USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ვახტანგ გომელაური - წელს დანაშაული შემცირდა 10 %-ით, გარკვეულ დანაშაულებზე გვაქვს მატება, კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ - 8,5%-ით, მკვლელობამ - 11%-ით
Date:  809

გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა.

"2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 ე.წ. კანონიერი ქურდი; ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაწერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულ იქნა 49 პირი, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი. საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი; დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“; 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ალბათ, ყველას გახსოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული, გახმაურებული სპეცოპერაცია ბათუმში, როცა ჩვენმა სამსახურებმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ამოიღეს 40 კგ „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება „შავ ბაზარზე“ 2-მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს იყო წარმატებული ოპერაცია საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით, მკვლელობამ 11-%-ით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია.

იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%; გამოძალვა -34%; ძარცვა -25%; ქურდობა -12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%, მკვლელობის მცდელობა -5%. თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა გომელაურმა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way