ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ბაგების დასახლებაში რეკრეაციულ ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დაასრულა.
შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, ასევე, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ალექსანდრე ასათიანი ადგილზე გაეცნენ.
ბუნებრივ გარემოზე მორგებული 5,2 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი საკანდელიძის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილსა და რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც ტერიტორიას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე დედაქალაქის ვიზიტორებისთვის.
საფეხმავლო ბილიკის პროექტი თბილისის მერიას ფონდმა „განვითარება და გარემომ“ უსასყიდლოდ გადასცა.
პროექტის მთავარი მიზანი ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებით ეკოლოგიურ გარემოში ახალი საფეხმავლო მარშრუტის შექმნა იყო. სწორედ ამიტომ, ტერიტორია ავთენტურობის დაცვითა და მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით მოეწყო. კერძოდ, ბილიკი გაიკვალა გრუნტის დამუშავების გზით, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები და პანორამული გადასახედი, განთავსდა ხის მასალისგან დამზადებული სკამები. ამასთანავე, განთავსდა მარშრუტის აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფა და შესაბამისი მონიშვნები.
ახალი საფეხმავლო ბილიკი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოქალაქეებს აქტიური დასვენებისა და ბუნებრივ გარემოში გადაადგილების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.