USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ვალერი ზალუჟნი ამბობს, თუ რა არის აუცილებელი რუსეთზე გამარჯვებისათვის, მაგრამ აღიარებს, რომ ომი ჩიხში შევიდა
дата:  541

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, თუ რა არის აუცილებელი რუსეთზე გამარჯვებისათვის, მაგრამ აღიარებს, რომ ომი ჩიხში შევიდა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ხუთთვიანი კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჯარებმა წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწიეს. რუსეთი მთელი ათი თვის განმავლობაში იბრძოდა ბახმუტისათვის, რათა ქალაქის ექვსკილომეტრიანი სიგრძის მქონე ტერიტორია დაეკავებინა“, - უზიარებს The Economist-ს თავის შთაბეჭდილებებს ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. იგი ამბობს, რომ ბრძოლის ველი ასი წლის წინათ მომხდარ დიდი ომის სურათებს ახსენებს: „ზუსტად ისევე, როგორც პირველი მსოფლიოს ომის დროს იყო - ჩვენ ტექნოლოგიის ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომელსაც ჩიხში შევყავართ“, - ამბობს მთავარსარდალი. იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო გახდება მასშტაბური ტექნოლოგიური ნახტომის განხორციელება. გარდა ამისა, იგი ასკვნის, რომ სავარაუდოდ, ისეთი ღრმა და შთამბეჭდავი გარღვევა ფრონტზე არ იქნება, როგორსაც ელოდნენ,“.

კონტრშეტევის მსვლელობამ დასავლეთს იმედები გაუცრუა. დასავლეთს ეგონა, რომ უკრაინას შეეძლო ეჩვენებინა რუსეთისათვის, რომ კრემლი ომს ვერ მოიგებს და აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინს გათვლების კორექტირება მოუწევდა - კიევი აიძულებდა მოსკოვს მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. კონტრშეტევამ ასევე აჩვენა თვითონ გენერალ ვალერი ზალუჟნის რწმენის მცდარობაც, რომ მას შეუძლია რუსეთის არმია სისხლისგან დაცალოს, ბრძოლისუუნარო გახადოს და შეაჩეროს. „ეს ჩემი შეცდომა იყო“, - აღიარებს გენერალი, - „რუსეთმა არანაკლებ 150 ათასი მეომარი დაკარგა. ნებისმიერი ქვეყანა ასეთი მსხვერპლის გამო შეჩერდებოდა“. მაგრამ არა რუსეთი, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ ფასობს და სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორიენტირებს პირველი და მეორე მსოფლიო ომები წარმოადგენს, რომლებშიც რუსეთმა ათობით მილიონი ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინის დონის არმიას, როცა რუსეთის თავდაცვის ზღუდეების გარღვევა დაიწყო, წინსვლა დღეში 30 კილომეტრით მაინც უნდა განეხორციელებინა: „თუ თქვენ ნატოს სახელმძღვანელოებში ჩაიხედავთ, რომლებიც ჩვენ კარგად შევისწავლეთ [კონტრშეტევის დაგეგმვის დროს], მათი მიხედვით, ოთხი თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ყირიმში ჩვენი ოთხჯერ შესვლისათვის“, - სარდონისებური მწარე ღიმილით ამბობს ვალერი ზალუჟნი, - სინამდვილეში კი მე ვხედავდი, თუ როგორ ფეთქდებოდა ჩვენთვის დასავლეთის მიერ მოწოდებული ტექნიკა რუსების ნაღმებზე, როგორ გვბომბავდა მძიმე არტილერია და ავიაცია“.

„ჯერ მე ვიფიქრე, რომ ჩვენი მეთაურები ბრძანებებს კარგად ვერ ასრულებენ-მეთქი და ზოგიერთი თანამდებობიდან გავათავისუფლე. ჯარისკაცებიც ჩავანაცვლე, მაგრამ როცა საქმეს მაინც არ ეშველა, მაშინ გამახსენდა, რომ აკადემიაში სწავლის დროს ვნახე წიგნი სახელწოდებით „თავდაცვის ზღუდეების გარღვევა“, რომელიც 1941 წელს საბჭოთა გენერალ-მაიორ პ.სმიროვის ავტორობით გამოქვეყნდა. ჩვენ სწორედ მისი შესწავლა გვჭირდებოდა“, - ამბობს გენერალი.

ვალერი ზალუჟნი „ეკონომისტთან“ საუბრის დროს ასახელებს უკრაინის არმიის ოთხ პრიორიტეტს:

ჰაერში გაბატონება

რასაკვირველია, საარტილერიო ჭურვები და რაკეტები უკრაინის არმიას ჭირდება, მაგრამ უპირველესად დღეს ავიაციიაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაა აუცილებელი. „ყოველი სახმელეთო ოპერაციის წარმატებას ჰაერიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფს, უკრაინას კი ომის დასაწყისში მხოლოდ 120 საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა, თუმცა მათ მესამედს ჰაერში აფრენა არ შეეძლო“. დღეს რუსული ავიაცია უკრაინის ცაში ბატონობს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ უკრაინის თვითმფრინავები თითქმის სულ ჩამოყარა.

სხვათა შორის, ამერიკული თვითმფრინავები „ფალკონები“ (F-16-ები), რომელიც ჩვენ გაისად უნდა მივიღოთ, შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ომის განმავლობაში სწრაფად აუმჯობესებს თავის ფრონტულ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, უკვე იყენებენ ექსპერიმენტული საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული საპასუხო ზომები მივიღეთ - დრონების წარმოების გაზრდის სახით. დღეს ჩვენთვის უპილოტო საფრენ აპარატებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვისარგებლოთ ახალი შემტევი დრონებით და მიზანს ამცდენი საფრენი აპარატებითაც“.

რადიოლექტრონული ბრძოლა

ომის განმავლობაში უკრაინამაც გააუმჯობესა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და რუსეთმაც. ეს ძირითადად ეხება დრონებისა და რაკეტების, აგრეთვე მართვადი საარტილერიო ჭურვების (ასევე საავიაციო ბომბების) გაუვნებლობას მცდარი რადიოსიგნალების მეშვეობით. რუსეთის აქტიურად სარგებლობს შემტევი და სადაზვერვო დრონებით, რომლებიც, დიდი რაოდენობით შეისყიდა ირანში და მათ მოდერნიზებას ახდენს.  „მართალია, ზოგიერთი ანალიტიკოსი დამცინავად ლაპარაკობს რუსეთზე, მაგრამ უკრაინის არმიამ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული შეიარაღებისა და დაზვერვის ეფექტურობა, ამიტომ მტრის უპირატესობა არ უნდა შევამციროთ და ვეცადოთ მის გაუვნებლობას“, - ამბობს ვალერი ზალუჟნი.

ბრძოლა რუსული არტილერიის წინააღმდეგ

მესამე პრიორიტეტად ვალერი ზალუჟნი ასახელებს ბრძოლას მტრის არტილერიის წინააღმდეგ, ანუ კონტრსაბატარეიო ბრძოლას. იგი ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო დავალებების შესრულება ხშირად 80%-ით არის დამოკიდებული არტილერიის (ჰაუბიცების - სტაციონარული და თვითმავალი სახით) წარმატებით გამოყენებაზე. ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. დღეს უკრაინას აქვს როგორც საკუთარი („ბუკები“), ასევე დასავლეთის მიერ მიწოდებული (ATCAMS, Patriot და ა.შ.).

დანაღმული ველების გადალახვა

მესამე პრიორიტეტი დანაღმული ველების გადალახვის საშუალებების შეძენა. ომამდე უკრაინას ჰქონდა მსგავსი მოწყობილობები, მაგრამ მათი უმრავლესობა ან მოძველებული იყო, ან არ მუშაობდა. როცა დასავლეთის მიერ მიწოდებული ტანკები ბრძოლის ველზე იქნენ გაყვანილი, ისინი დანაღმულ ველებზე აფეთქდნენ. არსებული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალები არაფექტურები აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთმა ჰაერიდან დაიწყო ადგილების დანაღმვა. უკრაინას ჭირდება რადარები, რომლებიც დამალულ ნაღმებს იპოვიან თვალით უხილავი იმპულსური გამოსხივებით, ჭირდებათ წყალსატყორცნები და ნაღმების ამფეთქებელი კასეტური საბრძოლომასალები, ახალი ტიპის სამხედრო ექსკავატორები.

სამხედრო მოსამსახურეების რეზერვი

მეხუთე და ბოლო პრიორიტეტად უკრაინის არმიის მთავარსარდალი ასახელებს ადამანთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რესურსების შექმნას. რუსეთმა ვერ გამოიყენა სრულყოფილად თავისი უპირატესობა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით - ვლადიმერ პუტინმა ვერ გარისკა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რადგან ამით პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. მაგრამ არც უკრაინელები არ გამოირჩევიან დიდი წარმატებით არმიის ახალწვეულებით განმტკიცების სფეროში. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არის გაქცეული, ხოლო ვისაც ჯარში იწვევენ, მათი მომზადებაც პრობლემატურია - უკრაინის არმიას არ შეუძლია ფრონტიდან ზურგში ინსტრუქტორები გაგზავნოს ახალწვეულთა მხედრულად „აღსაზრდელად“. აუცილებელია აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც.

მოკლედ, გენერლის თქმით, რუსეთის სათანადოდ შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება. კრემლმა დიდი ზარალი განიცადა და უამრავი საბრძოლო მასალა დახარჯა, მაგრამ სიმართლე უნდა ვაღიაროთ: რუსეთს კიდევ დიდხანს ექნება უპირატესობა შეიარაღებაში, ტექნიკაში, რაკეტებში და ავიაციაში. რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა, სანქციების მიუხედავად, გამალებული ტემპებით მუშაობს და დიდი ხანია საომარ რელსებზეა გადაყვანილი. რასაკვირველია, ნატოს წევრი ქვეყნებიც სამხედრო მრეწველობაც მატულობს, ხდება მისი „გასამხედროებაც“, მაგრამ, რუსეთისაგან განსხვავებით,  ალიანსს ამისათვის დრო ჭირდება.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/11/01/ukraines-top-general-on-the-breakthrough-he-needs-to-beat-russia

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати