USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Tbilisi
ვახტანგ ბოჭორიშვილი- გენიალური ექიმისა და ღირსეული მამულიშვილის ისტორია
Date:  7210

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომლის კოლექტივიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგას აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკა.

ბატონი ვახტანგი გახლდათ პიროვნება, რომელმაც საზოგადოებრივ და პროფესიონალურ ცხოვრებაზე ღრმა კვალი დატოვა, იგი გამორჩეული იყო პიროვნული ტალანტით, ნათელი აზროვნებით, კეთილგონიერებით, ადამიანური თვისებებით, საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით.

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924 წლის 25 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. მამა რაჭველი ჰყავდა, დედა – იმერელი. “რვა თვისა ვყოფილვარ, როცა ველისციხეში გადავსულვართ საცხოვრებლად და ეკლესიაშიც მაშინ გამატარეს”, – წერდა თავის მემუარებში.

შესაძლოა, არც ისე ბევრმა იცის, რომ ამ ბრწყინვალე სამედიცინო კარიერამდე ვახტანგ ბოჭორიშვილს  თეატრალური განათლება და ამ სფეროში მუშაობის შესანიშნავი გამოცდილებაც ჰქონდა. ის თბილისის  თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა და ყმაწვილობისას სხვადასხვა თეატრში რეჟისორის ასისტენტადაც მუშაობადა.

დიახ, ვახტანგ ბოჭორიშვილი სკოლის დამთავრებისთანავე, 1940 წელს, წარჩინების დიპლომით, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ჯგუფში, რომელსაც გამოჩენილი რეჟისორი, ბატონი შოთა ახსაბაძე ედგა სათავეში. მეტად გაუსაძლისი და მშფოთვარე ყოფილა მისთვის სტუდენტობის წლები. ყმაწვილ ბოჭორიშვილს ფრიადოსნის სტიპენდიაც კი ყოფით პრობლემებს ვერ უგვარებდა, რის გამოც ახალგაზრდა ვახტაგ ბოჭორიშვილი იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა სწავლა და თელავში დაბრუნებულიყო, სადაც თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და მსახიობად დაიწყო მუშაობა.

ვახტანგ ბოჭორიშვილი ახალგაზრდულ წლებში პოეზიითაც ყოფილა გატაცებული და ლექსებს თავადაც წერდა. მოგვიანებით კი, უკვე კარგად გვახსოვს პარლამენტის სხდომაზე მის მიერ წარმოთქმული ლექსის სტრიქონები: „განთიადია, ვგრძნობ ამ გულით, ვიცი ამ ტვინით, ადამიანო, განთიადია!“

გავა რამდენიმე წელიც და ვახტანგ ბოჭორიშვილი ექიმობას გადაწყვეტს. “ბოროდინი კომპოზიტორი იყო და დიდებული ქიმიკოსი, ჩეხოვი ექიმი იყო და, ამასთან, დიდებული მწერალი, მსგავსი მაგალითი უამრავია”, – ასე ხსნის თავის გადაწყვეტილებას და სასწავლებლად ხარკოვში მიემგზავრება.

ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის სამხედრო ექიმად მუშაობდა, შემდეგ მოღვაწეობა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე განაგრძო.

ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში 38 წლისამ ჩააბარო, თანაც ისე, რომ რუსული ენა კარგად არ იცოდე – ეს მხოლოდ ვახტანგ ბოჭორიშვილის მსგავს განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ”, – იხსენებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგეს, პროფესორ ელზა ვაშაკიძე, – “თავისი უსაზღვრო ნიჭიერების წყალობით ენა სწრაფად და ისე კარგად ისწავლა, თავად რუსებსაც უსწორებდა თურმე გრამატიკულ შეცდომებს და ინსტიტუტის დამთავრებიდან სულ რაღაც ათი წლის შემდეგ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აღიარებული მეცნიერი და ექიმი გახდა”.

1969 წლიდან ვახტანგ ბოჭორიშვილი თბილისში გადმოვიდა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას  ჩაუდგა სათავეში. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს,  ვახტანგ ბოჭორიშვილმა ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი, რამაც ფაქტობრივად, რევოლუციური შედეგი მოიტანა. მან პირველმა შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც  სიკვდილიანობის შემცირება უზრუნველყო.

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1970–1973 წლებში  საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრიც იყო.   მის სახელს უკავშირდება ე.წ. სეფსის  საწინააღმდეგო  რესპუბლიკური ცენტრის შექმნა, რომლის ბაზაზე ჩამოყალიბებული კლინიკა   დღესდღეობითაც ვახტანგ ბოჭორიშვილის  სახელს ატარებს.  შეიძლება ითქვას, მისი ძალისხმევით ( პროფესიონალ გუნდთან ერთად) მოხერხდა ის, რომ  საქართველოში  სეფსისის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65 % იდან  5- % მდე  შემცირდა!

