USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა – რა გეგმები აქვს კომპანიის ახალ ხელმძღვანელს?
дата:  1255

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა 8 წელია კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობს, ახლა კი, ახალი გეგმებითა და მიზნებით, ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მართვას შეუდგა.

გაყიდვების მენეჯერის, მარკეტინგის, ასევე, პროდუქტების მართვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელობის შემდეგ, მას ბოლო 2 წელი ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა.

„რვა წელზე მეტია, „თეგეტას“ გუნდის წევრი ვარ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში ვიყავი  და ვფიქრობ, ეს არის ჩემი უმნიშვნელოვანესი აქტივი – ვიცნობ ბიზნეს მოდელს, ზუსტად ვიცი რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავხდეთ უფრო უკეთესი“.

ამ წლების მანძილზე, „თეგეტაში“, ბევრი რამ ისწავლა, რასაც თანამშრომლებს უკვე ახალი პოზიციიდან გაუზიარებს, განსაკუთრებით ახალმოსულებს. ეს მხოლოდ ცოდნა კი არა, იდეებია, რომლითაც ჰოლდინგის მართვას აპირებს. მაგალითად, ის, რომ:

გზა „თეგეტაში“ არ იყო მარტივი. არა იმიტომ, რომ რაიმეს კეთება უჭირდა, ან გარემო დახვდა შეუსაბამო.

„მინდოდა, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის იმაზე უკეთესად მეკეთებინა, ვიდრე ჩემგან ელოდნენ, ან ვიდრე ვაკეთებდი გუშინ“.

აჯობო შენს თავს – ალბათ, ტრაფარეტული გამონათქვამია, თუმცა, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, სადაც დამარცხება არ შეიძლება.

ამბობს, რომ ახალ პოზიციაზე „თეგეტელებს“ მისი სახით ეყოლებათ ადამიანი, ვინც მოუსმენს, გაუგებს, დაეხმარება და გაიზიარებს მათ აზრს. იმუშავებს კორპორაციული კულტურის გაძლიერებაზე, იქნება ცვლილებებისადმი ღია და გუნდური მოთამაშე. ეცდება, მაქსიმალურად მოერგოს კლიენტების მოთხოვნებს, რაც „თეგეტასთვის“ ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო. რაც შეეხება პარტნიორებს, ამბობს, რომ მათთან გრძელვადიან და ორივე მხარისთვის წარმატებულ ურთიერთობას განაგრძობს, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.

რა სიახლეებსა და ცვლილებებს გეგმავს ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგში“, ამაზე თავად გიამბობთ. თუმცა, საუბარი იმით დავიწყოთ, რა ვითარებაა დღეს ჯგუფში:

ვახტანგ კაჭარავა: 26 წელია, ამ ბიზნესს ვმართავთ და მომხმარებელს ვემსახურებით. პრაქტიკულად, მეოთხედი საუკუნე გავიდა და ვფიქრობ, ქვეყანაში ავტომომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნა შევძელით. ამ ეტაპზე, ჰოლდინგი 25-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავუმარტივოთ ტრანსპორტის ფლობის გამოცდილება, ანუ შევთავაზოთ მათ სრული საავტომობილო ეკო-სისტემა.

რა გამოწვევებია ჰოლდინგის ახალი ხელმძღვანელის წინაშე?

სამწუხაროდ, ჯერ ისევ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ჩვენთვის #1 ამოცანა თანამშრომლების და მომხმარებლის უსაფრთხოებაა. ამიტომ, გუნდთან ერთად, შევიმუშავეთ სხვადასხვა აქტივობა ვაქცინაციის წასახალისებლად – შევეცადეთ, რომ კარგად აგვეხსნა, პირველი რიგში, ჩვენი გუნდისთვის, რამხელა საფრთხეა COVID-19 და რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რისკების, მაქსიმალურად, შესამცირებლად. საბედნიეროდ, წარმატებით იმუშავა კამპანიამ „თეგეტა მწვანე ზონა“.

უშუალოდ ბიზნესისთვის, უდიდეს გამოწვევად რჩება შექმნილი მსოფლიო კრიზისის სწორი და ეფექტური მართვა.

შევძელით, 2020 წლის გაყიდვებში 10%-მდე ზრდა გვეჩვენებინა. პანდემიის პირობებში, ვფიქრობ, ეს საამაყო შედეგია. თუმცა, ბიზნესი გლობალურად ჯერ ვერ დაეწია პანდემიამდელ დონეს და ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ კომპანია, მაქსიმალურად, ეფექტურად, ვიფიქროთ მეტ დივერსიფიცირებაზე, გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ხარისხი, რაც თავის მხრივ, კლიენტის კმაყოფილებაზე აისახება.

რა ცვლილებებს გეგმავთ ჰოლდინგში?

„თეგეტა“ არის კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება.

ასე დავიწყეთ და არც მომავალში ვაპირებთ გაჩერებას – სულ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და ინოვაციების დანერგვაზე ვართ ორიენტირებული ვიზრუნებთ, რომ „თეგეტა“ კიდევ უფრო კომფორტული და საქმიანობისთვის სასურველი ადგილი გახდეს ჩვენი თანამშრომლებისთვის.

ჩვენი ბიზნესი ჩვენი გუნდის წევრებზე დგას. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის, რასაც დღეს „თეგეტა“ წარმოადგენს და ქმნის.

ცხადია, ჩვენს გეგმებშია ზრუნვა და მომსახურების გაუმჯობესება ჩვენი მომხმარებლისთვის, – 2020 წელს დავიწყეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი სრულად ახალი მოდელით და მიდგომებით ოპერირებს – ბიზნეს პროცესი 100%-ით მომხმარებლის საჭიროებაზე და მის კმაყოფილებაზეა მიმართული.

ჩვენი მიზანია: კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება ჩვენი მომხმარებლისთვის, რეგიონული დივერსიფიცირება საავტომობილო ჰაბის კონცეფციით, ახალი მიმართულებების, მაგალითად, საავტომობილო ელექტრიფიცირების და ელექტრონული კომერციის გაძლიერება და საშუალო ვადაში კომპანიის საერთაშორისო „ლისტინგი“.

„თეგეტა“ ძალიან აქტიურია CSR პროექტებითაც. ამ კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, რა გეგმები გაქვთ?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეტიც, საზოგადოების კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებზე ზრუნვა ჩვენი ჰოლდინგის იდენტობად მიგვაჩნია. ვფიქრობ, „თეგეტა აკადემიის“ როგორც პროფესიული განათლების ჰაბის არსებობა ამის ძალიან კარგი მაგალითია. წელს ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში განსაკუთრებული აქცენტი ქალთა გაძლიერებას ეთმობა, გვეამაყება, რომ პარტნიორებთან ერთად, უპრეცედენტო პროექტებს ვახორციელებთ და მომავალშიც ვაპირებთ ამავე გზის გაგრძელებას. ზოგადად, ზრუნვა გარემოზე, საზოგადოებასა და მომხმარებელზე ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა. კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას კი ამ ხედვის ქმედებებად ქცევის საშუალებად მივიჩნევთ.

ალბათ, ამდენ სიახლესა და ცვლილებას, „თეგეტას“ ბრენდის ტრანსფორმაცია მოჰყვება . .

ჩვენი ღირებულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ცვლილებებია. ცვლილება არის ინსპირაციის წყარო, შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი.

შესაბამისად, ბრენდი აუცილებლად გაივლის ტრანსფორმაციას, როგორც ეს ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, თუმცა, იდეა რჩება უცვლელი, მაღალი ხარისხი და კლიენტის მოთხოვნებზე მაქსიმალური მორგება.

„თეგეტა“, პირველ რიგში, ყველასათვის საავტომობილო სერვისის მიმართულებით არის ცნობილი. აქ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრაცია ყოველდღიურობაში, მაგალითად, რიგების მართვის „სმარტ“ გადაწყვეტილებები, დისტანციური სერვისები, თანამედროვე მანქანა – დანადგარები, რაც  სერვისის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.

წყარო: https://www.marketer.ge/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати