გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, შეთანხმება მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მიღწეულია თბილისის ექვს ოლქზე, ხოლო ორ ოლქზე კონსულტაციები გრძელდება.
კანდიდატების ოფიციალურად წარდგენამდე, ოპოზიციის ლიდერები ადასტურებენ, რომ ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. რაც შეეხება ორ ოლქში წარსადგენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, გლდანში კენჭს ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იყრის.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მგონია, რომ სწორედ ამ გზით ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების ბევრი მცდელობის, ბევრი განსხვავების, ბევრი პრობლემის მიუხედავად, შეძლო საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება და ეს საერთო სტრატეგია არის სწორედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მე მგონია, რომ სწორედ ამ გზით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება". რა თქმა უნდა, წინ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, „ქართული ოცნებისგან" არაფერია გამორიცხული, მათ არ შეასრულეს 8 მარტის შეთანხმება, ეს ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისში არის ორი ოლქი, სადაც ოპოზიცია საერთო კანდიდატს არ ასახელებს.
"ეს ორი ოლქიც იმიტომაა დატოვებული, რომ ამ ორი ოლქის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც პირველ ტურში დაამთავრებს არჩევნებს, ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ, უნდა იყოს შერჩეული. შეიძლება იყოს ასევე ოლქები თბილისის გარეთ, სადაც სჯობს, რომ ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი იყოს, სულ არის ტაქტიკური გონივრული საკითხები," - განაცხადა ბოკერიამ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/