ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6 -დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე მონაკვეთში ჩატარდება.
„სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობას, არსებული ტროტუარების რეაბილიტაციას და ასევე, ახლის მოწყობას, რასაც მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვს.
1300 მეტრი სიგრძის გზის სავალ ნაწილზე სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდება ახალი გარე განათების ქსელი LED სანათებით, საავტომობილო გზა კი სრულად რეაბილიტირდება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივნისს დაიწყება და ოქტომბრის თვეში დასრულდება.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 500 000 ლარით დაფინანსდება.“,- აღნიშნა კალაძემ