ბატონი ვახტანგი პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და თუ რატომ გადაწყვიტა მან  პოლიტიკაში, ამის შესახებ ის ასე წერდაა: „პოლიტიკაში ჩემი ნამუსის გამო აღმოვჩნდი… ერთი ჟურნალი მომიტანეს, მასში არის წერილი: „კაცი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა ვახტანგ ბოჭრიშვილი“. ის კაცი  2 -3 წლის წინ დავმარხეთ და იყო დიდებული პატრიოტი, ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი და აქტიური წევრი იატაკქვეშა  ორგანიზაციისა – 1942-43 წლებში, სოლომონ ( ცუგრი) თევზაძე… „1942 -ში  7 კაცი დაიჭირეს და შვიდივე დახვრიტეს (ამ ორგანიზაციის წევრები),  ცუგრიმ მაშინ გაგვაფრთხილა: ბიჭებო, ჩვენი საქმე აღარ გამოვა, ამიტომ თქვენ ახალგაზრდები სასწავლებლად წადით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლასო. მერე, 1943 -ში, როცა უკვე საქართველოდან წასული ვიყავი, გავიგე რომ ორგანიზაცია ვიღაცამ გასცა, რომელსაც  ერთ-ერთ შეკრებაზე თავს დაესხნენ. ცუგრი ფანჯრიდან გადამხტარა და გაქცევისას ფეხში დაუჭრიათ.  ჯერ დახვრეტას უსჯიდნენ, მაგრამ მისის სასამართლო პროცესი 1944 წელს  გადავიდა,მაშინ კი უკვე ნაკლებად ხვრეტდნენ, ოღონდ ერთ პირობას უყენედნენ, – თუ გინდათ დახვრეტა გადასახლებით შეგიცვალოთ, მაშინ გვითხარით, გარეთ ვინ დაგრჩათო. ერთ-ერთი „ვინ“ მე ვიყავი. ცუგრი ძალიან ბევრი უწამებიათ, დაც კი მიუყვანიათ მასთან, მაგრამ ცუგრის ის გამოუგდია. ვერაფერი ვერ ათქმევინეს და ბოლოს  14 წლით გადაასახლეს.  ის სიცოცხლის ბოლომდე ანტისაბჭოთა ელემენტად დარჩა. ბოლოს კი  თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა : ის მაინც მოვახერხე, რომ   ქვეყანას 3 აკადემიკოსი გადავურჩინეო, ნიკო ჭავჭავაძე, სიმონ ხეჩინაშვილი და   ვახტანგ ბოჭორიშვილიო.

Iverieli: ვახტანგ ბოჭორიშვილი და ზურაბ ...

1989 წელს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ამირჩიეს. იმ წელს არადა, იქ ,  1990 წელს წავედი. ერთხელაც ჩემს მასპინძელთან ერთად ვუყურებ ტელევიზორს და უცბად ვხედავ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც აქეთ-იქეთ  ორი ახალგაზრდა უდგას და ულოცავენ  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას! იქ რაღა გამაჩერებდა! სუყველაფერი მივატოვე და გამოვიქეცი. ჩამოვედი, მაგრამ  სულაც არ მივსულვარ ზვიადთან,  არც ვაპირებდი. უბრალოდ, მიხაროდა მანამ,  სანამ კიტოვანმა  (ამ უტვინომ) გადაწყვიტა  ომი და გაიყვანა რკონში თავისი მოტყუებული გვარდიელები. აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი იყო მთავრობის სახლის წინ მიტინგებზე, სადაც ბატონი ზვიადი  ხშირად გამოდიოდა“- წერს თავის მოგონებებში ვახტანგ ბოჭორიშვილი.

ის  78   წლის ასაკში გარდაიცვალა, 11 სექტემბერს, პარლამენტმა იმ დღეს მუშაობა შეწყვიტა, იმ ადგილზე კი, სადაც ვახტანგ ბოჭორიშვილი იჯდა, ყვავილების თაიგული გაჩნდა.

ბედნიერებაა, როცა ერს ჰყავს ისეთი ადამიანები, როგორიც ვახტანგ ბოჭორიშვილი იყო, კაცი, ვისაც ქედს მოწინააღმდეგეც კი უხრიდა და პატივს სცემდა, ვინც   თავისი ცხოვრებით  ნათელი კვალი დატოვა.

ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ფაქტობრივად, სამი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა – იყო შესანიშნავი რეჟისორი, გენიალური ექიმი და ბოლოს პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალა. ბატონი ვახტანგი სავსებით სამართლიანად იკავებს საპატიო ადგილს მეოცე საუკუნის გამორჩეულ ქართველთა შორის.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way