შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, - განაცხადა მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.
„მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას, მერაბიშვილმა განაცხადა: „ამის გაკეთება აუცილებელია, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.
"აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად, ხოლო კონკრეტულად რა გეგმები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პარტიაში, აუცილებლად შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყველას. ყველას შევხვდები“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერბიშვილმა პოლიციელებსაც მიმართა - „მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“.
მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება: - „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი.“
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და დასკვნებს გააკეთებს, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
„მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა.
ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.