლისა, საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართოს და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თორემ ასე, ერთი მოქალაქისთვის გარედან ხელის გადაგრეხვით საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაც დაზარალდება და სახელმწიფოსიც.

რაც შეეხება შეშფოთებას! მეც უაღრესად შეშფოთებული ვარ და ამის საფუძველიც მაქვს – სრულიად აშკარად ვხედავ, რომ თანამოაზრეთა ერთ ჯგუფი დაჟინებით ცდილობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს ყოველგვარი ცენზურის გარეშე, რასაც ვერავინ უარყოფს და ჟურნალისტებს აქვთ სრული თავისუფლება, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხვდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არც იმის გადამოწმება ხდება, რამდენად იმსახურებს ნდობას თავად ინფორმაციის წყარო.

ანგარიშის შედგენისას რომ გადაემოწმებინათ, ადვილად ნახავდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი “დასმენა-დანოსის” ავტორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების წინ ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და რომლებმაც არა მხოლოდ დააზარალეს, არამედ მთლიანად გააცამტვერეს ტელევიზიის მისია.

ეს იყო ტრაგიკული წლები ტელევიზიის ისტორიაში – ადამიანებს, სწორედაც რომ მრწამსის გამო და „დანოსების“ საფუძველზე, მასობრივად ითხოვდნენ სამსახურიდან. ცოცხალია ეს ხალხი! ზოგიც ამ დევნას გადაჰყვა!

ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად იმართებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ხოლო ტექნიკური ბაზა გამოიყენებოდა პროპაგანდისტული ფეიკ-ფილმების შესაქმნელად, რომლებსაც შემდეგ სხვა ტელევიზიებში უშვებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის გასაშავებლად და მათთვის სამშობლოს ღალატში ცილის დაწამების მიზნით. ყველას ახსოვს და ამასაც წყალი არ გაუვა!

არჩევნების დროს გაყალბებული ეგზიტპოლები ცხადდებოდა. ვერც ამ ფაქტს წავუვალთ სადმე!

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა სრულ გაჩანაგებამდე მივიდა, მაშინ როცა მისი რესურსი ხმარდებოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კერძო ტელევიზიებს. ცალკე მძიმე თემაა კორუფცია!

ყველაფერი ამას კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ და დღეს იგივე ადამიანები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აგზავნიან „დანოსებს“, რისი მეშვეობითაც ხდება მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ზარალდება მისია.

ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ „შეშფოთებას“ ამ ცუდი საქმეების შემოქმედთა „შეშფოთებები“ გამოვაკლოთ.

„მედია ადვოკატირების კოალიციის“ წევრთა ერთი ნაწილი ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ოპოზიციურ პარტიაზე ეფექტიანადაც მოქმედებს. ეს მათი უფლებაა, მით უმეტეს, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორი ტრადიციულად მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელისუფლო სპექტრი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით შეივსო, ხოლო 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ისევ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდა. თავის საქმეში ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მათ მკაფიო პოლიტიკური მიზნები აქვთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის განსაზღვრისას ისინი მიუკერძოებლები ნამდვილად ვერ იქნებიან, ამიტომ დეპარტამენტში გაგზავნილ შეშფოთებას მათი შეშფოთებაც უნდა გამოვაკლოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი ტელევიზიაში საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იღვწიან.

ცოტა ხნის წინ აღნიშნული არასამთავრობოების წიაღიდან წამოვიდა ჩრდილოეთკორეული პათოსით გამსჭვალული ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მრწამსისა შესწავლისა და ამ ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მე მგონი, ამ „შეშფოთების“ გამოკლებას განსაკუთრებული არგუმენტები არ სჭირდება.

დაბოლოს. დღეს ქართულ მედიასივრცეში ტელევიზიები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არიან გადაქცეულნი. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ – მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მფლობელი და დამფინანსებელი განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას (მთელ მსოფლიოში ასეა). ერთადერთია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება შეუძლია.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მიზანმიმართულად და შეგნებულად გაუქმებული ჰქონდა მისიაც, ფუნქციაც და მას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ძალიან ცინიკურად გამოიყურება, როდესაც ამის შემოქმედნი დღეს „შეშფოთებას“ გამოხატავენ.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, პირველი არხის გუნდმა ძალიან დიდი ძალისხმევით შეძლო და დაიწყო თავისი ნამდვილი მისიის შესრულება. რასაკვირველია, ეს ძალიან რთული პროცესია – გადაცდომებიც ხდება და ჩავარდნებიც, თუმცა, იმის არდანახვაც შეუძლებელია, რომ ასეთი რთული პოლარიზებული გარემოს მიუხედავად, არხი ფეხზე დგება და თავად განსაზღვრავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას.

ჟურნალისტები და პროდიუსერები ეჩვევიან და სწავლობენ ნამდვილ დამოუკიდებლობას, რაც, სხვათა შორის, მხოლოდ ხელისუფლების კონტროლიდან გათავისუფლებას არ გულისხმობს, ბევრად უფრო მკაცრი და უსამართლო კონტროლის ფორმებიც არსებობს და რის მიღწევასაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ბულინგით, იარლიყების მიწებებით, რასაც ზოგი ვერ უძლებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხასიათიდან და მისიიდან გამომდინარე, მისი ფუნქცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს „ოპოზიციის გაშავება“, თუმცა, ასევე მიუღებელია ტელევიზიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა საზოგადოებაში კონფლიქტის გაღვივებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოყენების მიზნით.

ჩვენში დაუწერელი კანონის თუ წესის მიხედვით, რასაკვირველია, ყველა ვხვდებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დაფიქსირებული „შეშფოთება“ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე ხმის ამოუღებლად უნდა გადავმდგარიყავი.

საკმარისი გამოცდილება მაქვს ამის მისახვედრად.

ისიც ვიცი, რომ თუ არ გადავდგები, შიგნიდან გაძლიერდება ზეწოლა, მუქარები და იარლიყების მიწებება. გადადგომა, მართლაც, შეიძლება, იოლი გამოსავალი ყოფილიყო, მაგრამ გარედან მითითებით თუ შიგნიდან მინიშნებით გადადგომა, გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელია, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიასაც ძალიან დააზარალებს.

ამასთანავე, ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრჯერ ვესაუბრე ჩემს ამერიკელ მეგობრებს – სამოელ კლემენსს, ჰეკლბერი ფინს, თომას მელვილს, უილიამ ფოლკნერს, ჯერომ სელინჯერს და ჰოლდენ კოლფილდს, რომელთაც, სხვადასხვა დროს ბევრი რამ მასწავლეს თავისუფლების და, ზოგადად, ცხოვრების შესახებ, რომლებისაც ნამდვილად და უპირობოდ მჯერა და მათთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი დიდი პატივისცემისა, არ გადავდგები“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის