USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
უსინათლოთა ქონების მოურავი
თარიღი:  616

ანუ როგორ სხვისდება უსინათლოთა ქონება დაკეტილ კარს მიღმა?

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

ესმას ავლაბრის მეტროსთან იმისთვის შევხვდი, რომ უსინათლოთა კავშირში დაგეგმილ სხდომაზე მიმეყვანა. დაზიანებულ ტროტუარებზე სიარულისას მუდმივად ვკარნახობდი, სად იყო ჩაღრმავება, სად ამობურცული, სად უნდა ყოფილიყო ყურადღებით ან კიდევ უფრო მეტი ყურადღებით. ვცდილობდი, მეპოვა ტროტუარზე მდგარი მანქანებისთვის გვერდის ასაქცევი გზა ისე, რომ ესმას მანქანების სავალ ნაწილზე ჩასვლა არ დასჭირვებოდა.

გრაფიკა

გზის ამ მონაკვეთის გავლას, რომელიც 1.5 კმ-ა, ესმასთან ერთად 25 წუთი მოვანდომე. ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ კი მივადექით შენობას, რომელიც უსინათლოთათვის, წესით, ყველაზე ადაპტირებული და მოსახერხებელი უნდა იყოს.

“საქართველოს უსინათლოთა კავშირი” – აწერია კედელს ჟანგიანი, მოშლილი ჭიშკრის გვერდით. საბჭოთა დროს აშენებული, გადახუნებული შენობა ზუსტად გამოსახავს იმას, რაზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ.

ეზოდან უსინათლოთა კავშირის მთავარ ოფისში რომ მოხვდეთ, ოცზე მეტი, ძველი, სრიალა, ქვის საფეხურისგან ნაგები ვიწრო კიბე უნდა აიაროთ. აქ ორი უსინათლო ერთმანეთს გვერდს ფიზიკურად ვერ აუვლის. ორსართულიან შენობას ხის დაზიანებული ფანჯრები და ჩამოშლილი ფასადი აქვს. გახუნებულ კედლებიანი შენობის შიდა სივრცეები იმათ საჭიროებებზეც კი არაა მორგებული, ვის ინტერსსაც უნდა იცავდეს.

უსინათლოთა კავშირის სათაო ოფისში ასასვლელი კიბე

შიდა კარები მინიშნებებისა და ბრაილის შრიფტის წარწერების გარეშეა. უსინათლომ რომ სასურველ კაბინეტს მიაგნოს, კარები ხელით უნდა ითვალოს და ზუსტად იცოდეს, მარჯვნიდან მესამე კარში უნდა შევიდეს თუ მეხუთეში. ყველაზე მოთხოვნადი აქ თავმჯდომარის კაბინეტია, რომელშიც გამგეობის სხდომები ტარდება. თავმჯდომარის კაბინეტს ორი ტყავის კარი აქვს, რომელშიც არც ხმა აღწევს და არც მომლოდინეთა ლანდი.

სწორედ აქ, ორმაგი, ხმაგაუმტარი კარის მიღმა ტარდება გამგეობის სხდომები, რომელზეც ხმათა უმრავლესობით წყდება კავშირის წევრებისთვის აქტუალური საკითხები. პროცესი ისეთივე გაუმჭვირვალეა, როგორც კარი, რომელიც თავმჯდომარის კაბინეტს იცავს. 

კავშირის შენობაში 31 მარტს, 12 საათზე მივედით. აქ ესმა გამგეობის სხდომას უნდა დასწრებოდა. თავმჯდომარის კაბინეტის მოსაცდელში ელოდა, დაუშვებდნენ თუ არა შეხვედრაზე, რომელზეც დასწრების კანონიერი უფლება ჰქონდა. ამ ლოდინისას ადმინისტრაციის წევრები ესმას კითხვებს ან აგდებულად პასუხობდნენ, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებდნენ.

ესმა გუმბერიძე 28 წლისაა და დაბადებიდან უსინათლოა. კავშირის წევრი რომ გახდა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მოგვიანებით კავშირის საქმიანობით უფრო მეტად დაინტერესდა და გამგეობის სხდომებზე სიარულსაც მოუხშირა. სჯეროდა, რომ საქართველოში მცხოვრები უსინათლოებისთვის სასარგებლო საქმეს ასე უკეთ გააკეთებდა.

ორსაათიანი ლოდინის მიუხედავად, ის სხდომას არ დაასწრეს. მოქმედმა თავმჯდომარემ, სოფო ხუციშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ არ ჰქონდა ვალდებულება აეხსნა, რატომ არ უშვებდა და წასულიყო და სასამართლოში ეჩივლა, თუ ფიქრობდა, რომ უფლებები დაერღვა.

ესმას თქმით, ეს ყველაფერი 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო, როცა მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კავშირის მოშიმშილე წევრებს, რომლებიც ორგანიზაციის მართვის პრობლემებს აპროტესტებდნენ. ამ პერიოდში ესმამ კავშირში არსებულ მდგომარეობაზე ღიად დაიწყო ფეისბუქზე წერაც.

თავმჯდომარის კაბინეტის ორმაგი კარი

“მანამდე უპრობლემოდ ვესწრებოდი სხდომებს, მაგრამ 2021 წლის ზაფხულის მერე მესამედ გამაბრუნეს კიბიდან, ახსნის გარეშე. არ უნდათ და არ მიშვებენ. პოლიცია რომ გამოვიძახე, ყოფილმა თავმჯდომარემ, რევაზ მაისურაძემ მითხრა, იმიტომ არ დაგასწარით, რომ ყველაფერს ფეისბუქზე წერო,” – გვიყვება ესმა.

რას წერდა ესმა ფეისბუქზე ასეთს?! ღიად აკრიტიკებდა უსინათლოთა კავშირის მენეჯმენტს და იმას, თუ როგორ განკარგავდნენ ისინი საერთო ქონებას. 

ქონება კი კავშირსა და მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს მილიონობით ლარის ღირებულების აქვს. 90-ანი წლებიდან მოყოლებული ათასობით ჰექტარი მიწა და მათზე განთავსებული ნაგებობა დაირეგისტრირეს და სახელმწიფოსგან ქონების გადაცემის პროცესი ახლაც გრძელდება. მაგალითად, 2022 წელს მთავრობის განკარგულებით უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცათ 4,900 კვ.მ მიწა სენაკში.

ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რატომ და რამდენ ქონებას გადასცემს სახელმწიფო ამ ორგანიზაციას. ეს მონაცემები ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ, თუმცა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

2023 წლის მდგომარეობით, კავშირი 52 სხვადასხვა კომპანიისა თუ ა(ა)იპის მეწილე ან დამფუძნებელია. ეს კომპანიები უძრავ ქონებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობენ. თუ კავშირის 2018-2020 წლის ბიუჯეტის დოკუმენტებს ვენდობით, ამ სამი წლის განმავლობაში კავშირს ამ კომპანიებმა 794,000 ლარის ფინანსური სარგებელი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ კავშირს ქონება აქვს, ეს ქონება მის უსინათლო წევრებს თანაბრად არ ხმარდება. წლებია, ამ აქტივებს რევაზ მაისურაძე და მისი გარემოცვა პირადი სარგებლის მისაღებად იყენებს. ის ორგანიზაციაში დაფუძნების დღიდან, ანუ 1998 წლიდან მუშაობს. ჯერ ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. 2001 წლიდან სამჯერ გახდა კავშირის თავმჯდომარე, ახლა კი თავმჯდომარის მრჩეველია.

უსინათლოთა კავშირის ოფისი
უსინათლოთა კავშირის სათაო ოფისი თბილისში

როგორც კავშირის წევრმა, ზურაბ გურჩიანმა გვითხრა “რევაზ მაისურაძე უფრო საშიშია, როდესაც თავმჯდომარე არ არის. როცა თავმჯდომარეა, მაშინ თავს იკავებს.”

ყველა ადამიანი, რომელსაც მასალის მზადებისას ვესაუბრეთ, ერთხმად გვიდასტურებს, რომ სინამდვილეში გადაწყვეტილებებს, ფორმალური თავმჯდომარის ნაცვლად, ახლაც მაისურაძე იღებს.

რევაზ მაისურაძეს თანხების გაფლანგვასა და ორგანიზაციისთვის არამომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში კავშირის წევრთა ნაწილი ჯერ კიდევ 2007 წელს ღიად ადანაშაულებდა. მაშინაც აცხადებდნენ, რომ უკანონოდ იყიდებოდა კავშირის უძრავი ქონება, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გაფანტული.

კავშირის ქონების გასხვისების პარალელურად, 2016 წლიდან იზრდებოდა მაისურაძის ოჯახის პირადი ქონება. ახლა მისი და მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული 14 ბინა თბილისში, სასტუმროს ერთი ნომერი და ერთი ბინა ბაკურიანში, ერთი ბინა ბათუმში, კომერციული ფართი თბილისში, კერძო სახლი თხინვალასა და მიწის ნაკვეთი ადიგენში.

მაისურაძემ ბოლო ქონება 2023 წლის თებერვალში, 52,000 დოლარად ბაკურიანში შეიძინა. 2017-2018 წლებში ჯამში 66 ათას დოლარად იყიდა ორი ბინა თბილისში. სოფელ თხინვალაში კი 42,336 ლარად შეიძინა მიწა, სადაც კერძო სახლი აქვს აშენებული.

თითოეულ ქონებაზე დეტალებს ინტერაქციული რუკიდან შეიტყობთ.

მაისურაძის ხელფასი, რომელსაც კავშირის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას იღებდა, 950 ლარი იყო. ახლა კი, თავმჯდომარის მრჩეველია და მისი ანაზღაურება 930 ლარია.

მაისურაძე თავადაც უსინათლოა, თუმცა, ის პრივილეგიებით სარგებლობს. ესმასავით ქუჩებში მოძრაობისას ათასი დაბრკოლების გადალახვა არ უწევს. გამგეობის სხდომებსა თუ სამსახურში მაისურაძე პირად მძღოლს დაჰყავს, საშუალოდ, 13,000 აშშ დოლარის ღირებულების ტოიოტას მარკის მანქანით.

როგორ დააგროვა უსინათლოთა კავშირმა ქონება?

უსინათლოთა კავშირი 1926 წელს შეიქმნა. საბჭოთა დროს გაერთიანება სახელმწიფო ქონებით კი სარგებლობდა, მაგრამ მის საკუთრებაში რეგისტრირებული არაფერი იყო. 1998 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებასთან ერთად, კავშირი ხელახლა დარეგისტრირდა და გახდა ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირი, იგივე “სუ კავშირი.”

ახალი რეგისტრაციის შემდეგ კავშირი მის სარგებლობაში არსებული ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას შეუდგა. როგორც წევრები გვეუბნებიან, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე. ზუსტ ღირებულებას კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ფრიდონ ლობჟანიძეც კი ვერ გვისახელებს. ვერც ჩვენ დავთვალეთ, თუ რა მასშტაბის იყო და არის კავშირის ქონება, რადგან 1998 წლის შემდეგ რეგისტრირებული ავლა-დიდების ნაწილი უკვე გასხვისებულია.

უსინათლოთა ორგანიზაცია ფლობდა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ბინებს, სასტუმროებს, გასართობ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დასასვენებელ სახლებსა და სამშენებლო ბიზნესსაც კი. მაგალითისთვის, ე.წ. სამთო ქიმიის შენობაც (დიდუბეში) სწორედ კავშირის სამშენებლო ბიზნესის აშენებულია.

ამ ქონების გასხვისებისა და გაქირავებისგან მიღებული შემოსავლით, წესით, კავშირი უსინათლოების პრობლემების გადაჭრაზე უნდა ზრუნავდეს: უნდა შექმნილიყო უკეთესი სოციალური დახმარების პროგრამები და პროექტები, შეესწავლათ ბრაილის შრიფტი, ჰქონოდათ ხელმისაწვდომი განათლება და აემაღლებინათ სამუშაო კვალიფიკაცია. კავშირს უსინათლოებისთვის უნდა შეეთავაზებინა უფასო იურიდიული დახმარება, ეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე და დაესაქმებინა კიდეც.

ჟურნალისტური კვლევისას, რომელსაც რვა თვე ვატარებდით, ვესაუბრეთ 14 უსინათლოს, კავშირის წევრებს და ყოფილ თავმჯდომარეებს. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ უსინათლოები კავშირის იმ სიკეთეებით ვერ სარგებლობენ, რისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. სამაგიეროდ, რევაზ მაისურაძე და მისი გარემოცვა იღებს ყველაფერს, რაც სურთ.

უსინათლოთა კავშირის ოფისის ინტერიერი
უსინათლოთა კავშირის სათაო ოფისი თბილისში

მის წინააღმდეგ უსინათლოების პროტესტი დროდადრო მეორდებოდა. მაგალითად, 2007 წელს 21-ე საანგარიშო ყრილობის დასრულების შემდეგ, კავშირის ოთხმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა. ერთ-ერთი მოშიმშილე მაშინ გიორგი მარჯანიძე იყო. ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობდა: „ჩვენი მოთხოვნაა: შეწყდეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქონების ძარცვა, ჩალის ფასად განიავება და თავმჯდომარის უპირობო გადადგომა – მას არ აქვს მორალური უფლება, იყოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე.”

მოშიმშილეთა მოთხოვნები მაშინ არ შესრულდა. არც თავმჯდომარე გადამდგარა და არც ქონების გასხვისების პროცესი გამოუძიებია ვინმეს. ამ წლების განმავლობაში საგამოძიებო უწყებებში “სუ კავშირის” წინააღმდეგ ათობით განცხადება დაგროვდა, ძირითადად, მომჩივნები ქონების გასხვისებისა და შემოსავლების გამჭვირვალობის გამოძიებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მომჩივანთაგანი გიორგი ენუქიძეც იყო. 2014 წელს ის ჯერ კავშირის წევრი გახდა, 2021 წელს კი თავმჯდომარის მოადგილე. მან კავშირის ფინანსური საქმიანობის გამოძიების თხოვნით პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას არაერთხელ მიმართა.

ჩვენ შევისწავლეთ სამი შემთხვევა, რომელშიც ნათლად იკვეთება პირადი ინტერესები, რომლითაც კავშირის მმართველი რგოლი ორგანიზაციის ქონების გასხვისებისას ხელმძღვანელობდა. ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი მოგიყვებით იმაზე, თუ რა გვიამბეს უსინათლოებმა კავშირის სარგებლიანობაზე.

როგორ ემსახურება უსინათლოთა ორგანიზაცია საკუთარ წევრებს?

იმისთვის, რომ ადამიანი კავშირის წევრი გახდეს, პირველი და მე-2 ჯგუფის უსინათლო უნდა იყოს. ზეპირი წყაროებით, საქართველოში, დაახლოებით, 15,000-მდე  უსინათლო პირია. მათი ზუსტი რაოდენობა აღრიცხული არ არის. კავშირს ამჟამად 3,000-მდე წევრი ჰყავს. ისინი ყოველწლიურად საწევროს იხდიან, 1-3 ლარს.

უსინათლოთა კავშირის ყოველწლიური შემოსავალიც და ხარჯიც ერთი მილიონი ლარის ფარგლებშია.

ორგანიზაციის ბიუჯეტს რომ დარღვევები აქვს და ფული გამჭვირვალედ არ იხარჯება, ისიც მოწმობს, რომ მათმა ბუღალტერმა 2017-2019 წლებში კავშირის ბიუჯეტიდან 74 ათასი ლარი მიითვისა. “აი, ფაქტს” ორი სხვადასხვა წყარო უყვება, რომ ბუღალტერი ამ თანხას აზარტულ თამაშებში ხარჯავდა. თანხა რომ მიითვისეს, დასტურდება იმ ბიუჯეტის დოკუმენტებითაც, რომელიც კავშირმა მის წევრს, ესმა გუმბერიძეს მისცა და პროკურატურის წერილითაც, რომელშიც კავშირი დაზარალებულ მხარედ აღიარეს. ბუღალტერი დაკავებული იყო, ბრალიც აღიარა და შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

ეს კავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ უსინათლო წევრებისთვის საქართველოში ცხოვრება უფრო მარტივი გახადოს. ის უნდა იყოს შუამავალი უსინათლოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის; ეხმარებოდეს კავშირის წევრებს განვითარებაში, განათლების მიღებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაში; ზრუნავდეს მათ ჯანმრთელობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

 

ესმა გუმბერიძე
ესმა გუმბერიძე

ამ ჩამონათვალში არსებული ვალდებულებების ნაწილს უსინათლოთა ორგანიზაცია ნამდვილად ასრულებს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ეფექტიანად. თუ მათ ახლანდელ თავმჯდომარეს, სოფო ხუციშვილს დავუჯერებთ, კავშირმა მხოლოდ ერთი ადამიანის დასაქმება შეძლო. ეს მან “რადიო იმედის” ეთერში 2022 წლის ნოემბერში თქვა.

კავშირი გასცემს ფინანსურ დახმარებასაც, 22-25 ლარს წევრზე, წელიწადში ერთხელ. ყოველთვიურად, ეხმარებიან სოციალურად დაუცველ უსინათლოებს. ხოლო ვეტერან წევრებს, რომლებიც კავშირში 50 წელზე მეტხანს არიან, 37 ლარამდე ურიცხავენ თვეში. უსინათლოთა კავშირი სტიპენდიას უხდის უსინათლო სტუდენტებს და წევრებზე გასცემს 5,000 ლარამდე ბიზნეს სესხს.

ორგანიზაციის უსინათლო ბენეფიციარებთან საუბრით გამოირკვა, რომ მათთვის ეს დახმარებები მიზერულია და რეალურ საჭიროებებს ვერ უკმაყოფილებთ. წევრები კავშირის შიგნით არსებულ დაძაბულ გარემოზეც გვიყვებიან. ხელმძღვანელობა დიქტატორულ მართვის სტილს ირჩევს, კრიტიკულ აზრს არ ისმენს და მასთან წინააღმდეგობაში მყოფ წევრებს სხვადასხვა მოტივით ემუქრება.

“კავშირში ცივილიზაცია არ არსებობს. რაღაცები კეთდება, მაგრამ უხარისხოდ და კომუნისტური გადმონაშთის რეჟიმში… ხმა არ უნდა ამოიღოს არავინ ზედმეტად, არ შეიძლება, უნდა დაემორჩილონ აუცილებლად ხელმძღვანელობას და რასაც იტყვიან, ის შესრულდეს, ვგულისხმობ მაისურაძეს და ვიღაც სოფოს,” – გვიყვება 31 წლის მცირედმხედველი თიკო ბეკოშვილი. მან მხედველობა 2017 წელს დაკარგა, მაგრამ კავშირის წევრი არ არის და არც აპირებს, რომ გახდეს.

თიკოს ნაამბობიდან ვიგებთ, რომ უსინათლოთა კავშირი მათ პრობლემებს სახელმწიფოს ვერ აწვდის, შუამავალი რგოლის ფუნქციას ვერ ითავსებს და არც იმაზეა ორიენტირებული, უსინათლო პირები ძლიერები და დამოუკიდებლები გახადოს. კავშირის მხარდაჭერა უსინათლოებისთვის სადღესასწაულო ნობათის გაგზავნით შემოიფარგლება ხოლმე.

“ჩვენ საკვები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება განვითარება. უნდა მოგვაწოდონ სერვისები, რომ არ დაგვჭირდეს სხვისი მოწოდებული ზეთი, ჩვენ თვითონ უნდა გამოვიმუშავოთ,” – ამბობს თიკო. მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია და ამაში ახლობლები ეხმარებიან. გამცილებლის სერვისი უსინათლოთა კავშირს არ აქვს.

თბილისში მცხოვრები უსინათლოებისთვის გამცილებლის სერვისი აქვს მხოლოდ მერიას.  თუმცა, ამ მომსახურებაზე დიდი რიგი დგას, რადგან მხოლოდ 4 ადამიანია დასაქმებული გამცილებლის პოზიციაზე. “ვცადე, დავტესტე… მინდოდა ვთქვათ ექიმთან წასვლა. მითხრეს, რომ ერთი თვე მაინც მომიწევდა ლოდინი, რიგში მე-14 ადგილზე ვიყავი. უნდა ველოდო, გამცილებელი როცა მოიცლის, მაშინ გავხდე ავად,” – იხსენებს თიკო ამ ამბავს.

დაახლოებით იმავეს გვიყვება კავშირის წევრი, დაბადებიდან უსინათლო, 31 წლის სტანისლავ ციბუსკი. ის თბილისში, თემქაზე, თარჯიმნად მუშაობს და სამსახურში ისნიდან დადის. სიძვირის გამო ყოველდღიურად ტაქსს ვერ იყენებს, ფეხით გადასაადგილებლად კი გამცილებელი სჭირდება. მისი თქმით, წინასწარ, ორი კვირით ადრე მაინც უნდა შეუთანხმონ გამცილებელს თავიანთი გადაადგილების საჭიროება.

უსინათლოები ამ პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან, ჩვენ ღიად გვესაუბრნენ. თუმცა, მათი გასაჭირის შესახებ ხმები თვამჯდომარის ორმაგ კარში რთულად ან საერთოდ ვერ აღწევს.

„ინფორმაცია მოპოვებულია „აი, ფაქტის“ მიერ და თავდაპირველად გამოქვეყნდა https://ifact.ge-ზე.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის