USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Tbilisi
ვახტანგ ხმალაძე: შევარდნაძემ იცოდა თავისი მიზნების დამალვა. სიტყვა არ დაცდენია ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე მაშინაც კი, როდესაც პარლამენტში რუსეთუმეობას აბრალებდნენ
Date:  1005

ვახტანგ ხმალაძე სამგზის საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ის სამ ათეულ წელზე მეტია  ქართულ პოლიტიკაშია და საკონსტიტუციო და საარჩევნო სამართალში მუშაობის დიდი  გამოცდილება აქვს.    

იმის მიუხედავად, რომ ბატონი ვახტანგი პროფესიით ფიზიკოსია და მრავალი წელი ფიზიკოსის  მეცნიერულ კარიერას მიუძღვნა, ის ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც საქართველოში საარჩევნო სამართალის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. მან კარგად იცის ქართული არჩევნების ანატომია ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენთან პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. როგორ მოხვდა მეცნიერებიდან პოლიტიკაში  და რატომ ვერ ვახერხებთ 30 წლის განმავლობაში მეტი წარმატებით და მაღალი სტანდარტით  არჩევნების ჩატარებას? - ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ მისი „შრომის წიგნაკის“ პირველი სამსახურის  შესახებ საუბრით დავიწყეთ.   

ვახტანგ ხმალაძე: პროფესიული არჩევანი ფიზიკაზე მარტივად გავაკეთე. 39 - საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მომწონდა სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის პროცესი, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მაშინ ფიზიკაში ოფიციალური სახელმძღვანელოების გარდა ძალიან ცოტა წიგნები იყო. კლასში  გვყავდა რამდენიმე ბიჭი, ისინიც ჩემნაირად ამოცანების ამოხსნის ინტერესებით იყვნენ შეპყრობილი. ჩვენ ერთად დავდიოდით საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ცალკე იყო სამკითხველო მოსწავლეებისთვის და შეგვეძლო მიგვეღო დამხმარე სახელმძღვანელოები, ვისხედით და ვხსნიდით ამოცანებს. როცა სკოლა დავამთავრე, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავაგრძელე სწავლა ასპირანტურაში, იმ პერიოდშივე დავიწყე მუშაობა უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაში, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა ფიზიკის ინსტიტუტად, სადაც დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და წლები ვიმუშავე მეცნიერ-თანამშრომლად.  

- მოგვიანებით პოლიტიკაში ჩართულს გამოგადგათ მეცნიერებაში მიღებული გამოცდილება? 

- რასაკვირველია გამომადგა. ვინც საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ეზიარა, მისთვის შეუძლებელი ხდება სხვაგვარად მოქმედება იმ ლოგიკის  ფარგლებში, რომელსაც მოითხოვს ამ მეცნიერებებში რაიმეს კეთება. ეს არის მკაცრი ლოგიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, მათ შორის თითქმის ყველაფერში, რაც ხდება, ეჭვის შეტანა და არა უტყუარ მტკიცებულებად მიღება, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. ვინც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მუშაობს, ეს მხოლოდ ფიზიკას არ ეხება და ეწეოდა კვლევებს, მისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა საკითხს უდგებოდეს გარკვეული ეჭვით, სვამდეს კითხვას, ხომ არ არის სხვაგვარად, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ეს გამომადგა მომავალ საქმიანობაში და კიდევ ერთი - ნებისმიერ დასკვნამდე უნდა მიხვიდე ლოგიკური მსჯელობის და კვლევის შედეგად, და არა რაიმე სპეკულაციებით.  

- ქართულ პოლიტიკაში ლოგიკის და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძებნა იოლი არ უნდა იყოს. როგორ აღმოჩნდით მეცნიერებიდან პოლიტიკაში?

- არ იყო იოლი გადაწყვეტილების მიღება მიმეტოვებინა საყვარელი საქმე, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობას მოვკიდე ხელი. მაშინ 42 წლის ვიყავი, ფაქტობრივად დამთავრებული მქონდა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა. 1989  წლის დასაწყისში ჩავერთე პოლიტიკურ პროცესში, 9 აპრილის  შემდეგ იმდენად ღრმად მომიწია პროცესებში მონაწილეობა,  რომ სხვა რამისთვის, მათ შორის სადოქტორო დისერტაციისთვის  ფაქტობრივად აღარ მეცალა. დავაფუძნეთ ორგანიზაცია „დასი“, ეს არ იყო პოლიტიკური ორგანიზაცია. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში  მხოლოდ ერთი კომუნისტური პარტიის არსებობა იყო დაშვებული, ნებისმიერი სხვა პარტიის შექმნა ისჯებოდა კანონით. „დასი“ შეიქმნა, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება, რაც აკრძალული არ იყო, მაგრამ არც  არსებობდა რაიმე წესი, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება გადაქცეულიყო ლეგალურ ორგანიზაციად.  იმ დროს უკვე არსებობდა „რუსთაველის საზოგადოება“, რომლის არსებობა დაშვებული იყო ხელისუფლების მიერ.  ასევე  იყო სხვადასხვა პროფესიული კავშირები, დღევანდელი ტერმინოლოგიით, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ყველა ეს კავშირი მთავრობის მიერ იყო შექმნილი და ცხადია, მათი ხელმძღვანელებიც ინიშნებოდნენ  კომუნისტური პარტიის ცენტრალური ორგანოების მიერ.   9 აპრილის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა შეესრულებინა საპროტესტო  საზოგადოების მოთხოვნები, მივაღწიეთ იმას, რომ  საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი გაერთიანებების ოფიციალურად რეგისტრირება. ასე მოხდა „სახალხო ფრონტის“, „დასის“ და სხვა გაერთიანებების დარეგისტრირება. ჩვენმა ორგანიზაციამ ამოცანად დაისახა არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარების ხელშეწყობა.

1989 წლის მარტში უნდა გამართულიყო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები. გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ პერიოდი იყო. მაშინ მიიღეს კანონი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას გაჩენილიყო ალტერნატიული კანდიდატები. მანამდე ყველა არჩევნებზე კანდიდატი იყო ერთი, რომელიც უნდა აგვერჩია და რასაც წყვეტდა კომუნისტური პარტია.

76620534_10157550165492980_2364142873814761472_n

პირველად 1989 წლის არჩევნებში გახდა შესაძლებელი  სხვა კანდიდატების დაშვებაც, რომელთა წარდგენის უფლებაც ჰქონდათ ე.წ. შრომით კოლექტივებს: ქარხნებს, კოლმეურნეობებს, უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა. უნივერსიტეტმა, ფილოსოფიის ინსტიტუტმა და გეოფიზიკის ინსტიტუტმა ალტერნატიული კანდიდატების წარდგენისთვის  შექმნეს  სამი ჯგუფი. ფილოსოფიის ინსტიტუმა  ვერ მოახერხა თავისი კანდიდატის ნოდარ ნათაძის რეგისტრაციამდე მიყვანა, ხელისუფლებამ არჩევნებამდე მოახერხა მისი „ჩაჭრა“. რაც შეეხება დანარჩენ ორ ჯგუფს, გეოფიზიკის ინსტიტუტიდან, რომლის  ჯგუფის ხელმძღვანელი იყო რევაზ შავიშვილი კანდიდატად დაასახელა აკაკი ბაქრაძე. უნივერსიტეტის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მე ვიყავი, ჩვენ  კანდიდატად დავასახელეთ  პარმენ მარგველაშვილი. ორივე კანდიდატმა გამანადგურებელი უპირატესობით მოუგო არჩევნები  მოწინააღმდეგეებს, აკაკი ბაქრაძის მოწინააღმდეგე  იყო პანტიკო თოდრია, რომელსაც წარადგენდა კომუნისტური პარტია, პარმენ მარგველაშვილის მოწინააღმდეგე კი  - ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება პოლიტიკასთან. მაშინ კარგად დავინახეთ, რა ნაღმები იყო ჩადებული საბჭოთა კავშირის კანონში, რომელთა მეშვეობითაც კომუნისტურ პარტიას ეძლეოდა შესაძლებლობა მოეხდინა თავისთვის არასასურველი კანდიდატების ბლოკირება. 9 აპრილის შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ მოგვეხდინა ზეგავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე და მიგვეღო ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც ამ ნაღმებს მოაშორებდა საარჩევნო კანონმდებლობას. ამ მიდგომას მხარს უჭერდნენ საქართველოში მოქმედი არაფორმალური ორგანიზაციები, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები. ვითარება ისე იყო შეცვლილი, ხელისუფლება იძულებული გახდა დაჰყოლოდა  მოთხოვნებს და  შესაბამისად,  მიიღო  პროექტი, რომელიც მოამზადა „დასმა“. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ლეგალურად მხოლოდ ერთი პარტია იყო, ჩვენ პროექტს საფუძვლად დავუდეთ იდეა, დაწერილიყო ისეთი კანონი, რომელიც კომუნისტურ პარტიას, კომკავშირს, პროფკავშირს და სხვებს  არ  მისცემდა რაიმე უპირატესობას. ჩვენ დავიყოლიეთ ხელისუფლება მიეღოთ ასეთი კანონი და 1989 წლის შემოდგომაზე ეს კანონი იქნა მიღებული,1990 წლის მარტში დაინიშნა  საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები.  

-რა სპეციფიკით ხასიათდებოდა იმ პერიოდში ქართული პოლიტიკა?   

 - იმ დროს ქართული პოლიტიკა არ  იყო ისეთი ჩახლართული, როგორიც მერე და მერე გახდა. ეროვნულ -განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყო სხვადასხვა მიმართულებები, მაგრამ ამაში გარკვევა არ იყო რთული. ის ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ მიზნად იყო არა უშუალო მონაწილეობა ამ პოლიტიკურ პროცესში, არამედ საფუძვლის შექმნა დემოკრატიული არჩევნებისთვის. ჩვენ მოვამზადეთ არა მარტო უზენაესი საბჭოს არჩევნების კანონი, აგრეთვე რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომლის მიღებაც მოხდა 1989 წელს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათი მომზადება და ამ კანონის მიღება  თავად იყო  საინტერესო კვლევითი პროცესი. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში საარჩევნო სამართალი უბრალოდ არ არსებობდა. ჩვენს ჯუფს, რომელიც რამდენიმე ფიზიკოსის და იურისტისგან შედგებოდა, მოგვიწია ამ საკითხის შესწავლა. იმის საფუძველზე, რაც ვნახეთ, რაც გავიგეთ, თუ როგორ აკეთებდნენ ამას ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნები და ჩვენი ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით მოვამზადეთ კანონპროექტი. მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, ამისი მიღება წარმოუდგენელი. ცეკას მდივანი და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო გივი გუმბარიძე. მასთან იმართებოდა არაერთი შეხვედრა. დახურულ შეხვედრებს ესწრებოდნენ ეროვნულ-განმანთავისუფლებული მოძრაობის  წარმომადგენლებიც. მას შემდეგ რაც 1990 წლის მარტში გაუქმდა დაგეგმილი  არჩევნები, იმიტომ  რომ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე მძლავრმა ფრთამ, ჩამოყალიბებულმა „მრგვალი მაგიდის“ სახელით, და არა მარტო მან, სხვებმაც, ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს შეიქმნა ისეთი ვითარება - თუ არჩევნები ჩატარდებოდა, ბოიკოტის გამო ყველაფერს მოიგებდა კომუნისტური პარტია, მაგრამ შეიძლება არჩევნები ოფიციალურად ვერც ჩატარებულიყო, რადგან მაშინ იყო წესი, რომლის მიხედვითაც, თუ ამომრჩევლეთა ნახევარზე ნაკლები მივიდოდა, არჩევნები ჩატარებულად არ ითვლებოდა. ბოიკოტის გამო ამისი ალბათობა ძალიან დიდი იყო. მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა იმას, რომ გაუქმებულიყო არჩევნები, დათანხმდა იმასაც, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულიყო ნორმა, კომუნისტური პარტიის ერთპიროვნული არსებობის შესახებ, რითაც ფაქტობრივად კონსტიტუციით დაშვებული გახდა სხვა პარტიების შექმნა. 1990 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მთელი ზაფხული მიმდინარეობდა დავა, თუ როგორი უნდა  ყოფილიყო უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები.

- მრავალპარტიული არჩევნები იყო ქვეყნის დიდი მონაპოვარი იმ პერიოდში. მას შემდეგ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა, რატომ ვერ ვახერხებთ არჩევნების მეტი წარმატებით და  მაღალი სტანდარტით ჩატარებას?

- ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული ტრადიციების არარსებობა. 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს, კანონის შეუსაბამოდ მოქმედების შემთხვევები იყო, მაგრამ - ძალიან ცოტა. რეალური შედეგი იყო ერთი, საუბნო კომისიებმა დაწერეს განსხვავებული ოქმები ან  ჩაყარეს ბიულეტენები. ჩანასახშივე იგივე ხდებოდა რაც მერე, ოღონდ ეს იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა პრეტენზია იმ არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ, ფაქტობრივად არ ყოფილა. არჩევნების შედეგები აღიარებული იყო ყველას მიერ. 1991 წლის ბოლოს, 1992 წლის დასაწყისში, როცა მოხდა სამხედრო გადატრიალება, რასაც მოჰყვა 1992 წლის შემოდგომის პარლამენტის არჩევნები (  უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სახელად ეწოდა პარლამენტი)  ამ არჩევნების დროსაც გაყალბების ხარისხი იყო ძალიან დაბალი. მე ამას ვხსნი იმით, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო იმდენად ძლიერი, რომ მთელი საქართველო მოეცვა თავისი ქსელით და ამით მოეხდინა ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. 1992 წლის არჩევნების მიმართაც არსებითი პრეტენზიები ფაქტობრივად არ ყოფილა, მაგრამ 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან უკვე გამოჩნდა არჩევნების ორგანიზებული გაყალბების ნიშნები. რაც უფრო ძლიერდება ხელისუფლება მით უფრო იზრდება გაყალბების ხარისხი, ეს პირველ რიგში ვლინდებოდა იმაში, თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება. პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს იმგვარად ფორმირდებოდა საარჩევნო კომისიები, რომ პარტიები პრაქტიკულად თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციაში, 1995 წლიდან მოყოლებული დაიწყო საარჩევნო კომისიების იმგავარად ფორმირება, რომ მმართველ პარტიას კომისიაში ჰქონდა ზოგჯერ მცირე უპირატესობა, ზოგჯერ-დიდი. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ გაყალბების შემთხვების გასაჩივრებისას კომისიები ფაქტობრივად არ აკმაყოფილებდნენ არც ერთ საჩივარს და შეიქმნა სისტემა, რომლის შედეგიც ახლაც ვიწვნიეთ. ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი გაყალბები, რომ არა ამ პროცესში  ჩართული რამდენიმე ათეული ათასი მოხელე საარჩევნო კომისიებისა, რომლებიც არა თუ თვალს ხუჭავდნენ დარღვევებზე,  თავადაც იყვნენ მათი მონაწილენი, რაც შემდგომ უფრო სისტემური გახდა და ჩემი შეფასებით, თავის პიკს მიაღწია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

იმ შედეგებს, რასაც მუდმივად ვიღებთ აქვს თავისი მიზეზები. ხელისუფლების მიზანია, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი, საზოგადოების მხრიდან მე ვიტყოდი-სამოქალაქო განათლების დაბალი დონე. ადამიანთა ნაწილი არ იპარავს იმიტომ, რომ ეშინია სასჯელის, მეორე ნაწილი არ იპარავს იმიტომ, რომ არ შეუძლია მოპარვა. ჩემი აზრით, ის ნაწილი, ვისაც არ შეუძლია მოპარვა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე- ის ვინც მოპარვისგან თავს იკავებს სასჯელის გამო. თუ ჩვენ გავაუქმებთ მოპარვის სასჯელს, ფარდობის რაოდენობები გაიზრდება. დაახლოებით ასეთი ვითარებაა როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი. იმ დროს, როდესაც მთელი ხელისუფლება:პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, კონსოლიდირებულია ერთი პარტიის ხელში და გამყალბებლებს აქვთ გარანტია, რომ ისინი გაყალბებისთვის არა თუ არ დაისჯებიან, უფრო მეტიც, სარგებელს მიიღებენ გაყალბების  სისტემაში ჩართვის  შემთხვევაში, მათ მისცემენ ფულს, სიკეთეებს, დანიშნავენ თანამდებობზე, ამიტომ ცდუნება მცირე სიკეთის მიღებისა გაჭირვებულ ქვეყანაში იმდენად დიდია პრობლემას არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის იმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის პოვნა, ვინც თანახმა იქნება ამ სიყალბის ჩადენაზე იმის სანაცვლოდ, რომ ისინი მიიღებენ სიკეთეებს. სამოქალაქო აზროვნება, რომ არ უნდა მოიპარო, არ უნდა ჩაიდინო სიყალბე, არ უნდა დაარღვიო კანონი არ არის გამჯდარი ისე ადამიანებში, რომ ამან ისინი შეაჩეროს. ჩვენ ხომ ვამბობთ რომ ქრისტიანები ვართ, ასე ამბობს საქართველოს მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები იცავენ იმ ათ მცნებას, რომელთა გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს?! ცხადია არა.

- რა შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი ამ მოცემულობის შეცვლაში?

- ეს ძალიან ჰგავს ქათმის და კვერცხის პრობლემას, რომელი იყო პირველად - ჯერ იყო ქათამი და გაჩნდა კვერცხი, თუ იყო კვერცხი და მერე გაჩნდა ქათამი. ჩვენი საშველი არის განათლებაში, საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს პასუხისმგებლობის განცდა.  აუცილებელია გააზრება იმისა, რომ ჩემზეა დამოკიდებული, თუ როგორი მმართველი მეყოლება. ამ არჩევანის გაკეთებისას, უნდა ვიყუროთ წინ და უნდა ვიყუროთ ცოტა შორს. ა რ  უნდა მიმაღებინოს გადაწყვეტილება იმან, რომ დღეს ხუთ კილო კარტოფილს მომცემენ ჩემი ხმის სანაცვლოდ ან  რაიმე სიკეთეს. იქიდან გამომდინარე, რომ 90-იანი წლებიდან ვაკვირდები ამ პროცესს, შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ზრდა გვაქვს. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენი  საზოგადოების ზრდა ახალი თაობის ხარჯზე ხდება, იმ თაობის ხარჯზე, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში დაიბადა. რასაკვირველია, დრო და არც თუ მცირე დრო დასჭირდება საზოგადოების ზრდას. მოსემ ებრაელები ატარა 40 წელი, სანამ აღთქმულ მიწამდე მივიდოდნენ. მაშინ სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელი იყო. მიზანი იყო, რომ თაობა უნდა შეცვლილიყო, აღთქმულ მიწაზე უნდა მისულიყო  არა  მონობაში დაბადებული თაობა, არამედ ახალი თაობა. ასეა ჩვენთანაც. უნდა გავიდეს დრო. ეს დრო ნაკლებია, თუ ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის, ამისთვის საჭიროა ხელისუფლება ხელს უწყობდეს და არ აფერხებდეს განვითარებას, ან ამ პროცესს დასჭირდება დიდი დრო, თუ ხელისუფლებები ხელს უშლიან საზოგადოების განვითარებას. ჩვენ თუ გვინდა, ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ამ ქვეყნის მოსახლეობის კრიტიკული მასა, უნდა იყოს შემდგარი თავისუფალი ადამიანებისგან, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება შანსი, გვქონდეს დემოკრატიული ქვეყანა.  

- თქვენ მონაწილეობდით, საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყავით ყველა საკონსტიტუციო კომისიის წევრი, თუ კი რაიმე  კომისია არსებობდა. როგორია განცდა, როდესაც მონაწილეობ  დოკუმენტის შექმნაში, რომელიც შენს ქვეყანში პოლიტიკური წესრიგს განსაზღვრავს. 

 - ეს განცდა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ერთ მაგალითს გეტყვით, 1995 წლის კონსტიტუციის მიღებისას, როდესაც მაშინდელ პარლამენტში „გაიჭედა“ კონსტიტუციის მიღება, იმიტომ რომ ედუარდ შევარდნაძემ  მხარდამჭერებთან ერთად ვერ მოახერხა 2/3  უმრავლესობის მოგროვება, იძულებული გახდა წასულიყო გარკვეულ დათმობებზე, იმისათვის რომ კონსტიტუცია მიღებულიყო. ეს მოთხოვნები, რომელთა მიღების შემთხვევაშიც, მხარს დავუჭერდით კონსტიტუციის მიღებას, ჩამოყალიბებული იყო მაშინდელი  გაერთიანებული ფრაქციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი.  შევარდნაძესთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, მან კეთილსინდისიერად  შეასრულა  წინასწარი მოლაპარაკებისას მოცემული ყველა პირობა, თუმცა  შეეძლო რაღაც არ შეესრულებინა და „გადავეგდეთ“.  როდესაც ბოლო ტექსტს კენჭი ეყარა და მიიღო უმრავლესობის 2/3 ზე მეტი ხმა, მთელი პარლამენტი ფეხზე ადგა და დაიწყეს ტაშის დაკვრა. დარბაზს რომ გადავხედე, ტაშს უკრავდა ყველა, გარდა ჩემი ფრაქციის წევრებისა. შემდგომ, როდესაც ჩვენ შორის დაისვა ეს შეკითხვა, რატომ არ დაუკრა ტაში ფრაქციის არც ერთმა წევრმა, მიზეზი აღმოჩნდა ასეთი - ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც არ არის ცუდი, მაგრამ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვეკისრება ამის მიღების გამო, იმდენად დიდი და მძიმე აღმოჩნდა, ჩვენში გაჩნდა შეკითხვა, სწორად მოვიქეცით თუ არა, ამიტომ იყო ჩვენი რეაქცია ასეთი.  როდესაც საუბარია კონსტიტუციაზე   პასუხისმგებლობის ტვირთი  ძალიან  მძიმეა. კონსტიტუცია ხომ  არ არის მხოლოდ იურდიული დოკუმენტი. 1995 წლიდან ლამის 30 წელი გავიდა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ის, რასაც მაშინ მივაღწიეთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ნორმების ჩამოყალიბების მხრივ, რომლებიც თითქმის უცვლელად მოვიდა დღევანდლამდე, ეს იყო სწორად გაკეთებული  ნაბიჯები. ამან სარგებელი მოუტანა ქვეყანას. თუ ოპოზიცია დღეს რაიმეზე დავობს, დავობს იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ ეს უფლებებია დარღეული.

J_Kasradze (614)

- თუმცა ამ 30 წელიწადში კონსტიტუციაში იმდენი ცვლილება შევიდა, ალბათ, რეკორდსმენები ვართ ამ მხრივ. ყველა მმართველი ცდილობდა  ძალაუფლებაზე მოერგო კონსტიტუცია.

- ამას ბევრი მიზეზი აქვს. 2004 წელს, როდესაც კონსტიტუციაში შევიდა ის ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, მხედველობაში  მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი, ეს  ცვლილებები იქნა მიღებული 1999 წელს არჩეული ძველი პარლამენტის მიერ, რომლის წევრთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პარლამენტში იყო არა იმის გამო, რომ  იდეების გატარება უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ უკეთესად მოეწყოთ თავისი ცხოვრება. მას შემდეგ, როდესაც  შევარდნაძე გადადგა და პრეზიდენტი  გახდა მიხეილ სააკაშვილი, ეს ხალხი გადაბარგდნენ სააკაშვილის კამპანიაში და მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებებს. 2004 წლის გაზაფხულზე გაიმართა პარლამენტის იმ ნაწილის არჩევნები, რომელიც პროპორციულად აირჩეოდა, უკვე რევოლუციურ ტალღაზე მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დაიწყო თავისი ხელისუფლების განმტკიცება. ამ სამი წლის განმავლობაში კონსტიტუციაში შევიდა  უამრავი ცვლილება, რაც მანამდე ათი წლის განმავლობაში არ იყო ერთად მიღებული. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ ოცნების ხელისუფლებამ   2012 წლიდან 2016 წლის ბოლომდე კონსტიტუციაში რამდენიმე  ცვლილება შეიტანა, რადგან  მათ არ ჰქონდათ კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ცვლილებებით შეიზღუდა კონსტიტუციით დადგენილი პრემიერ მინისტრის უფლებები, რაც გაზრდილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს.

2016 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ერთპარტიულად მიიღო დიდი უმრავლესობა პარლამენტში, რამაც მას მისცა შესაძლებლობა დაეწყო კონსტიტუციის ჭრა-კერვა. შეიძლება ითქვას, ქართული ოცნების მიერ შეტანილი ცვლილებები არ ჩამოუვარდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილ ცვლილებებს, მაგრამ ცვლილებების დიდი ნაწილი მაინც  დარჩა კონსტიტუციონალიზმის ფარგლებში. 2017 წელს მე საკონსტიტუციო კომისიაში  წინააღმდეგ  მივეცი ხმა  ცვლილებების მიღებას, რადგან  მიმაჩნდა, რომ  ყველა ცვლილება ერთობლივად არათანმიმდევრული იყო. 2019 წლიდან  მოქმედებს  ყველა ის ცვლილება, რაც იქნა მიღებული 2017 წელს. მთავარი პრობლემა, რაც ჩანს ახლა, ეს ცვლილებები კი არა, ის აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არღევს კონსტიტუციას, არ იცავს იმას, რაც წერია კონსტიტუციაში.  ეს ეხება როგორც 78 - ე მუხლს, ასევე მუხლები, რომელიც შეეხება არჩევნების თავისუფლებას, დემოკრატიას, ხელისუფლების დანაწილებას. დღეს ხელისუფლება დანაწილებულია მხოლოდ ქაღალდზე, მხოლოდ იმ ტექსტით, რაც კონსტიტუციაში წერია, ფაქტობრივი მდგომარეობით კი, ხელისუფლება არის კონსოლიდირებული და არანაირი დანაწილება დღეს არ მოქმედებს.   

- ამ ცვლილებებზე ძალიან აქტიურად მუშაობდა დღევანდელი პრემიერ მინისტრი, მასთან თანამშრომლობის რა ტიპის გამოცდილება გაქვთ?

-  ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი განსხვავებაა, ჩვენ მოგვიწია თანამშრომლობა, როდესაც  ის გახდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. იყო რამდენიმე კონტაქტი რაღაც კანონების გამო, თუმცა ჩვენ შორის აზრთა თანხვედრა არ ყოფილა. მისი გავლენა მაშინ არ იყო ისეთი, როგორიც შემდგომ წლებში, რომ გაეტანა თავისი აზრი. ერთ-ერთი ასეთი თემა  იყო თვითთმმართველობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ვიყავით მომხრე დეცენტრალიზაციის, ვცდილობდით თვითთმმართველობის ავტონომიურობის გაზრდას, თვითმმართველობის სისტემის რეფორმას ამ მიმართულებით, ის იყო მომხრე პირიქით, ცენტრალიზებული სისტემის და ცენტრალური ხელისუფლებისადმი მკაცრად დაქვემდებარებული თვითმმართველობის. 2016 წლის ბოლოს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება და პარლამენტში ხელისშემშლელი არავინ ჰყავდათ, ის ყველაფერი, რაც გავაკეთეთ თვითმმართველობის ავტონომიის გაზრდის და გაძლიერებისთვის, მთლიანად გაანადგურა.       

მე ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. კობახიძის კონსტიტუციონალიზმის ცოდნა  შემიძლია დავადასტურო, მას კარგი დონის ცოდნა აქვს, თუმცა მე მასზე, როგორც კონსტიტუციონალისტზე შეხედულება მკვეთრად  შემეცვალა მას შემდეგ, როდესაც მან დაიწყო კონსტიტუციის ნორმების არასათანადო კომენტირება, არსებითად არასწორი კომენტირება და ნორმების შინაარსის ისეთნაირად განსაზღვრა, როგორიც მას  და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხელს. მან კონსტიტუციის გარდა, დაიწყო კანონის მთელი რიგი ნორმების იმდაგვარად განმარტება, რომ მისი შეფასებით ისინი არ იყო წინააღმდეგოობაში კონსტიტუციასთან. ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა ე.წ. რუსულ კანონის განხილვის და მიღების დროს. ჩემთვის კონსტიტუციონალისტი არის არა მხოლოდ  კონსტიტუციის მცოდნე, არამედ ამ ადამიანის შინაგანი განწყობა, პრინციპები, რაც კონსტიტუციას უდევს საფუძვლად. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც მცნებები, რომელიც უდევს საფუძვლად ქრისტიანულ რელიგიას, რაც უნდა იყოს შინაგანი განწყობა და მოთხოვნილება ადამიანისა, თუ ის ჭეშმარიტი ქრისტიანია.    

-  რაც პოლიტიკაში ხართ ამ ქვეყნის ბევრ ლიდერთან გქონდათ ურთიერთობა, მათ შორის იყო ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი.  რისი გამოყოფა შეგიძლიათ მათთან დაკავშირებით?   

- მე ხშირი კავშირი მქონდა ედუარდ შევარდანაძესთან, როდესაც ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მე კი ფრაქციის თავმჯდომარე.  მასზე ერთი რამ უნდა ვთქვა, ედუარდმა  იცოდა მოსმენა. შეიძლება არ გაეთვალისწინებინა  შენი აზრი, მაგრამ  აუცილებლად მოგისმენდა და ეტყობოდა კიდეც, რომ ფიქრობდა შენს  ნათქვამზე. მას ჰქონდა თმენის დიდი უნარი, შეეძლო დროზე ადრე არ გაემხილა საკუთარი მიზანი. ერთ  მაგალითს მოვიყვან. ბაქო -ჯეიჰანის ნავთობსადენის შესახებ განცხადება გაკეთდა 1995 წლის შემოდგომაზე, თუმცა გადაწყვეტილება დიდხანს მზადდებოდა, ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცოდით. ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შეუწყო ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ცხადია, რუსეთი ყველანაირად ეცდებოდა ამ პროექტისთვის ხელის შეშლას, რაც კარგად იცოდა შევარდნაძემ. როდესაც მას პარლამენტში აბრალებდნენ რუსეთუმეობას და რუსული პოლიტიკის თამაშს, მაშინაც კი არ დაცდენია, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდა, თავი შეიკავა მანამდე, სანამ ეს საჭირო იყო.         

ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა.მანამდე მეტ-ნაკლებად გვქონდა ურთიერთობა, ერთი პერიოდი ძალიან მჭიდრო იყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ის შემოვიდა პოლიტიკაში, შემდგომ თანდათან შემცირდა ურთიერთობის ხარისხი ძირითადად ჩემ გამო, იმიტომ რომ მე აღარ მოვინდომე ურთიერთობის განვითარება. ჩვენი თანამშრომლობის ერთი წლის თავზე გავაცნობიერე და  მივედი იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილი არ იყო ის პოლიტიკოსი, რომლის მოქმედების მეთოდებიც ჩემთვის მისაღები იქნებოდა. 2003 წლის არჩევნების შემდეგ მე მასთან პირდაპირი ურთიერთობა აღარ მქონდა.

- თქვენი დაკვირვებით, ქართული პოლიტიკის განვითარებას რაიმე კანონზომიერება ახასიათებს თუ ქართული ხასიათი და ჩვენი ბუნება  განსაზღრავს?    

-ერთიც არის და მეორეც. კანონზმიერებაში მოვიაზრებ იმას, რომ ხშირად ხალხი იქცეოდა იმ ანდაზის მიხედვით, რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. ადამიანები მხოლოდ დღევანდელ სარგებელზე ფიქრობენ, არ აცნობიერებენ იმას, რომ მალე ყელზე დაადგებათ სარგებელი, რომელზეც დახარბდნენ. პრობლემაა ისევ და ისევ  სამოქალაქო ცნობიერების, თვითშეგნების და პასუხისმგებლობის დაბალი დონე, აქედან გამომდინარეობს შედეგებიც. მნიშვნელოვანი პრობლემაა სწრაფვა ლიდერისკენ, რომელსაც გადავაბარებ ჩემზე ზრუნვას. ის, რომ მე კი არ უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე, არა, ახლა კეთილი ინებოს და იმან იზრუნოს ჩემზე, ვისაც მივეცი ხმა და ხელისუფლება.  არის ჩვენი მახასიათებელი - ამწუთიერ სარგებელზე ზრუნვა და დაუფიქრებლობა იმაზე, თუ  რა მოჰყვება ჩვენს  დღევანდელ ქმედებას ხვალ.  

თამუნა ნიჟარაძე

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way