შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე.
ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა. მინისტრის განმარტებით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.
„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინალური პოლიციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე.
„2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც. ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა საქართველოს ყველა ტერიტორიულ ორგანოში. რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახება გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტურობაზე.
ამავე რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, მართლწესრიგის ინსტიტუტი რუსთავსა და ბათუმში 2023 წელს ამოქმედდა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ისაუბრა ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ. აგრეთვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით.
ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის საერთაშორისო ვიზიტებზე.
„საქართველოს ისტორიაში პირველად, გერმანიის და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, ასევე, გვქონდა ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და უნგრეთში შინაგან საქმეთა მინისტრებთან“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა, ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი შვეულმფრენის გადმოცემაზე.
მისი თქმით, ,,Airbus Helicopters“-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და სამინისტროს უკვე გადმოეცა პირველი ბორტი, ხოლო, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 4 სწრაფმავალი კატარღა, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, 3 მილიონ ხუთასიათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და 4 მილიონლარამდე ღირებულების სახანძრო ტექნიკური ცეცხლგამძლე სამოსი.
ვახტანგ გომელაურმა, მოხსენებაში სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2023 წელი პოლიციელების სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა.
„შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.
ვახტანგ გომელაურმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ფართოვდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი.
ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საზღვრის დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ - საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, მესაზღვრეების გადამზადების, საველე სწავლებების გაუმჯობესების, სექტორების აღჭურვის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებითაც.
ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ისაუბრა უწყების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე და აღნიშნა, რომ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დანაშაულის პრევენციას, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას, საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და რეფორმების განხორციელებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო.